"სამი მასაიელი შუბოსანი დამყვებოდა, ლომი რომ არ დამსხმოდა თავს" - "ბუნების კარის" წამყვანი, რომელმაც 5 კონტინენტის 112 ქვეყანა შემოიარა
15-03-2019
"სამი მასაიელი შუბოსანი დამყვებოდა, ლომი რომ არ დამსხმოდა თავს" - "ბუნების კარის" წამყვანი, რომელმაც 5 კონტინენტის 112 ქვეყანა შემოიარა
"კოცონთან ვსხედვართ და ბელადი მეუბნება, შენ ჩვენსავით იქცევი,­ როგორი ევროპელი ხარ, ცხვირს არაფერზე იბზუებო, და დასძინა, ახლა შუბს გავიქნევ და რომელ ბომასთანაც დაეცემა (მისი სამივე ცოლი სხვადასხვა ბომაში ცხოვრობდა) იმ ცოლთან გაათევ ღამესო"

უფროსი თაობა არნოლდ გეგეჭკორს ტელეეკრანიდან კარგად იცნობს, მას 32 წლის განმავლობაში გადაცემა "ბუნების კარი" მიჰყავდა. ბატონი არნოლდი ამავე დროს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, სამეცნიერო ნაშრომებისა და წიგნების ავტორია. მსოფლიო მოგზაური დედამიწის 5
კონტ­ინენტიდან 112 ქვეყანაშია ნამყოფი
. "19 წლისა ცხენმა გადამიშვა უფსკრულში და 50 მეტრი ვიფრინე, მარცხენა ხელი დამემსხვრა, ვიფიქრე, ესაა ექსტრიმი-მეთქი, მაგრამ რა ვიცოდი, წინ რა ექსტრიმი მელოდა", - მეუბნება ღიმილით. აბა, რა, მასაისისა და ბინდიბუს ტომთან ორკვირიან ცხოვრებასთან შედარებით, ეს მართლა ღიმილის მომგვრელია. ასე რომ, რასაც
გიამბობთ, მხატვრული ლიტერატურა არ გეგონოთ, რეალური ამბებია, რომელიც ჩვენს რესპონდენტს გადახდა.

პირველყოფილი ცხოვრება ბინდიბუელებთან


- ავსტრალიაში, სიდნეის უნივერსიტ­ეტში რამდენიმე წელს ლექციებს ვკითხუ­ლ­­ობდი. იქ გამიჩნდა სურვილი, პირველყოფილი ცხოვრების პირობებში მცხოვრები­ ადამიანები მენახა. ბინდიბუს ტომი 1953 წელს აღმოაჩინეს, მათთან ჯერ პალეოლითია, რკინასთან არასდროს ჰქონიათ შეხება,­ არც არასოდეს მოუყვანიათ რომელიმე კულტურული მცენარე. ცივილიზაციას არ იღებენ. საუკუნეების წინ ავსტრალიაში ასეთებს ხოცავდნენ, ახლა პირიქით, ინახავენ, ბიზნესი განავითარეს, ეგზოტიკური ტურიზმის შემადგენელ ნაწილად აქციეს. ამიტომ ტომში ყოველთვის ჰყავთ ინგლისური­ ენის მცოდნენი... მათი ყოველდღიურობით ვცხოვრობდი ორი კვირა.

- სად ცხოვრობდით?
- უდაბნოში. ჩალისა და ლერწმისგან­ აკეთებენ ნახევრად ქოხს (დაახლოებით ჩვენებური ავტობუსების გაჩერების ფორმის)­, რომელსაც მზის მოძრაობის მიხედვით ატრიალებენ თავის დასაცავად. მიწაზე, ჭილოფზე სძინავთ. მხოლოდ გენიტალიები­ აქვთ დაფარული. ჭუჭყი და გარემო პირობები ვერაფერს აკლებს, იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული. 40 წლის მამაკაცი უკვე გამოცდილ მონ­ადირედ ითვლება, რადგან კლდის კენგურუს მონადირება შეუძლია. ყველაზე მეტი ცოლი ყველაზე კარგ მონადირეს ჰყავს. ქალი 20 წლის ბიჭს ცოლად არ გაჰყვება, რადგან მას მხოლოდ ვარანების (ქვეწარმავალთა ოჯახის ხვლიკისნაირთა სახეობა)­ მონადირება შეუძლია. ქალები და ბავშვები­ აკაციების (ავსტრალიაში აკაციის 500 სახეობა გვხვდება) ფესვებზე­ დაბუდებულ ხოჭო-მატლებს აგროვებენ საკვებად. საღამოობით ამოთხრიან ორმოს, ჩააწყობენ­ თხელ ქვებს და ცეცხლს ანთებენ­. რომ აგუგუნდება, კენგურუს ხორცს ჩააწყობენ, შემდეგ ორმოს ზემოდან ტყავს გადააფარებენ და ასე შუშავენ ხორცს.

