აპირებს თუ არა მამუკა ხაზარაძე "თიბისი ბანკის" აქციების გაყიდვას? - კვირის პალიტრა

აპირებს თუ არა მამუკა ხაზარაძე "თიბისი ბანკის" აქციების გაყიდვას?

მამუკა ხაზარაძე "თიბისი ბანკის" აქციების გაყიდვას არ გეგმავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკში" განუცხადეს.

როგორც ბანკში განმარტეს, ხაზარაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, თუმცა აქციონერად რჩება.

როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.

"მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა", - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა" - მამუკა ხაზარაძე "თიბისი ბანკიდან" მიდის

"ინტერპრესნიუსი"