"ხევსურები აქ არავის შემოვუშვებთ!" - აბუდელაურის ტბებთან მიწებს გასაყიდად ამზადებენ?! - კვირის პალიტრა

"ხევსურები აქ არავის შემოვუშვებთ!" - აბუდელაურის ტბებთან მიწებს გასაყიდად ამზადებენ?!

თავდაპირველად აბუდელაურის ტბებთან მიწების გაყიდვის ორი ვერსია გავრცელდა. ერთი, რომ უცხოელებს სურდათ მიწის ყიდვა; მეორე, ვიღაც აქაურ ფულიანს სასტუმროს აშენება აქვს გადაწყვეტილიო... ეს ტერიტორია, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხატის ტყესთან არის და იქ მშენებლობას არავის დაანებებენ.

აბუდელაურის ფერადი ტბები - მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, სოფელ როშკიდან 4 კილომეტრში მდებარეობს.

ხევსურები მეუბნებიან, რომ ადრე ეს ადგილი ჯიხვების საბინადრო იყო. მოგვიანებით ჯიხვები გაწყვიტეს...

გიორგი გიგაური, ადგილობრივი მცხოვრები:

- მიწის შესყიდვის მსურველი ვინ არის, არ ამბობენ. თავიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ თავად რაიონის გამგეობამ გადაწყვიტა მიწის გაყიდვა, ახლა, გამგებლის წარმომადგენელს შევხვდით და გვითხრა, რომ ეკონომიკის სამინისტროდან არის დაინტერესებული ვიღაცო. ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ არ გვინდა ეს ტერიტორია გაიყიდოს.

- გიორგი, რატომ არის ასე მიუღებელი ამ მიწების გაყიდვა. იქნებ ინვესტორი ამ ადგილის განვითარებას გთავაზობთ?

- ჯერ ერთი, ეს ადგილი დაცული ტერიტორიაა და ახლოსაა ხატის ტყესთან, ანუ აქვეა სალოცავი. ამასთანავე, ადგილობრივებისთვის შემოსავლიანია, ცხენ-ტურებს აწყობენ ხოლმე ტურისტებისთვის. მეორე, ხალხს საკუთარი სახლების გაფორმება უჭირს, მიწის ყიდვაც რომ უნდათ, მერიიდან პრობლემებს უქმნიან. მთავარი ის არის, - დღეს ხომ იცით აღარც ტერიტორიების განვითარება და არც რეგიონში მცხოვრები ხალხი აინტერესებთ, მთავარი ფულია. ვინც მეტს გადაიხდის, იმისია ყველაფერი. აბუდელაურის მწვანე ტბა

თუ რამის მშენებლობა იწყება, როგორც წესი, ბეტონით ძალიან უგემოვნო რაღაცები კეთდება. ყველგან ასეა. არადა, გარემოც ხომ უნდა იყოს გათვალისწინებული?

ხევსურები ვამბობთ, რომ მიწები ხალხისაა და აქ არავის შემოვუშვებთ. მით უფრო არ ვიცით, ვინ არის მყიდველი, კაცმა არ იცის ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

- პროტესტს აპირებთ? - რა თქმა უნდა, თუ გადაწყვეტენ მაინც გაყიდვას, არ დავანებებთ ასე იოლად. რაიონის მერის წარმომადგენელი შეგვპირდა, რომ შეჩერდებოდა ეს საქმე. ჩვენ ჩვენი წინადადება შევთავაზეთ, გვაქვს იდეა ისევ ჯიხვების ნაკრძალი გაკეთდეს თავისი ადგილობრივი რეინჯერებით, ტურისტებისთვის დასასვენებელიც იქნება და ცხოველებზე დასაკვირვებელი ადგილიც. არ ვიცი, ეს ინიციატივა რა გამოხმაურებას ჰპოვებს რაიონის ხელმძღავნელობის მხრიდან.

ასევე, ვითხოვთ, რომ ჭაუხებს და ალპურ ზონას ცალკე სტატუსი მიენიჭოს და მეტი დახმარება გვქონდეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ ხალხმა განავითაროს საკუთარი ცხოვრება.

კიდევ ერთი: თუ  ხალხის დახმარება უნდათ და რეგიონის განვითარებაზე ფიქრობენ, ერთი პატარა საწარმო დაუდგან ადგილობრივებს, სადაც აქაური რძის და ხორცის გადამუშავება იქნება შესაძლებელი. აბუდელაურის თეთრი ტბა

ინფორმაციის გადასამოწმებლად დუშეთის რაიონის მერს ზურაბ სეხნიაშვილს დავუკავშირდით.

- ბატონო ზურაბ, აპირებთ ინვესტორს გადასცეთ ტერიტორია აბუდელაურის ტბებთან?

- უპირველესად გეტყვით, რომ მერიას არ აქვს იურიდიული უფლება, რომ გასაყიდად გაიტანოს მიწები. ეს მიწები არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. მოთხოვნა ჰექტარნახევარ მიწაზე მართლაც შემოვიდა ქონების მართვის ეროვნული სააგენტოდან. თუმცა, იქ მითითებული არ იყო სასტუმროს მშენებლობა სურდათ თუ სხვა რამ..

- უცხოელია ინვესტორი?

- უცხოელი არ არის, ქართველია, მაგრამ არ ვიცი, ვერ დაგისახელებთ ვინ არის. ჩვენ ვალდებულება გვაქვს ვკითხოთ მოსახლეობას და ასეც მოვიქეცით. მოსახლეობამ აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვაზე უარი გვითხრა და ჩვენც, ამის საფუძველზე უკვე გადავუგზავნეთ სააგენტოს უარი.

- რატომ წუხს მოსახლეობა, რომ მიწას ვერ იფორმებს ან სახლის ყიდვისას პრობლემები ექმნებათ?

- უბრალოდ, დოკუმენტაცია არ არსებობს ხევსურეთში, იცით, რაც ხდება აქ. მიწა რომ დაიკანონონ, რაღაც საფუძველზე, დოკუმენტაცია უნდა არსებობდეს. ეს არის ძირითადი პრობლემა.

- ხომ არ არსებობს მომავლისთვის ამ ადგილების განვითარების რაიმე გეგმა, რადგან ტურისტების რაოდენობა მზარდია?

- ვისაც საშუალება აქვს, ადგილობრივები თავად ცდილობენ მინისასტუმროების მოწყობას. ჩვენი მხრივ ჯერჯერობით რაიმე გეგმა არ არსებობს.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)