"ფეხბურთელები მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ მაღაზიაში გაუგებრობა მოხდა" - რას ამბობს კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

"ფეხბურთელები მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ მაღაზიაში გაუგებრობა მოხდა" - რას ამბობს კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი?

საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი თურქეთში კლუბის ხუთი ფეხბურთელის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ქართლოს რუხაიას ინფორმაციით, ფეხბურთელები თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაიკითხნენ, რადგან მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

"მე პირადად თურქეთში არ ვიმყოფები, მაგრამ დეტალურად ვიცი რა მოხდა. გავრცელდა ძალიან არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა, ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და ჩეკთან დაკავშირებით რატომღაც არ მოხდა საქონლის გატარება თვითონ კონკრეტულ მაღაზიაში. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო. ყველა აღნიშნული ფეხბურთელი იმყოფება გუნდთან ერთად და აგრძელებს ვარჯიშს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოხდა მხოლოდ დაკითხვა და არავითარი დაკავება. იყო გაუგებრობა და ამით დამთავრდა ყველაფერი. გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს მომზადებას", - აცხადებს რუხაია.

შეგახსენებთ, კლუბ "ცხინვალის" ხუთი ფეხბურთელის დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"