"ცენტრ პოინტსა" და M2-ს შორის შეთანხმება ჩაიშალა - ვინ დააკამყოფილებს დაზარალებულების მოთხოვნებს? - კვირის პალიტრა

"ცენტრ პოინტსა" და M2-ს შორის შეთანხმება ჩაიშალა - ვინ დააკამყოფილებს დაზარალებულების მოთხოვნებს?

"ცენტრ პოინტ ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, კომპანია დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად კერძო დეველოპერებს აღარ ეძებს და მოლაპარაკებებს უშუალოდ სახელმწიფოსთან აწარმოებს. ამის შესახებ რჩეულიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან არ მიმდინარეობს, განსხვავებული სცენარით მივდივართ. კომპანიები ჩართული არ არიან. "ცენტრ პოინტსა" და სახელმწიფოს შორის მიდის მოლაპარაკება", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

ამასთან, მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც საბოლოოდ, M2-თან შეთანხმება ვერ შედგა.

"ჩვენსა და M2-ს შორის ყველაფერი დალაგებული იყო, ყველა პირობაზე შეთანხმებული ვიყავით, უბრალოდ, M2-ს ჰქონდა რამდენიმე წინაპირობა წამოყენებული, რომელიც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა. იქიდან სახელმწიფომ ყველა შეასრულა ორი წინაპირობის გარდა. ერთი ეხება ფინანსურ ინიციატივებს საგადასახადო კუთხით. მეორე, ნინოშვილის განაშენიანების გეგმის დამტკიცებას. ამ ორ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ჩაიშალა M2-ის სცენარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სცენარები არ გვიდევს მაგიდაზე. უკვე ბოლოში ვართ გასული მოლაპარაკებებზე. ალბათ, მარტის დასაწყისში ამას საჯაროს გავხდით", - აღნიშნა რჩეულიშვილმა.

როგორც "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განმარტა, მოლაპარაკებებში აქტივების რამდენიმე მყიდველიც ჩართო.

"ყველა ვალდებულებას იხდის "ცენტრ პოინტი". არც M2-ის შემთხვევაში, არც სხვა შემთხვევაში ფულს არავინ იხდის. ეს ფული ჩვენ გვაქვს აქტივების სახით, რომელიც დაყადაღებულია. ჩვენ ვეუბნებით, ეს აქტივები იყიდეთო. მხოლოდ ჩვენი აქტივების რეალიზაციაში გვეხმარებიან, დანარჩენი კომპანიას აქვს იმდენი აქტივები, რომ ჩვენს ვალდებულებებს აბსოლუტურად ჰყოფნის, როგორც ამას ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიძახდით. ასევე მოლაპარაკებებში ჩავრთე ამ აქტივების რამდენიმე მყიდველი, რომელი ფულიც დაზარალებულებს მოხმარდება. ახალი დევოლოპერული კომპანია არ შემოგვყავს.

საპროცესო მხოლოდ იმ შემთხვევაში გაფორმდება, როცა დაზარალებულების მიმართ არსებული ვალდებულება დაკონტრაქტებული იქნება. რეალურად, სახელმწიფოს მხრიდან რა სისწრაფით მოხდება ამის დამთავრება, ამაზეა დამოკიდებული. ჩემი საქმე შესრულებული მაქვს, ველოდებით სახელმწიფოს", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისულების აღკვეთა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება დებს 11 მილიონი ლარზე მეტის მითვისებას ედავება.

"ინტერპრესნიუსი"