"ერეკლე გურჩიანს შეიძლება მოვპარო კუბდარი, რადგან ძალიან მიყვარს" - რას პასუხობს ბრალდებას სოსო ჯაჭვლიანი? - კვირის პალიტრა

"ერეკლე გურჩიანს შეიძლება მოვპარო კუბდარი, რადგან ძალიან მიყვარს" - რას პასუხობს ბრალდებას სოსო ჯაჭვლიანი?

მე შეიძლება ერეკლე გურჩიანს მოვპარო კუბდარი, მიყვარს ძალიან, - ასე გამოეხმაურა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ერეკლე გურჩიანის განცხადებას, პარაოლიმპიელთა სავარჯიშო დარბაზიდან მისი კუთვნილი ინვენტარის მოპარვასთან დაკავშირებით.

ჯაჭვლიანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ფედერაციაში ის რამდენიმე თვეა არ ყოფილა და გურჩიანს ფაქტების გასაჯაროვებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში დავის დაწყებასაც გეგმავს.

"როდესაც ბრალდებას აყენებ, უნდა წარმოადგინო ფაქტები და ილაპარაკო ფაქტებით. ბატონი გურჩიანი ლაპარაკობს, რომ იქ არის კამერებიო, რომლებმაც ეს დააფიქსირაო. აუცილებლად უნდა წარმოადგინოს, თორემ მე ვუჩივლებ. თურმე ჩვენ გაგვიტეხია, აგვინგრევია და გაგვიტანია რაღაცა. მე დღეს ვიგებ ამას. მირეკავენ, რომ თურმე ასეთი რამ მომხდარა, მე ვურეკავ ჩემს მწვრთნელებს, სპორტსმენებს და ვეუბნები, რაშია საქმე, რა ხდება? მიპასუხეს, არაფერიო, ერთი ოთახიდან მეორეში გადავიტანეთ ტრენაჟორებიო. თუ ეს დანაშაულია, მაშინ დავსაჯოთ.

მე მსოფლიო ჩემპიონატის მერე არ ვყოფილვარ დარბაზში. თუ რამე საკითხი მაქვს გადასაწყვეტი, ამ ოთახში ვიწვევ მწვრთნელებს, სპორტსმენებს და აქ ველაპარაკები. ადამიანი რომ დაგაბრალებს ქურდობას, ეს ასე არ უნდა დარჩეს. წარმოადგინოს ფაქტები", - აცხადებს ჯაჭვლიანი.

ყოფილი დეპუტატი გურჩიანს კონტრბრალდებებსაც უყენებს და საბუთების გაყალბებაშიც ადანაშაულებს.

"2010 წელს ფედერაციაში გააყალბა საბუთები და მიითვისა ფედერაცია, ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული. შვიდ წლამდე ისჯებოდა. ჩვენ ხომ ჰუმანურები ვართ, მივიღეთ ამნისტია და გათავისუფლდა. თუ დანაშაულზეა ლაპარაკი, მითქვია ოდესმე?- განაცხადა ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ, მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ერეკლე გურჩიანის განცხადებით, პარაოლიმპიელთა სავარჯიშო დარბაზიდან მისი კუთვნილი ინვენტარი ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა კარის გატეხვის შედეგად უნებართვოდ გაიტანა.

"ინტერპრესნიუსი"