"თუ მართალი არ აღმოვჩნდი, მაშინ წავალ და ჩემს თავს მივხედავ" - კვირის პალიტრა

"თუ მართალი არ აღმოვჩნდი, მაშინ წავალ და ჩემს თავს მივხედავ"

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ამ წუთებში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იქნება.

როგორც პრეზიდიუმის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, მას სხდომისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს.

"არ ვიცი, სხდომაზე მოვედი, შევალ და ვნახავ, რა იქნება. არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ მე მართალი არ აღმოვჩნდი, მაშინ წავალ და ჩემს თავს მივხედავ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტები კი ჭიდაობის ფედერაციასთან ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ, სადაც ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული.

აქციის მონაწილეების თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან ის არის მოძალადე და მოძალადის ადგილი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ არის.

პროტესტს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია შეუერთდა. მისი თქმით, ის აქციაზე რიგითი მოქალაქის ამპლუაში იმყოფება, რომელიც ვერ ეგუება ფედერაციაში გაბატონებულ უსამართლობას.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

"ინტერპრესნიუსი"