"ძალიან თბილი და დადებითი მოგონებები მაკავშირებს საქართველოსთან" - კვირის პალიტრა

"ძალიან თბილი და დადებითი მოგონებები მაკავშირებს საქართველოსთან"

27 წლის მაია გუჩმაზოვა საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების ღირსებას 2016 წლიდან იცავს. დაშნით მოფარიკავე სპორტსმენი კარიერის დასაწყისიდანვე შეჯიბრებებში რუსეთის სახელით გამოდიოდა.

როგორც Sportall.ge-სთან საუბარში გუჩმაზოვამ აღნიშნა, შემოთავაზება საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან მიიღო და ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობას გარკვეული დროისა და ფიქრის შემდეგ დასთანხმდა.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის მანძილზე გუჩმაზოვამ არაერთხელ ისახელა თავი, როგორც აღმოჩნდა, წარსულის მიღწევებზე საუბარი არ უყვარს.

თუ როდის და როგორ დაუკავშირა მაიამ ცხოვრება ფარიკაობას და სამომავლოდ რა გეგმები აქვს, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე

- 1991 წლის ოქტომბერს ვლადიკავკაზში დავიბადე. დედ-მამასთან ერთად ახლაც ვლადიკავკაზში ვცხოვრობ. ჩემი მშობლები ემიგრანტები გახდნენ და ამიტომ მოუწიათ საქართველოდან გადასვლა საცხოვრებლად ჩრდილოეთ ოსეთში. ბავშვობა მქონდა ჩვეულებრივი. ვიყავი ძალიან ენერგიული, ცელქი და გათამამებული გოგო. ყოველი წლის ზაფხულს ოჯახთან ერთად ვსტუმრობდით ჩვენს სოფელს ორთუბანს, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იქ არის ჩვენი მეორე სახლი, სადაც ცხოვრობს ბებია. შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როცა ვახერხებ დასასვენებლად ჩავდივარ.

- როდის გადაწყვიტეთ ფარიკაობაზე სიარული და სად დაიწყეთ ვარჯიში?

- მე-6 კლასში ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე. ვლადიკავკაზის მე-40 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენს სკოლაში ყოფილა სპეციალური კლასი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ირინა კესაევა, რომელსაც დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ მოგვიახლოვდა გოგოებს და გვკითხა: გაქვთ თუ არა წიგნი ოსურ ლიტერატურაზე? (შვილისთვის უნდოდა) ჩვენ მივეცით სახელმძღვანელო და ამის შემდეგ ის დაინტერესდა, გვინდოდა თუ არა ფარიკაობაზე სიარული. მე კი წარმოდგენა არ მქონდა რა იყო ფარიკაობა. (სახლშიც არაფერი იცოდნენ ამის შესახებ) საბოლოოდ, მივედი, ძალიან მომეწონა და დავიწყე ვარჯიში ვლადიკავკაზში, როცა გავიზარდე და გავხდი იუნიორების ასაკის, ფარიკაობაზე სიარული მოსკოვში გავაგრძელე, მარინა მაზინას ხელმძღვანელობით.

-  როდის მოვიდა პირველი წარმატება?

- სიმართლე გითხრათ, პირველმა წარმატებამ დიდხანს არ მალოდინა, რადგან ბავშვობიდანვე ვიყავი ძალიან მიზანდასახული! ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი საუკეთესო! სამხრეთის ფედერალური ოლქის და რესპუბლიკის დონეზე შედეგები სწრაფად დავდე. როდესაც გავხვდი უფრო დარწმუნებული ჩემ თავში, ყველაზე დიდი წარმატებაც მაშინ მოვიდა - ქ. ძერჟინსკში რუსეთის პირველობაზე მე-3 ადგილი დავიკავე, მერე კი ყველაფერი სწრაფად განვითარდა.

- მოგვიყევით თქვენს კარიერულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე?

- წარმატებებს ადრეულ ასაკში მივაღწიე, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს, თითქოს გამოდის, რომ ვტრაბახობ. ჩვეულებრივ, როცა ამ ტიპის კითხვას ოსეთში მისვამენ, ვპასუხობ: თუ ჩემს შესახებ არ გსემენიათ, არაუშავს, მალე მოისმენთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე და ჩემი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ვართ ორიენტირებული. აუცილებლად უნდა მოვიგოთ ღვთის წყალობით. სურვილიც გვაქვს და შესაძლებლობაც. საჭიროა ვიშრომოთ და მივაღწიოთ საერთო მიზანს. იხილეთ სრულად