- ამ ხორცით გიმასპინძლდებოდნენ?
- იქ ყველა თანაბარია. იერარქია არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით შამანებს, რომელთაც დიდ პატივს სცემენ. კენგურუ­ რომ შეიწვება, ვარანებს, რომელთაც თეთრი ხორცი აქვთ, ნაკვერცხალზე წვავენ. მერე ცხელ ნაცარზე დაყრიან ქალების მოტანილ მატლებს, რომლებიც ბატიბუტივით­ ტკაცუნებს. ეს პროტეინებითა და ცილებით სავსე საკვებია. დესერტად ფიკუსი იყო მენიუში.

- თქვენ ეს ყველაფერი მიირთვით?
- რა თქმა უნდა. ბინდიბუელების საცხოვრებელთან­ წყალი არ არის. ზოგიერთი მცენარე მეტრ-ნახევარ სიღრმეზე უშვებს ფესვებს, რომ წყალი შეითვისოს მიწიდან. ასეთ მცენარეს ამოთხრიან და წყალს ასე იღებენ - ესეც მათი ჭა. ორი კვირა ვიცხოვრე ბინდიბუელებთან. მამაკაცებს ხვლიკებზე სანადიროდ დავყვებოდი და ჟესტებით მშვენივრად ვკონტაქტობდით. ნადირობდნენ ჯოხზე წამოცმული კაჟის გათლილი შუბის წვერით, რომელიც მცენარისგან დაგრეხილი თოკითაა დამაგრებული.

ძალიან ამაღელვებელი იყო აბორიგენ ბინდიბუელებთან დამშვიდობება. რიტუალი­ ჩაატარეს: ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს, თეთრად შეღებილები წრეზე როკავდნენ ხელების რიტმულად აწევ-დაწევითა და შეძახილებით. მერე წრე გახსნეს, შუაში დადექი და ჩვენსავით იცეკვეო, მანიშნეს. ასე ჩავერთე ჩემი გაცილების რიტუალში.

"პიგმეებში არ იციან, ჩემი ცოლი, შენი ცოლი..."

- 2001 წელს აფრიკაშიც იცხოვრეთ ადგილობრივ ტომებთან.

- მდინარე კონგოს აუზში პიგმეებში (დაბალტანიანი ნეგროიდული ჯგუფის ხალხი. ცხოვრობენ ეკვატორული აფრიკის ტროპიკულ ტყეებში) 6 დღე გავატარე. ძალიან გულუბრყვილოები არიან. პიგმეებში პოლიგამიაა, არ არის იმის გარჩევა, ჩემი ცოლი, შენი ცოლი. საცხოვრებლები საყრდენებზე აქვთ აღმართული, რომ ქვეწარმავალი ან ნიანგი არ მისწვდეთ, ან ნალექმა არ შეაღწიოს. სპილოზე ნადირობა ძალიან რთულია, მათ კი იციან ხერხები: ორმოში უსაფრდებიან, სპილო რომ გადაივლის, ქვემოდან უყრიან შუბს მუცელში, გულის მიმართულებით. თუ სპილო მაშინვე­ არ მოკვდა, ღრიალებს, დარბის, ბევრს დაჭყლეტს კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც მათი ლუკმა ხდება.

- გაგიმასპინძლდნენ სპილოს ხორცით?
- მე ქურციკისა და ფრინველის ხორცით გამიმასპინძლდნენ.

"სამი მასაიელი შუბოსანი დამყვებოდა, რომ ლომი არ დამსხმოდა თავს"

მასაის ტომთან 14 დღე ვიცხოვრე. ისინი­ კენიასა და ტანზანიაში ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან. ტომში სამხედრო წესივით აქვთ: ბიჭები 6 წლიდან მომზადებას იწყებენ, ისე არიან გაწვრთნილი, შეჯიბრებაზე რომ გიყვანონ, ალბათ, ყოველი მესამე-მეოთხე ოლიმპიური ჩემპიონი გახდება. დისციპლინირებული ხალხია, შეგნებულად არ ეკონტაქტებიან ევროპელებს.

