"ე.წ. ხალხის მტრების წინააღმდეგ დაწყებულია ჩვეულებრივი სტალინური რეპრესიები"- რას წერს თეონა დოლენჯაშვილი "თიბისი ბანკის" საქმეზე - კვირის პალიტრა

"ე.წ. ხალხის მტრების წინააღმდეგ დაწყებულია ჩვეულებრივი სტალინური რეპრესიები"- რას წერს თეონა დოლენჯაშვილი "თიბისი ბანკის" საქმეზე

მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა "თიბისი" ნბანკის გარსემო შექმნილ ვითარებაზე სტატუსი  "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა, შემდგომ კი ამ თემაზე "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა:

"გუშინ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში", ინგას შეკითხვაზე - თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ისე მოხდა, რომ აზრი ვეღარ დავასრულე და აქ ვეცდები. ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებია ვიღაც უხილავმა "მწერალმა" დაწერა პატარა თუ დიდი ადამიანების გაფუჭების და გაშავების სცენარი. რომლის დრამატურგიას ერთი ცნობილი ქარგა აქვს და ამ სცენარის მიხედვით დადგმულ უკვე მერამდენე სერიას ვუყურებთ.

ამჯერად ყველასთვის ცნობილ ფიგურებზე ვიტყვი. როგორც წესი, იქმნება არარსებული საქმე ადამიანზე, რომელიც ძლიერთა ამა ქვეყნისათვის არასასურველი, პოლიტიკურად, ან რამე მანიაკალური მოსაზრებების გამო მიუღებელია, ხდება საქმის შეთითხვნა და მერე იწყება მასზე ორკესტრირებული შეტევა სახელმწიფო ორგანოების, პროკურატურის, სხვადასხვა ჯგუფებისა თუ ფბ ფეიკ გვერდების მიერ.

ხდება მისი რეპუტაციის შელახვა, თანამოაზრეების და პარტნიორების შემოცლა, საერთაშორისო იმიჯის შელახვა და რაღა თქმა, უნდა მგლის ბილეთით გაშვება, ქვეყნის საზოგადოებრივ, ბიზნეს თუ პოლიტიკური რუკიდან წაშლა და გაქრობა. ეს ადამიანის მკვლელობაზე უარესია!

წინა სერიები უკვე ვნახეთ ალასანიას და კაბელების, ბურჭულაძის და "იავნანას", თუნდაც დეკანოზ მამალაძისა და ციანიდის სცენარით.. (აღარაფერს ვამბობ უბინძურესი და გაუგონარი მეთოდით - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანების განეიტრალებაზე). ყველა ამ სერიაში არ არსებობს კონკრეტული დანაშაულებები, არ დადასტურებულა არცერთი ბრალდება, მაგრამ ეს აღარავის აინტერესებს.

ადამიანების სახელი უკვე ლაფში ამოთხვრილია, მათი საქმე - დანგრეული და ჩაშლილი. ეს უნდა შევაჩეროთ! ეს აღარ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად - სამოქალაქო საზოგადობამ, პოლიტიკოსებმა, არასამთავროებმა, მედიამ, ხელოვანთა ჯგუფებმა, მოსახლეობამ - იდეოლოგიის, ვინმეს მოწონების თუ არ მოწონების მიუხედავად, რადგან ეს ყველას ერთად გვაფუჭებს, ეს აკანონებს უსამართლობას, ეს ქვეყანას ანადგურებს! დავიცვათ საკუთარი თავი მაინც, რადგან ნურავის ექნება ილუზია, რომ ხვალ მათ არ მიადგებიან. დავიცვათ ჩვენივე მომავალი, რომელიც დღითიდღე ჩვენს თვალწინ ინგრევა. რადგან ეს ე.წ. "ხალხის მტრების" წინააღმდეგ დაწყებული ჩვეულებრივი სტალინური რეპრესიებია, რა თქმა უნდა, თანამედროვე, ფსიქოლოგიური მეთოდით".

იხილეთ ასევე: "არ გამოვრიცხავ, ამ პროცესების მერე ხაზარაძე პოლიტიკურადაც გააქტიურდეს"

იხილეთ ვიდეო