თბილისში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - კვირის პალიტრა

თბილისში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვით, სამართალდარღვევად განისაზღვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი შემთხვევებისათვის:

- ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება - ჯარიმა 50 ლარი;

- სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – ჯარიმა 100 ლარი;

- წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე- ჯარიმა 100 ლარი;

- ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება - ჯარიმა 50 ლარი.

- დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით – ჯარიმა 200 ლარი. განმეორებით შემთხვევაზე 400 ლარი.

ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.

- დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის დგომა სხვა კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე - ჯარიმა 500 ლარი.

კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.

"ინტერპრესნიუსი"