ნადირობითა და მეცხოველეობით ირჩენენ თავს. მეტწილად ხორცს ჭამენ. მამაკაცები თმას ატარებენ, ქალებს კი თავი გადაპარსული აქვთ. ტალახისა და ნეხვისგან აგებულ სახლებში ცხოვრობენ, რომელთაც ბომას უწოდებენ. თაღოვანი ქოხები წრიულადაა­ ჩალაგებული და რკალად სოფელს ქმნის, რომელსაც გარს ორმეტრიანი ღობე აქვს შემოვლებული, ლომი რომ არ ჩახტეს. მე სამი შუბოსანი დამყვებოდა, რომ მოულოდნელად ლომი არ დამსხმოდა თავს.
ტომის ბელადი მესამე დღეს მეუბნება­, კარგად გაიარე გამოცდა, ჩვენი ცხოვრების წესს შეეგუე, ნეხვი არ გეზარება, არც ბუზები, ყოჩაღო, და უცებ ბარაქიანად დაიფურთხა ხელისგულზე და გამომიწოდა, ჩამომართვიო. ეს იყო მათთან დაახლოების პირველი რიტუალი. ჩამოვართვი, სხვა რა გზა მქონდა. სამი დღის შემდეგ სასმლითაც გამიმასპინძლდა, გათხი ჰქვია, რძეში შერეული მოზვრის სისხლია. ოღონდ ახლა გული არ ამერიოს-მეთქი, ვნატრობდი და დაახლოების ეს რიტუალიც გავიარე.

მასაელები მეცხოველეობას მისდევენ, ვისაც 100 ზებუ ჰყავს, შეუძლია 1 ცოლი ჰყავდეს. ბელადს­ 300 ზებუ და შესაბამისად, სამი ცოლი ჰყავდა
. ერთ საღამოს კოცონთან ვსხედვართ და ბელადი მეუბნება, შენ ჩვენსავით იქცევი,­ როგორი ევროპელი ხარ, ცხვირს არაფერზე­ იბზუებო, და დასძინა, ახლა შუბს გავიქნევ და რომელ ბომასთანაც დაეცემა (მისი სამივე ცოლი სხვადასხვა ბომაში ცხოვრობდა) იმ ცოლთან გაათევ ღამესო. ამაზე დიდ პატივს მათგან ვერ დაიმსახურებ. თავი რომ დამეძვრინა, ავუშარდი, წესებს არღვევ, ჩვენთან ასეთი რამ მიღებული არ არის-მეთქი. ამაზე გაჯავრდა, შენ მე ჭკუას როგორ მასწავლი, ვინ ხართ ეს თეთრკანიანები, თუ ასეა, არაფერსაც არ მიიღებო! საბოლოოდ შემოვირიგე, მაგრამ მთავარი პრიზისგან თავის არიდებით. გამომშვიდობების წინ ბელადს ხელი რომ ჩამოვართვი, აღარ მიშვებდა, ვალდებული ხარ თვალებზე მიმკურნალოო. ნეხვით შეგოზილი სახლების მცხოვრებთა საცრემლეებთან ბუზები მუდმივად კვერცხს დებენ. ამიტომაც იწყება დაბრმავება. ვუხსნიდი, მე მეცნიერების დოქტორი ვარ, ექიმი კი არა-მეთქი, მაინც არ მიშვებდა, სანამ არ დავპირდი, რომ ექიმს გავუგზავნიდი.

- თქვენზე ამბობენ, მინისტრობაზე უარი თქვაო.
- თავის დროზე შემომთავაზეს, ახალშექმნილი გარემოს დაცვის სამინისტროს პირველი მინისტრობა, მაგრამ მე ბუნების შვილი ვარ და არა კაბინეტის.


არჩილ
21 მარტი 2019 23:04
ისეთი არაჩვეულებრივი კაცი და პიროვნება, როგორიც ბატონი არნოლდია, თავის დიდ გამოცდილებას და ცოდნას ახალგაზრდებს უნდა უზიარებდეს
status quo
17 მარტი 2019 12:14
მაგარი კაცი,ესეთები ეხლა იშვიათობაა.
LEKSO KUTAISI
17 მარტი 2019 11:51
ჰემი იგბალი რა სხვის ცოლტან დავცვე კი არა ორი პური დავტოვე სახლჰი და საგამოს ორივე ჰეჰმული დამხვდა

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები