"სამგროშიანი ოპერის“ შემდეგ მეძავის როლებზე შემოთავაზებები გახშირდა - კვირის პალიტრა

"სამგროშიანი ოპერის“ შემდეგ მეძავის როლებზე შემოთავაზებები გახშირდა

ძაღლები მთელი ცხოვრებაა მყავს, იმდენად მიყვარს ცხოველები, რომ ერთხანს ციყვიც მყავდა. ბაზარში ვიყიდე და 7 წელი ჩემთან ცხოვრობდა. კახეთში კვიპაროსზე უყვარდა ასვლა, რომ დავუძახებდი,"ჩიჩი-მეთქი, კისრისტეხით მორბოდა. ერთ დღეს მთელი დღით მარტო დავტოვეთ. შინ რომ დავბრუნდით, აღარ დაგვხვდა, გადავდგით ყველაფერი, არ იცოდა ხოლმე მიკარგვა. წლების შემდეგ მითხრეს, ვიღაცას მოუკლავს და ახლა მისი ფიტული აქვს სახლშიო", - მიამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი, თან სამზარეულოსკენ მიმიძღვის. ალბათ, წარმოუდგენელია ნატუკასთან საუბარი ფინჯანი ყავის გარეშე, ყველასათვის საყვარელი კულინარიული ბლოგის წამყვანს ყავაც განსაკუთრებული გამოსდის. ამჯერად მის შემოქმედებით საქმიანობაში პაუზაა, თუმცა მალე ახალი პროექტით ეკრანიდან ისევ დაატკბობს მაყურებელს.

"როგორ მომიწყო მამამ ზღაპარი"

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იბერია" დაიხურა, ერთგვარი "გაჩერება" მაქვს, მაგრამ მე არასდროს ვჩერდები, ყოველთვის ვცდილობ წინ წასვლას... 9-10 წლამდე ბედნიერი ბავშვობა მქონდა, სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო. 10 წლის ვიყავი, ჩემს ხელში რომ გარდაიცვალა. მამა ძალიან მათამამებდა. ერთხელ საგარეჯოში გამოვუცხადე,"მომბეზრდა აქ ყოფნა, მინდა პრინცესა ვიყო, ფარშავანგები და ბევრი ცხოველი მყავდეს-მეთქი. მამამ, მოდი, მამიდაშენთან გადადი რამდენიმე დღითო. 3-4 დღის შემდეგ მომაკითხა და წამომიყვანა სახლში. შევდივარ და რას ვხედავ: ვოლიერები მოუტანია და ორი შველი, სახელად ჯერო და მარდი, ფარშავანგები, კავკასიური ხოხობი და ნაირ-ნაირი ჩიტიც მოუყვანია. ასე მომიწყო მამამ ზღაპარი. ხომ გინდოდა, პრინცესა ყოფილიყავიო.

მას შემდეგ სულ მჯერა სასწაულების.

"ერთ დღესაც სიყვარული სადღაც გაქრა"

ბევრი მეკითხება, რატომ ხარ მარტოო. არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელთაც მამაკაცი უნდა აკმაყოფილებდეს, დიდი მოთხოვნები მაქვს. 24 წლის გოგო მყავს. 19 წელია, ქმართან დაშორებული ვარ. გაცნობიდან ერთ წელიწადში დავოჯახდით, მაგრამ ხომ არის შემთხვევა, როცა ადამიანს თითქოს იცნობ და მერე უცებ ხვდები, რომ არ იცნობ. იცი, როგორ დავშორდით? ქუჩაში მოვდიოდით და ვუთხარი, მე წავედი სახლში-მეთქი, კაი, მეც წავედიო, მიპასუხა და მივხვდით, რომ უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის.

- ასე მარტივია ოჯახის დანგრევა? - არა, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემაა, მაგრამ ყველაზე მტკივნეული მამისა და ძმის გარდაცვალება იყო, ქმართან გაშორება კი - ერთი არასასიამოვნო პერიოდი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა.

"შუშარა "პაკლონზე"

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თეატრალური სარდაფის სცენაზე აღმოვჩნდი. 12 წელი გავატარე ამ თეატრში. მახსოვს, მსახიობები ჩვენი ხელით ვარემონტებდით სარდაფს. ჩვენი სიმბოლო ვირთხა იყო, ბილეთზეც ის იყო გამოსახული. ის მართლა არსებობდა. შუშარა, სარდაფში ცხოვრობდა, როდესაც "პაკლონზე" ვიდექით, ხშირად ჩვენ უკან ჩაირბენდა. თეატრალური ვირთხა იყო, არასდროს გამოქცეულა სპექტაკლის დროს სცენაზე, არასდროს დაუღრღნია ჩვენი ნივთები. ჩვენც ვუვლიდით, საკვებით ვამარაგებდით. ის პერიოდი იყო, როცა არც შუქი გვქონდა, არც ფული. ძალიან ბევრი ბავშვი, რომლებიც შეიძლებოდა გზას ასცდენოდნენ, ჩვენთან მოდიოდა.

"არ იყო ჩემი გმირი მეძავი"

პირველი კინოროლი პირველ ქართულ სერიალში "სახლი ძველ უბანში" შევასრულე, მაგრამ ბომბის გავარდნასავით იყო გიორგი შენგელაიას "მიდიოდა მატარებელი". ჩემთვის ის ერთ-ერთი ბედნიერი წელი იყო, რადგან ჩემზე ბევრად ნიჭიერმა მსახიობებმა შეიძლება ისე დაამთავრონ კარიერა, რომ ასეთ ბუმბერაზ მსახიობებთან ერთად ფილმში ვერ მოხვდნენ.

- სცენარს რომ გაეცანი, უხერხულობის გრძნობა არ გქონია?

- "სამგროშიანი ოპერის“ შემდეგ მეძავის როლებზე შემოთავაზებები გახშირდა. "მიდიოდა მატარებელი" დამწყები რეჟისორის ფილმი რომ ყოფილიყო, იქ არ ეთამაშათ რამაზ ჩხიკვაძესა და კახი კავსაძეს, აუცილებლად მექნებოდა უხერხულობის გრძნობა, შეიძლება უარიც მეთქვა, მაგრამ, როცა გენიოსებთან გაქვს საქმე, ზუსტად იცი, რომ შენი გმირი არ იქნება ვულგარული, გამაღიზიანებელი. ვერ წაიკითხავ ვერსად და ვერ ისწავლი იმას, რაც მე მათგან ვისწავლე.

ფილმის გამოსვლის შემდეგ დაიწყო გადაცემები თემაზე "სიშიშვლე ქართულ კინოში". არ იყო ჩემი გმირი მეძავი. მე არ ვთვლი, რომ"ფილმში ეროტიკული სცენა იყო. ეროტიკის გადაღებისთვის სულ არ არის საჭირო ორი შიშველი სხეული. საოცარი სცენაა "მაგდანას ლურჯაში": მაგდანა, ეს ულამაზესი ქალი, წვიმაში მოდის და მთლიანად სველია. ეს ესთეტიკური სილამაზეა. აქ ეროტიკაც არის და სექსუალურობაც. ჩვენ ამ მიმართულებით შეგვიძლია ეროტიკის განვითარება.

გადაჭრილი ვაგონი და მეორადების "ბუტიკი"

იყო პერიოდი, როცა თეატრალური სარდაფიც აღარ არსებობდა, ოჯახიც დამენგრა და მივხვდი, რომ ჩემს კისერზე არიან დედაჩემი და ჩემი შვილიც. გავხსენი მეორადების მაღაზია, ვიქირავე გადაჭრილი ვაგონი და დღისით ვვაჭრობდი, საღამოობით კი ოჯახს ვუვლიდი. შემდეგ ვიფიქრე, მოდი, გავაკეთებ რაღაცებს და ჩავაბარებ ტელევიზიებში-მეთქი. კერძებს ღამის პირველ-ორ საათამდე ვამზადებდი, დილით ვაბარებდი და მერე მივდიოდი ჩემს "ბუტიკში". ერთხელ "იმედის" პროდიუსერმა დამირეკა"და მითხრა, დილის კულინარიულ ბლოგს გაბარებთო. ეს 2012 წელი იყო...

კულინარიული დევიზი

ჩემთვის თითოეული კერძის დამზადება როლზე მუშაობას ჰგავს. ამას წინათ კახეთში ერთი ქალი შემხვდა, თურმე 5 წლისა და 7 თვის განმავლობაში ყველა ჩემს რეცეპტს იწერდა. ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს.

კვლავ კულინარიული ამბებით დავბრუნდები ეკრანზე, მაგრამ ცოტა სახეშეცვლილი. მე მქონდა ასეთ დევიზი: "რაც გვაქვს მაცივარში". რადგან დღეს ხალხს ძალიან უჭირს, ეკრანიდან ვერ გააღიზიანებ, ვერ დაუწყობ წინ ნუგბარებს. ერთხელ მახსოვს, პირდაპირ ეთერში ვთქვი, მაცივარში რაც გვაქვს, იმ პროდუქტებით დავიწყოთ კერძის მომზადება-მეთქი და სააპარატოში დარეკა ვიღაც ქალმა, ნატუკას გადაეცით, მაცივარი გამოვხსენი, არაფერი მაქვს და რა გავაკეთოო. მაშინ გამორთეთ, ქალბატონო, მაცივარიო, უპასუხეს.

ცხოვრება მშვენიერია. ყველანი ღვთის მოვლენილები ვართ, აქედან გამომდინარე - სიყვარული სავსენი. მიუხედავად იმისა, რომ კარგია სტაბილურობა ყველაფერში, რაც უფრო რთულია ცხოვრება, მით უფრო საინტერესოა.