"იშვილა უთვისტომოდ დარჩენილი ბიჭუნა, რომელსაც შვილებთან ერთად ზრდიდა" - 38 წლის ქართველი მხატვარი ვენაში გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"იშვილა უთვისტომოდ დარჩენილი ბიჭუნა, რომელსაც შვილებთან ერთად ზრდიდა" - 38 წლის ქართველი მხატვარი ვენაში გარდაცვლილი იპოვეს

ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი, ლია გულუა საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მის გარდაცვალებას ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი გამოეხმაურა. ისინი მეგობრები იყვნენ.

"ლია, შოკში ვარ, არ მჯერა, რატომ? ღმერთო, რა სიმბოლურია შენი სიტყვები -"ჩემი ბოლო ლაივი". ჩემო ყველაზე ლიბერალურო ადამიანო. შენ გიყვარდა ყველა დაჩაგრული, ღარიბი. გვერდზე ედექი სირიელ ლტოლვილებს, მათთვის შექმენი ეგ თავისუფალი აკადემია, რომ ლტოლვილ ბავშვებს უფასოდ ესწავლათ შენთან ხატვა, ძერწვა და ხელობა", - ეს არის თამარ ივერის "ფეისბუკსტატუსის" ფრაგმენტი.

მან მხატვრის ბოლო ლაივის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ლია გულუა ამბობს, რომ "ფეისბუკიდან" გადის და მის მეგობრებს სხვა საიტზე შეეძლებათ მისი ნახვა. ეს ჩანაწერი 2018 წლის 29 ოქტომბერს არის გაკეთებული. ის რამდენიმე ენაზე ამბობს ამ სიტყვებს: "ეს ჩემი ბოლო ლაივია, "ფეისბუკიდან" გავდივარ მთლიანად და ვიქნები ჩემი აკადემიის საიტზე და ვისაც გინდათ მიყუროთ, იქ შემოდით".

ლია გულუა წარმატებული მხატვარი იყო. მას ვენაში სკუთარი სასწავლებელი - თავისუფალი აკადემია ჰქონდა და ბავშვებს ხატვას ასწავლიდა. ავსტრიაში, საქართველოსა და უკრაინაში ხშირად ეწყობოდა მისი ნამუშევრების გამოფენა. ოჯახი საქართველოდან 90-იან წლებში წავიდა და მას შემდეგ ისინი ავსტრიაში ცხოვრობენ.

ლია გულუა საკუთარ ნამუშევართან პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში, აქაც არაერთხელ მოაწყო თავისი ნამუშევრების გამოფენა. როგორც ახლობლები ამბობენ, ძალიან უყვარდა საქართველო. მამა იურისტი ჰყავდა, რომელიც ვენაშია დაკრძალული.

ლია გულუამ განათლება ევროპაში მიიღო. სწავლობდა ლონდონის უიმბლდონის ხელოვნების სასწავლებელში, მოგვიანებით - კემბერუელის კოლეჯში, შემდეგ - ავსტრიაში, ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში. ჟურნალისტ ნანა აკობიძეს ლია გულუასთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. მან ნანა აკობიძეს თავისი ნამუშევარი გამოუგზავნა, რომელიც ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების მეორე გამოცემაში შესატანად უნდა გამოეყენებინა... ინსტალაცია, რომელიც მხატვარმა რამდენიმე წლის წინ შექმნა და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნანა აკობიძეს გაუგზავნა

"დიდხნიანი ნაცნობობა არ მაკავშირებდა მასთან. ქართულ-ავსტრიულ ურთიერთობებზე მეორე გამოცემას ვაკეთებთ, მასზე სტატია უნდა მოგვემზადებინა, როგორც ავსტრიაში წარმატებულ მხატვარზე, ამიტომაც გამომიგზავნა საკუთარი ნამუშევარი, რომელიც არქივში ისე შევინახე, არ გამიხსნია. ახლა ვნახე - ალბათ დიდხანს გამყვება შოკი, რაც მისი ამ ნამუშევარის ნახვისას მივიღე... როგორც ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე განათლებული არტისტი იყო. თითქოს ამ სურათით ამბობდა თავის სათქმელს", - ამბობს ნანა აკობიძე.

