"თვითნასწავლები ვართ..." - ვინ არის ქართველი ოპერატორი, რომელიც ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა - კვირის პალიტრა

"თვითნასწავლები ვართ..." - ვინ არის ქართველი ოპერატორი, რომელიც ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა

ფილმ "ნამეს" ოპერატორი, 42 წლის გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა, ანუ "წლის აღმოჩენად" დასახელდა. კინოოპერატორთა საზოგადოებამ 100 წლის იუბილე ლოს-ანჯელესში გამართა. კინოსამყაროში "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" შემდეგ, ეს დაჯილდოება ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად მიიჩნევა. წლის აღმოჩენის სექციაში ქართველ ოპერატორს 2 კონკურენტი ჰყავდა: ოპერატორი ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი (ამერიკული ფილმისთვის "მხედარი") და ფრანკ ვან დენ იდენი (ბელგიური ფილმისთვის "გოგონა").

გთავაზობთ ამონარიდებს გიორგი შველიძის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ოპერატორისთვის მთავარი ხედვააო, - ამბობენ ხშირად. მე კი ვიტყოდი, რომ ეს არის ბევრი რამის ნაზავი და შემდეგ, კარგი კინოსკოლა ამ ყველაფერს ავითარებს. სამწუხაროდ, ჩვენთან სრულყოფილი სასწავლო პროცესი არ იყო, ამიტომაც ვთვლი, რომ ჩვენი თაობის ოპერატორები თვითნასწავლები ვართ..."

"აქ მოხვედრა და მერე კიდევ გამარჯვება, მართლაც დიდი პატივია ნებისმიერი ოპერატორისთვის. კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ისეთი ცნობილი ოპერატორებიც დააჯილდოეს, როგორიცაა რობერტ რიჩარდსონი, რომელიც თანამშრომლობს კვენტინ ტარანტინოსთან, მარტინ სკორსეზესთან და სამჯერ აქვს მიღებული "ოსკარი", როგორც საუკეთესო ამერიკელ ოპერატორს. ის ცერემონიის დროს ჩემ გვერდით მაგიდასთან იჯდა. ეს ცერემონია წელს უკვე 33-ჯერ გაიმართა..."

"მეუღლესთან ერთად ვიყავი დაჯილდოების დროს. პირველმა მან გაიზიარა ჩემი სიხარული და მომილოცა ეს წარმატება. რა გითხრათ, დაბნეულობა, გაოცება, სიხარული, უხერხულობა - მგონი, ყველაფერი ერთად ვიგრძენი. ვნერვიულობდი, ოღონდ არ გამომაცხადონ-მეთქი გამარჯვებულად (იცინის). ადვილი ხომ არ იყო იქ ასვლა და სიტყვის თქმა ამხელა აუდიტორიის წინაშე. კამერის უკან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს..."

"ეს ჯილდო არის იმის დასტური, რომ საქართველოშიც იქმნება ხარისხიანი ფილმი. თითქოს მუშაობ, აკეთებ რაღაცას და ამას ვერავინ ხედავს და ვერც აფასებს, რაღაცნაირად გული გწყდება ამ ყველაფერზე. ახლა გაჩნდა სტიმული და იმედი, რომ საერთაშორისო, საინტერესო პროექტებში ჩავერთოთ და დახურული წრე გავარღვიოთ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 21 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი