"როცა გეგა გარდაიცვალა, ძალიან გამიჭირდა, მერე ვიფიქრე, რომ ასე იყო საჭირო..." - 14 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"როცა გეგა გარდაიცვალა, ძალიან გამიჭირდა, მერე ვიფიქრე, რომ ასე იყო საჭირო..." - 14 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე

საგამოფენო დარბაზებში, როგორც წესი, უცნაური სიმშვიდე და სიჩუმე სუფევს ხოლმე, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო.

ფეხი შევდგი თუ არა, უცნაურად სასიამოვნო, ხალისიანი ხმაური შემეგება, ბავშვების წკრიალა ხმებს, უფროსების საუბარი ერეოდა, ერთი კუთხიდან, სადაც მოზრდილ ეკრანზე ფოტო-ვიდეო მასალა გადიოდა, მუსიკის ხმა ისმოდა. საგამოფენო ექსპოზიციაში, აშკარად ყვითელი ფერი ჭარბობდა, თითქოს შემოდგომა იდგა ირგვლივ...

ეს 14 წლის ასაკში გარდაცვლილი მხატვრის, გეგა პატურაშვილის პირველი პერსონალური გამოფენაა, გამოფენა, რომელზეც ყველა ერთდროულად მასპინძელიც იყო და სტუმარიც...

"რა ნიჭიერი ბიჭი იყო, რომ დასცლოდა, ბევრს მიაღწევდა", "უკვე ყველა ტექნიკის მოსინჯვას ცდილობდა..." "რომელია ის ნახატი, რომელმაც გერმანულ კონკურსზე გაიმარჯვა..." - ფრაგმენტულად მესმის შეკრებილი ადამიანების საუბრის ნაკუწები...

"გეგა არსად ჩანს, თუმცა აშკარად აქ არის, ჩვენს შორის", - ამბობს მისი კბილა გოგონა...

ცოტა ხანში კიდევ ერთი მისი მეგობარი გამოვა, აკანკალებულ ხელში მიკროფონით და იტყვის, როგორ გაუჭირდა გეგას გარეშე: "ჩვენი ადრეული ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ხშირად ვაბრაზებდით კიდეც ერთმანეთს, როცა გეგა გარდაიცვალა, ძალიან გამიჭირდა, მერე ვიფიქრე, რომ ასე იყო საჭირო..."

მზარავს ეს სიტყვები... რამდენი სევდაა შიგნით, რამდენი დარდი... ძვირფასი დანაკარგით გამოწვეულ ტკივილთან ბრძოლა...

თვალზე ყველას ცრემლი ადგას, თუმცა არავინ ტირის, იქნებ იმიტომ, რომ მართლაც გრძნობენ გეგას სიახლოვეს.

მთელი წელია, მინდა, გეგაზე დავწერო, ისეთ გეგაზე, როგორსაც ვიცნობდი, თუმცა სიტყვების თავმოყრა ძალიან მიჭირდა და მიჭირს ახლაც. ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ გულისგამგმირავი ამბიდან, როცა 14 წლის ბიჭმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა...

ხშირად ამბობენ ადრეულად წასულ ადამიანებზე, რომ ისე ცხოვრობდნენ, თითქოს სადღაც ეჩქარებოდათ, ბევრი რამის მოსწრებას ცდილობდნენ... შეიძლება ასეც არის და "სიკვდილის სიახლოვე მართლაც ასხვაფერებს" ბევრ რამეს - სიცოცხლის აზრის ძებნის დაჩქარებასაც ამიტომ ცდილობენ ადამიანები.

გეგაც ჩქარობდა, ჩქარობდა და კიდეც უსწრებდა საკუთარ ასაკს, უპირველესად ფიქრით, რასაც მისი ნახატებიც მოწმობს. 10-12 წლის ასაკში დახატულ ნამუშევრებშიც, მიუხადავად ნაივური მხატვრული ხელისა, აშკარად ჩანს ეს ფიქრი და სევდა - დიდური და არა ბავშვური.

გეგა ჩქარობდა სიყვარულსაც, სამყაროს მისეული აღქმა, ვფიქრობ, რომ იყო უაღრესად კეთილგანწყობილი, ნდობით სავსე და ესეც მის ნახატებში ჩანს.

მათგან გამორჩეულად შთამბეჭდავია მისი პეიზაჟები, რიგ შემთხვევაში შემოდგომის ნესტით გაჟღენთილი ხედები, რომელსაც ერთი შტრიხი, თვალისთვის იქნებ შეუმჩნეველი ფუნჯის ერთი მოსმა ათბობს, სინათლის სხივით ახალისებს, მომავლის იმედს უჩენს წყლის გუბეებში გარჩენილ შემოდგომის ყვითელ ფოთლებსაც კი...

ვფიქრობ, ადამიანი მთელი ცხოვრება ცდილობს სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობის განცდის მიღწევას, ეს ხშირ შემთხვევაში არ გამოგვდის, ან გამოგვდის წამიერი გაელვებებით, ვფიქრობ, გეგას მთელი ცხოვრება ასეთი გაელვება იყო და იქნებ მისი ცხოვრება ბევრი ასაკოვანი ადამიანის ცხოვრების გზასაც აღემატებოდეს ამ განცდის სრულყოფილებით...

და მაინც... გულის გულში ყველა ვფიქრობთ, რა იქნებოდა არ ყოფილიყო ის საბედისწერო დღე ერთი წლის წინ...

არ ვიცი, მხატვრობა იქცეოდა თუ არა მისი ცხოვრების მთავარ თავგადასავლად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს შორის ივლიდა უკეთილშობილესი ბომბორა ბიჭი, კიდევ უფრო დიდი და ბომბორა გულით...