"ეს მომენტი ცოტა მაშფოთებს" - რა თქვა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტზე - კვირის პალიტრა

"ეს მომენტი ცოტა მაშფოთებს" - რა თქვა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტზე

ერთი მხრივ ანაკლიის პორტთან მიმართებაში შეფერხება არ გვაქვს, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს სახალხო განცხადებას, როდესაც გამოძიება დასრულებულიც არ არის“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ანაკლის პორტთან დაკაშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ. სიტუაცია არის შემდეგი: ბოლო 5 წელი მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფინანსო ინსტიტუტებთან. დაახლოებით, 1 კვირის წინ დაასრულეს პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. ჩვენ მათთან ხელი მოვაწერეთ და ველოდებით, ფინანსურ თანხმობას მაის-ივნისის პერიოდში, რომელიც საკმაოდ რთული პროცესია.

ეს გამოძიება რაც პროკურატურის მიერ დაიწყო და იმ ინფორმაციის გავრცელება თითქოს მე და ბადრი ჯაფარიძეს რაღაც კრიმინალთან გვაქვს კავშირი, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულებების გაფორმებას. რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ინვესტორთან, რომლის საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართაც ე.წ. არარსებული საქმე იხსნება. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო მხარში გვიდგას. ეს მომენტი ცოტა მაშფოთებს. ერთი მხრივ, ანაკლიის პროექტთან მიმართებაში შეფერხება არ გვაქვს და მეორეს მხრივ, ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურა აკეთებს სახალხო განცხადებას, საქმეზე რაზეც გამოძიება დასრულებული არ არის და არც სასამართლო დანიშნულა ეროვნულ ბანკთან არსებულ დავაზე,“-აღნიშნა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა „თი-ბი-სი ბანკს“ 17 მილიონი დოლარის გათეთრებას ედავება, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ 17 მილიონი დოლარი გადარიცხულია მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში, და შეიძლება თუ არა ეს ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ ბანკმა, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.

პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკით“ დაინტერესება და ბანკის მიერ 2007-2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ანაკლის პორტის მშენებლობასა და ამ საკითხზე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას უკავშირდება.

bpn.ge