"ქართველების დნმ სრულიად ხელშეუხებელი და შეურეველია!" - როგორია ქართველების დნმ-ის კვლევის შედეგები? - კვირის პალიტრა

"ქართველების დნმ სრულიად ხელშეუხებელი და შეურეველია!" - როგორია ქართველების დნმ-ის კვლევის შედეგები?

ჩვენში  დნმ-ის მიხედვით საკუთარი წარმომავლობის კვლევაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მან ასეთი კვლევა ჩაიტარა. "წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული"- ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი.ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან", - დაწერა მან "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

კატალონიაში მოღვაწე ენათმეცნიერი კახი სახლთუხუცესი ერთ-ერთი პირველი დაინტერესდა ჯერ საკუთარი დნმ-ის და მერე საკუთარი ერის გამოკვლევით და დნმ-ის კვლევის ამერიკულ ლაბორატორიას დაუკავშირდა. შემდეგ პროექტში ასევე უცხოეთში მოღვაწე ორი ქართველი ჩაერთო. ასე შეიქმნა ქართულ-ამერიკული კვლევები, რომელმაც ქართველი ერის წარმომავლობა და გენეტიკა მამაკაცის დნმ-ის მიხედვით

შეისწავლა... ამის შესახებ სტატია გაზეთმა ჯერ კიდევ 2017 წელს "კვირის პალიტრამ" მოამზადა, რომელსაც გთავაზობთ:

- საკუთარი დნმ-ის გამოკვლევა 2005 წელს გადავწყვიტე. მაშინ ჰოლანდიაში ვსწავლობდი. ტელევიზორთან რაღაც გადაცემამ შემაჩერა - დნმ-ის შემსწავლელი ამერიკული ლაბორატორიის მეცნიერები უძველესი ხალხების გენეტიკაზე საუბრობდნენ და მათ მემკვიდრეებს ეძებდნენ. ამ ხალხს დავუკავშირდი და საკუთარი დნმ-ის გამოკვლევა ვთხოვე. 6 კვირაში პასუხი მომწერეს, რაც იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, არ დავიჯერე და ახლა სხვა ლაბორატორიას მივმართე. იგივე პასუხი რომ მომწერეს, ურწმუნობის საფუძველიც აღარ მქონდა. ასე შევეგუე იმას, რომ მე, ქართველი კაცი, ქართველი წინაპრების მემკვიდრე, სავარაუდოდ ფრიგიელების შთამომავალი ვყოფილვარ მამისეული ხაზით. ჩემი ჰაპლოჯგუფი აღმოჩნდა ანატოლიურ სამარხში ნაპოვნი ნაშთის დნმ იდენტური აღმოჩნდა!

- ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ფრიგიელები იყვნენ იგივე მუშქები (მესხები). მუშქებმა ძვ.წ. 800 წლისთვის გადმოინაცვლეს საქართველოში ანატოლიიდან და ერთ-ერთი პირველი ქართული პოლიტიკური გაერთიანებაც დააარსეს.

- ფრიგიელებმა და სხვა ბალკანური წარმოშობის ხალხებმა რომლებმაც მუშქებთან ერთად ან მანამდეც მოაღწიეს ამიერკავკასიამდე, მომავალი ქართული ეთნოსის ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა და მისი ორგანული გახდნენ.ფრიგიელების მამისეული ხაზის გენეტიკური მემკვიდრეები საქართველოში დღეს დაახლოებით 5%-ია. შემიძლია მათი გვარებიც დავასახელო - ციციშვილები, არაბულები, ვაჩნაძეები, ჯაბუშანურები, გვათუები, გუჯეჯიანები, ჟორდანიები და ა.შ.

- გამაოგნებელი სიახლეების წინაშე დავუყენებივართ გენეტიკურ კვლევებს.

- დიახ. საკუთარი დნმ-ის კვლევის შემდეგ ამერიკულ ლაბორატორიას კავკასიური დნმ-ის კვლევებში თანამშრომლობა ვთხოვეთ. კავკასიის კვლევებმა ჩვენი გენეტიკისთვისაც დიდად საინტერესო მასალა წარმოაჩინა. მაგალითისთვის ვიტყვი: მთელ კავკასიაში ქართველების დნმ-თან ყველაზე ახლოს და თითქმის იდენტური აფხაზების დნმ-ია, რაც უნდა იძახონ, სხვები ვართო. 2011 წლიდან ქართველთა დნმ-ის კვლევა აქტიურად დავიწყეთ. პასუხებს, რასაკვირველია, სხვადასხვა ხალხის დნმ-თანაც ვადარებდით, მაგრამ უპირველესად საქართველოს უძველეს ნაშთებში მოპოვებულ დნმ-თან - ჭიათურაში, კოტიას მღვიმეში და თერჯოლაში, საწურბლიას მღვიმეში, დაახლოებით 13 000 წლის წინანდელი ადამიანების ნაშთებია მოპოვებული, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება და სწორედ მათი დნმ-ის შედარება იყო ყველაზე საინტერესო.

