აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს - კვირის პალიტრა

აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს

აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს. ამის შესახებ ინფორმაციას radioatinati.ge ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესიას 50-მდე ადამიანი ელოდებოდა, რათა ოკუპირებულ აფხაზეთში დაღუპული მიცვალებულის დატირება შეძლებოდათ.

ხიდის ორივე მხარეს გალში გარდაცვლილ 53 წლის გოჩა ტუფურიას გლოვობდნენ. ნათესავებმა და ახლობლებმა, ვინც აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით, შორიდან გამოუცხადა და შესანდობარი თქვა. ელისო ფარულავა, რომელიც ხობიდან ჩამოვიდა, გარდაცვლილის ბიძაშვილია.

"ექვსი წელია, არ მინახავს. ბოლოს მამაჩემის გასვენებაზე ვნახე. მაშინ მოვახერხე და გადავედი. ამის მერე არც აქეთ გადმოსულა და ვერც მე მოვახერხე იქით გადასვლა. ეს ძალიან რთულია, ასეთ ვითარებაში, რომ გვიწევს ახლობლის დატირება. ჩვენი ბევრი ახლობელი ცხოვრობს იქით. ახლახან ბიცოლა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. სად უნდა წავსულიყავი, ან როგორ გადავიდოდი. ასეთი შემთხვევების დროს მაინც, ხომ უნდა შეგვეძლოს რომ გადავიდეთ" - ამბობს ფარულავა "რადიო ათინათთან" საუბარში.

ორსანტიელები ამბობენ, რომ ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ არის. გოჩა ტუფურიას ახლობელი, ფერიდე ქვარაია ყვება, რომ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, საზღვართან ახლოს მყოფ ნათესავებს სწორედ ამ სახით, ხიდთან დასტირის...იხილეთ სრულად