"ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად" - კვირის პალიტრა

"ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად"

მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის"სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, "თიბისი ბანკმა"სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება და ელოდებიან მართლმსაჯულებას.

"ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რომ საზოგადოებას, პარტნიორებს, აქციონერებს, თანამშრომლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაცნობოთ, რომ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, "თიბისი ბანკმა"სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება, ველოდებით მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში"თიბისი ბანკთან"დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს "სამგორი M-მა"და "სამგორი თრეიდმა""თიბისი ბანკისგან"საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც "სამგორი M-სა"და არც "სამგორი თრეიდის"მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის "თიბისი ბანკისთვის“.

"ინტერპრესნიუსი"

რას ამბობს მამაუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ მისი ჩვენების ფრაგმენტის გასაჯაროებაზე?