"ხუთი დღეა, ჩემი ძმის ნამდვილ დიაგნოზს არ მეუბნებიან" - რას აპირებს თორნიკე მამალაძე? - კვირის პალიტრა

"ხუთი დღეა, ჩემი ძმის ნამდვილ დიაგნოზს არ მეუბნებიან" - რას აპირებს თორნიკე მამალაძე?

"ხუთი დღეა, ჩემი ძმის ნამდვილ დიაგნოზს არ მეუბნებიან, ამიტომ შესაძლოა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მოვიწვიო", - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდა ძმის მოსანახულებლად და ექიმებთან სასაუბროდ. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მან აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით მძიმეა და იმის გამო, რომ დეკანოზის დიაგნოზი არ ხდება ცნობილი, ის დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის ჩართვას აპირებს.

"მე და ჩემმა ძმამ ვისაუბრეთ პირველ რიგში მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის. გუშინ ნორმალურად იყო, დღეს კი ძალიან სუსტადაა. არც მან იცის, რა დიაგნოზი აქვს, ვერც მე მივიღე პასუხი. უკვე 5 დღეა, იკვლევენ და ვერ გამოიკვლიეს. ეჭვი მიჩნდება, რომ ან მიმალავენ, ან სპეციალურად ცდილობენ ამას, რადგან არ უნდათ ჩემი ძმის მდგომარეობაზე სიმართლის თქმა. მთავრობას არ სურს, საზოგადოებას მოახსენოს ის, რაც ჩემს ძმას დამართეს. ექიმმა პასუხი ვერ გამცა კითხვაზე, რომ თუ ინსულტი არ ჰქონია, რატომაა ჩემი ძმა პარალიზებული. ადამიანები, ვინც მასთან შედიან, მათ შორის სახალხო დამცველი, ამბობენ, რომ ის მძიმედაა. ამიტომ შესაძლებელია, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მოვიწვიო, რომელსაც ჩავრთავ ამ საქმეში. დღეს ოჯახთან კონსულტაციას გავივლი და სავარაუდოდ, ექსპერტის ჩართვა ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება", - განაცხადა მამალაძემ.

ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე მარინა გელანტიამ დღეს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა. მისივე თქმით, დეკანოზს ზუსტი დიაგნოზის დასადგენად დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.

"ინტერპრესნიუსი"