"ხაზარაძეს "თიბისი ბანკიდან" წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, ეს უნდა გავიგოთ და უნდა დავსვათ დიაგნოზი - რა სჭირს ამ ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"ხაზარაძეს "თიბისი ბანკიდან" წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, ეს უნდა გავიგოთ და უნდა დავსვათ დიაგნოზი - რა სჭირს ამ ქვეყანას"

მამუკა ხაზარაძეს "თიბისი ბანკიდან" წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, რა გახდა ბოლო წვეთი, ეს უნდა გავიგოთ და უნდა დავსვათ დიაგნოზი - რა სჭირს ამ ქვეყანას, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ ბანკიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა განუცხადა, ხაზარაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ის ბანკიდან მიდის, ახლა უფრო მეტი კითხვა ჩნდება. ხუხაშვილის განმარტებით, ფაქტია, რომ ხაზარაძეს რაღაც გარემოებებმა აიძულა გადაედგა ეს ნაბიჯი.

"სახელმწიფოებრივი პოზიციიდან თუ შევხედავთ, გასაგებია მისი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენთვის ბევრად მეტი ღირებულებაა ის, რაც შეგვიქმნია ცხოვრებაში და ამ დროს, ჩვენი სუბიექტური ინტერესები უკანა პლანზე გადადის. აქედან გამომდინარე, მისი ეს გადაწყვეტილება ადამიანურად გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც კითხვის ნიშნები მოიხსნა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების შემდეგ კითხვის ნიშნები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მთლიანობაში, ამ საქმესთან დაკავშირებით. რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება, რა გახდა ბოლო წვეთი, ეს უნდა გავიგოთ და უნდა დავსვათ დიაგნოზი - რა სჭირს ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ ეს უკვე აღარ არის პირადად მამუკა ხაზარაძის პრობლემა. სახელმწიფოებრივი განვითარების, საინვესტიციო გარემოს, ინტერეს ჯგუფების აქტიურობის და ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოს სისტემურ პრობლემად იქცა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, სად იქნება მამუკა ხაზარაძე, ზუსტი დიაგნოზი უნდა დავსვათ ამ "დაავადების", რამაც განაპირობა თუნდაც მისი ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივას, ხუხაშვილის მოსაზრებით, ეს საკმაოდ რთული პერსპექტივაა, ვინაიდან განვითარებული მოვლენების ფონზე ეჭვქეშ დგება ინვესტორების მოზიდვა.

"როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ისმის, თვითონ ანაკლიის თემა წინასაკონტრაქტო ფაზაშია და რომელიც თავისთავად ძალიან სენსიტიური ფაზაა, ამ ტიპის ბრალდებები ეჭვქვეშ აყენებს იმ ინვესტორების მოზიდვას, ვისთანაც მოლაპარაკებები მიდიოდა. ანუ, რისკი ძალიან მაღალია და როგორ მოხერხდება ამ რისკის პრევენცია, ამას უნდა დავაკვირდეთ და შევხედოთ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე "თიბისი ბანკიდან" მიდის. ამის შესახებ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე დაწერა .

"ინტერპრესნიუსი"