მისი გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა დასახელდა, თუმცა ოჯახის ახლობლები ამ ვერსიას არ იზიარებენ, ამბობენ, რომ  გარდაცვალების მიზეზებზე ლაპარაკი ნაადრევია, ისინი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

ნანა ლაბარტყავა, ლია გულიას ბიძაშვილი: - ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ლია 38 წლის იყო, ჩემს ხელში დაბადებული და გაზრდილი.  ოჯახი ემიგრაციაში რომ წავიდა, ლია 11 წლის იყო, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია...

აღგვაშფოთა იმ ვერსიამ, რაც ითქვა, მართლა არ ვიცით,  ჯერ რა იყო მისი გარდაცვალების მიზეზი. ჯერ კიდევ პროზექტურაშია ცხედარი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. სახლში იპოვეს გარდაცვლილი, ველოდებით გამოძიებას. უკეთილშობილესი, ძალიან თბილი და მზრუნველი ადამიანი იყო. ყველას რომ ენდობოდა, ძალიან ნიჭიერი, ბავშვობიდან ხატავდა. კარგი, ევროპული განათლება მიიღო. რა შემიძლია გითხრათ ჩემს დაზე, ძალიან განადგურებულები ვართ.

სიცოცხლით სავსე გოგო აღარ გვყავს. თავისუფლების მოყვარული, არაჩვეულებრივი ნახატები ჰქონდა, საოცარი ინსტალაციები... ჩვენს ოჯახშიც არის მისი რამდენიმე ნახატი. ძალიან კეთილი იყო. უყვარდა ნამუშევრების ჩუქება. ძალიან მიმნდობი და მიამიტი გახლდათ. ყველას გულისტკივილი და პრობლემა გულთან მიჰქონდა, ეხმარებოდა დევნილებს, განსაკუთრებით სირიელებს, თავის სახლშიც ჰყავდა რამდენიმე, მეურვეობა ჰქონდა აღებული და ზრუნავდა მათზე.

რამდენიმე წლის წინ იშვილა უთვისტომოდ დარჩენილი სომალელი ბიჭუნა, რომელსაც შვილებთან ერთად ზრდიდა.

ასეთი ადამიანი იყო, სხვისი ჭირის გამზიარებელი. ბოლო გამოფენა უკრაინაში ჰქონდა.

გთხოვთ, ყველას, მისი გარდაცვალების ვერსიებზე არავინ ისაუბროს, ვიდრე ოფიციალურად არ დაიდება ექსპერტიზის დასკვნა. ეს არის მისი და-ძმების თხოვნა. ვერსია, რომელიც გავრცელდა, მის ნამუშევრებს დაუკავშირეს, არადა, ეს ინსტალაცია მას 4 წლის წინ აქვს გაკეთებული. ეს არ არის ახალი ნამუშევარი...

უნიჭიერესი, სიცოცხლით სავსე გოგო იყო. ლიას 2 არასრულწლოვანი შვილი დარჩა...

მიხეილ ხაჩიძე რამდენიმე წელია ავსტრიაში ცხოვრობს, იქ გაიცნო ქართველი მხატვარი და მის გამოფენებზეც არაერთხელ ყოფილა.

მიხეილ ხაჩიძე:

- ლიას პირადად ვიცნობდი, ძალიან გამაოგნებელი და შოკისმომგვრელია მისი გარდაცვალება, ხშირად აწყობდა გამოფენებს, ძალიან აქტიური, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. საინტერესო, ნიჭიერი ხელოვანი, უნიკალური შემოქმედი ადამიანი და ძალიან განათლებული.

მისი სკულპტურა, რომელიც გავრცელდა, ადრე მქონდა ნანახი. მას უამრავი საინტერესო ნამუშევარი დარჩა. ლიას დედასაც ვიცნობ და  ძმასაც, ქალაქგარეთ აგარაკი ჰქონდათ და ერთხელ დედის დაბადების დღეზე იქ დამპატიჟა, საოცრად თბილი ხალხია, უსაყვარლესი ოჯახი ჰყავს. ვუთანაგრძნობ მათ ამ დიდ მწუხარებას.

შოკში ვარ, მის სიკვდილს ვინ წარმოიდგენდა, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო, სულ აქტიური, სიცოცხლე ჩქეფდა მასში.

(სპეციალურად საიტისთვის)