"თავიდანვე ტრაგიკული იღბალი დაჰყვა" - ვინ ასრულებს გოდერძის როლს ფილმში "ჯარისკაცის მამა" და როგორ წარიმართა მისი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"თავიდანვე ტრაგიკული იღბალი დაჰყვა" - ვინ ასრულებს გოდერძის როლს ფილმში "ჯარისკაცის მამა" და როგორ წარიმართა მისი ცხოვრება

"ახოვანი, წარმოსადეგი და ლამაზი გია ერთი ერთში მსახიობ გრეგორი პეკს ჰგავდა. ასეთი მსგავსება იშვიათია"

სამსახიობო კარიერა თეატრის სცენაზე დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც, მერე კინოროლებით გახდა პოპულარული. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა რეზო ჩხეიძის ფილმში "ჯარისკაცის მამა" გოდერძი მახარაშვილი ითამაშა. ფილმებში ეპიზოდების გარდა, რამდენიმე მთავარი როლიც განასახიერა. გია (გიჟური) კობახიძე საქართველოს დამსახურებული არტისტი გახლდათ. წოდების მისაღებად არავინ შეუწუხებია, ამაზე არც ფიქრობდა. ყველაზე მეტად თავისი ქვეყნის ბედზე შესტკიოდა გული. მსახიობს თავიდანვე ტრაგიკული იღბალი დაჰყვა. 16 წლის იყო, როცა მამამისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ამბობენ, ის სტალინისტი იყო და ბელადის კულტის დაგმობას შეეწინააღმდეგა. გია კობახიძის პირადი ცხოვრებაც არ აეწყო... მისი დაკრძალვის დღეს რეზო ჩხეიძეს დანანებით უთქვამს: ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და ვერ ვუპატრონეთო.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"პატარა გია ძალიან ცელქი იყო. ამბობდნენ, - ოი, რა გიჟი ბიჭიაო... გიჟია, გიჟი და გიჟურიც ამიტომ შევარქვით. კობახიძეების უბანი იყო სოფლის შემაღლებულ ადგილას, ისინი სერზე ცხოვრობდნენ. ძმების მამა, პარტიული მუშაკი - რაიაღმასკომის თავმჯდომარე, ზესტაფონში მუშაობდა. ოჯახს როდინაულში დიდი მიწები და კარგი მატერიალური მდგომარეობა ჰქონდა..."

გია კობახიძე შვილებთან ერთად

"ახოვანი, წარმოსადეგი და ლამაზი გია ერთი ერთში მსახიობ გრეგორი პეკს ჰგავდა. ასეთი მსგავსება იშვიათია. წარმოსადეგი გარეგნობისა იყვნენ მისი ძმებიც. გია უმცროსი იყო. ბებიაჩემისგან ვიცი მაგათი ბიძის ამბავი. ის ულამაზესი, ახოვანი და ძლიერი კაცი ყოფილა. ერთხელ ტყეში დიდი მორი მოუჭრია და მარტოს აუწევია. ეტყობა, რაღაც დაუზიანდა ან ინფარქტი მიიღო, ცოტახანს ჩაწვა და ახალგაზრდა გარდაიცვალა. აქედან იწყება მათი ოჯახის ტრაგიკული ამბები. შუათანა ძმა რუბენი სრულიად უმიზეზოდ დაიჭირეს. მატარებელში ძარცვა მოხდა, ამ ფაქტთან ბიჭს არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ მგზავრობდა მატარებლის იმ ვაგონში და მძარცველებს ისიც მიაყოლეს. ციხეში 10 წელი გაატარა..."

"გიას დედა თითქმის ას წელს მიღწეული გარდაიცვალა, მამამისი კი 1957 წელს მოკლეს. უპატიოსნესი და რაიონში გამორჩეული კაცი იყო. გამორიცხულია, ვინმეს შურისძიების მიზნით მოეკლა, არც გაძარცვული ყოფილა. რაიონიდან სოფელში მიდიოდა, მდინარის პირას იპოვეს სასტიკად ნაცემი. ვერაფერი გაიგეს და არც არავინ დაუჭერიათ. გადის დრო, უკვე ჩემი ოჯახი მაქვს და შემომითვალეს, რომ ვიტალი (უფროსი ძმა) და გია დაიჭირეს..."

"მსახიობს იცით, რა კლავს? როლების ნოსტალგია... გიამ ბოლო წლებში ლექსების წერა დაიწყო. სხვათა შორის, კობახიძეებს პოეტური ნიჭი აქვთ, დეიდაჩემიც წერდა. გიამ ბოლოს რომ დამირეკა, მითხრა: ლექსების კრებულს გამოგიგზავნი, არა ვარ კარგადო. მომეწონა, სიმპათიური ლექსებია. ერთი ლექსის ტაეპების პირველი ასოებისგან, ქეთევანი ამოვიკითხე და მესიამოვნა. ფილმებს მისი მონაწილეობით ყოველთვის გულდაწყვეტით ვუყურებ..." .

ნანული ზოტიკიშვილი