პარკირებაზე საათობრივი გადასახადის დაწესება 1-ლი ივლისიდან დაიწყება - ვინ არ გადაიხდის თანხას? - კვირის პალიტრა

პარკირებაზე საათობრივი გადასახადის დაწესება 1-ლი ივლისიდან დაიწყება - ვინ არ გადაიხდის თანხას?

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

"მინდა ვისაუბრო ზონალურ, საათობრივ პარკირებაზე, რომელიც სიახლე იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ზოგადად, პარკირების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად კერძო მანქანებისკენ იზრდება. ზონალური საათობრივი პარკირება არის ევროპის ყველა განვითარებულ და განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დანერგილი მოდელი და ის მიიჩნევა ერთ-ერთ ქმედით საშუალებად სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით. ამ დღეებში საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად გადავუგზავნით თბილისში ზონალური, საათობრივი პარკირების წესებს, რომელიც პირველ ეტაპზე საპილოტე მოდელის სახით 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება რამდენიმე ქუჩაზე.

ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება არის კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის) და ასევე მიმდებარე ქუჩები, ამავე დროს მუნიციპალიტეტი გააგრძელებს მუშაობას სხვა არეალებზეც. საბურთალოზეც ვმუშაობთ სხვადასხვა ლოკაციებზე, რომ საპილოტე პროექტის რეჟიმში დაინერგოს განხორციელება",- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პარკირების საათობრივი საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს.

"რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგლებში უკვე გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ადგილები", - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, "საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე, ქუჩაში დამონტაჟებული აპარატების მეშვეობით".

"ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4 უფასო 15 წუთიანი პარკირებით. შესაძლებლობა იქნება დღეში 4-ჯერ გამოიყენოს ადამიანმა ეს დრო...

ზონალური პარკირებიდან შემოსული თანხები მთლიანად აკუმულირებული იქნება სატრანსპორტო კომპანიაში და მოხმარდება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"