- ამ ხალხიდან 150 საუკუნე მაინც გვაშორებს. მათი დნმ ცოცხალი იყო?

- დიახ. უფრო საკვირველი კი კვლევებმა დაადასტურა: მართალია, საწურბლიას მღვიმის ნაშთის ჰაპლოჯგუფი ამჟამად კავკასიაში აღარ დასტურდება, მაგრამ დღეს ქართველობის საკმაო ნაწილს ზუსტად ის დნმ აქვს მამაკაცის ხაზით, რომელიც 10 000 წლის წინ კოტიას გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდა. აქაც შემიძლია გვარები დავასახელო: ახვლედიანები, მხეიძეები, ანდრიაძეები თუ ნაკაიძეები კოტიას გამოქვაბულის მკვიდრის დნმ-ის შეუცვლელად აგრძელებენ! ანუ, ამ დროს ჩვენს ტერიტორიაზე შემოსული ეს ხალხი აქვე უწყვეტად დარჩა და დღემდე აქ არის.

- სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ჩვენი გენეტიკური კოდი 150 საუკუნის მანძილზე არ შეცვლილა.

- თუმცა, ერთიანი ეთნოსის ჩამოყალიბებაში მათთან ერთად, რათქმა უნდა, კიდევ რამდენიმე, სხვადასხვა მხრიდან შემოსულმა ხალხმაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენი კვლევებით, ქართველების ჩამოყალიბებაში ძირითადად დაახლოებით ცხრა ჰაპლოჯუფი მონაწილეობს, რომლებიც ჩვენს ეთნოგენეზში ხურიტების, ელინების, სკვითების თუ შუამდინარეთის ხალხების მონაწილეობაზე მიუთითებს.

საინტერესოა აღინიშნოს რომ ქართული ეთნოსის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ, (დაახლოებით 2000-1500 წლის წინ), ქართველების გენეტიკურმა მახასიათებლებმა მინიმალური ცვლილება განიცადეს.

- საქართველოში ათასი ჯურის მტერი საუკუნეების მანძილზე ბატონობდა. ნუთუ ქართველთა დნმ-ში არ არის მონღოლური, სპარსული, არაბული ან თუნდაც ყივჩაღური სისხლი?

- ჩვენ საკმაოდ ბევრი ადამიანის დნმ გამოვიკვლიეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ყივჩაღის, სპარსელის თუ მონღოლის მამისეული ხაზის დნმ პრაქტიკულად არ მოიძიება! შედარებისთვის, ჩვენი მეზობელი, სულ "ორი ფეხის ნაბიჯზე" მცხოვრები აზერბაიჯანელების დნმ-ში ნათლად ჩანს მონღოლების და სპარსელების დნმ-ს კვალი, სომხებში - აისორებისა და შუამდინარეთის სემიტური ხალხებისა.

- ამასთან დაკავშირებით გერმანელი რასოლოგის და ანთროპოლოგის იოჰან-ფრიდრიხ ბლუმენბახის გახსენებაც შეიძლება. ის წერდა: "საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ლამაზი ქალები და პატრიოტი კაცები ცხოვრობენ. ხშირად მეკითხებიან, რამ გამოიწვია მათი სახის ნაკვთების ასეთი სილამაზე. პასუხი ცხადია, - რასაც მე ვხედავდი და გავარკვიე, ქართველი მამაკაცები ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას; ქართველი ქალები კი იშვიათად მიჰყვებიან უცხოელებს, არა მარტო ჯიშის შესანარჩუნებლად, არამედ მათ მოსწონთ ერთმანეთი". არადა, მიიჩნევა, რომ ჯიშთა აღრევით ლამაზი თაობა იბადება.

- გააჩნია, რა შემთხვევაში. ზოგჯერ შერევა ანგრევს, თუმცა ყოველთვის ასე როდია...

- ერთი რამ მინდა გკითხოთ, ბევრჯერ იყო დავა ბაგრატიონების გენეტიკაზე. დავით სოსლანი ოვსთა უფლისწული იყო. ჩვენი მეზობელი სომხების თქმით კი, ბაგრატუნი სომხური გვარია.... გაგრძელება