რას ნიშნავს "კოლექტიური მეხსიერება" და რა ფენომენია სიზმარი - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს "კოლექტიური მეხსიერება" და რა ფენომენია სიზმარი

"ვინ იცის, რას ამოკრეფს ჩვენი ტვინი თავისი საოცარი საცავებიდან, სადაც ჩვენი წინაპრების მეხსიერებაც არის შემონახული"

შეუძლებელია ტვინის განუზომელი შესაძლებლობების შეფასება. ის ჩვენს მოქმედებებს, მასთან ერთად კი - დედამიწას მართავს. თუ როგორ, ამის ამოხსნას დიდი ხანია ცდილობენ მეცნიერები. ტვინის უნიკალურ ფენომენზე, მათ შორის - სიზმარზეც ბიომედიკოსი დავით მუჯირიძე გვესაუბრება.

- ტვინი სხეულისთვის უმცირესი ორგანოა, უჯრედების რბილი გროვა, რომელსაც მოძრაობის უნარიც არ გააჩნია, მაგრამ ეს "რბილი გროვა" მსოფლიოს მართავს. მეცნიერებისთვისაც ძნელია იმის დაჯერება, რომ ტვინის შექმნაში ზებუნებრივი ხელი არ ურევია. მაგალითად, სასწაულია სიზმარი, რომლის მექანიზმი დღემდე ამოუხსნელია. სიზმრის შესწავლისას მეცნიერები უამრავ ბარიერს აწყდებიან, თუმცა უკვე გარკვეულია, რომ ძილის პირველ, ანუ ნელტალღოვან ციკლში დასიზმრებული ადამიანს არ ამახსოვრდება. რა არის ეს ნელტალღოვანი ციკლი? ეს არის ძილის პირველი ციკლი, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარი გრძელდება და უმნიშვნელოვანესია. ადამიანები, რომლებიც ძილის ამ ფაზას გადიან, ჯანმრთელებად მიიჩნევიან, ფსიქიკურად დაავადებულები კი ამ ფაზას "ახტებიან" და პირდაპირ გადადიან პარადოქსულ ძილზე...

ძილის პირველ, ანუ ნელტალღოვან ციკლში თავის ტვინში წარმოიქმნება მაღალი ამპლიტუდის ნელი ტალღები და სხეული თანდათან დუნდება - ნელდება სუნთქვა, ეცემა წნევა, ქვეითდება ცნობიერება და კუნთოვანი ტონუსი. ამ ფაზის ბოლო სტადიაში ვითიშებით სამყაროს სიგნალებისაგან, ვეღარ აღვიქვამთ გარე მოვლენებს. აი, ამ პერიოდის დასრულების შემდეგ იწყება უცნაური რამ - ჩვენი სხეულის კუნთოვანი ტონუსი ქრება (ფაქტობრივად, ატროფია ვითარდება) და მოულოდნელად აქტიურდება ტვინი - ნელი ტალღები სწრაფი ტალღებით იცვლება, დახუჭულ ქუთუთოებქვეშ კი თვალები იწყებს ტრიალს. სწორედ ეს არის ძილის ის ფაზა, რომელსაც პარადოქსულ ძილს უწოდებენ და რომლის დროსაც ნამდვილი სიზმრები გვესიზმრება, მათ შორის - წინასწარმეტყველური, ცხოვრებისეული და სრულიად უაზროც... ამ დროს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ტვინს, რომელიც მილიონობით ნეირონული უჯრედისაგან შედგება და იწყებს "ხეტიალს" მეხსიერების საცავებში, სადაც შემონახულია უამრავი ინფორმაცია, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს წინაპრებსაც განუცდიათ - ჩვენს ტვინს ხომ დნმ-ით მათი მეხსიერებაც გადმოეცა.

- რა საოცრებაა! თუ ჩემი შორეული წინაპარი, ვთქვათ, მეომარი იყო, მისი შთამომავალი კი - მოძღვარი, ან სულაც ყაჩაღი, მათი განცდილი მე დამესიზმრება? - ასე მიიჩნევენ მეცნიერები, რომლებიც ამას "კოლექტიურ მეხსიერებას" უწოდებენ. ვინ იცის, რას ამოკრეფს ჩვენი ტვინი თავისი საოცარი საცავებიდან.

ზოგიერთი ადამიანის ტვინს ზემგრძნობელობის უნარიც აქვს, რასაც ინტუიცია ან წინასწარმეტყველება მოჰყვება. ფსიქიკური დაავადებები ნეიროფსიქოლოგიურ დარღვევად ითვლება, რომელიც ტვინის განსაზღვრულ უბანზე ნეირონების დაზიანებით არის გამოწვეული. ცხადია, ნეირონები დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგალითად, ძილის გამშვები ნეირონების ფუნქციის დარღვევა, შესაძლოა, დეპრესიის მიზეზად იქცეს.

არსებობს ვირთაგვებზე ჩატარებული ცდები, როცა მათ ძილის ფუნქცია მოუშალეს. Aამ დროს მათ გაუჩნდათ სიამოვნების მიღების ისეთივე დეფიციტი, როგორიც ადამიანებს. მაგალითად, ვირთაგვებს ძალიან უყვართ დამტკბარი წყალი, დეპრესიაში მყოფები კი ჩვეულებრივსა და დამტკბარ წყალს ერთნაირად უხალისოდ სვამენ.

- სტრესი როგორ მოქმედებს ადამიანის ტვინზე?..

- შესაძლოა, ერთჯერადი სტრესი ტვინის "გამოფხიზლებისთვის" სასარგებლოც კი იყოს, მაგრამ ქრონიკული სტრესები ტვინსა და, შესაბამისად, ადამიანს ანგრევს. სტრესის დროს ტვინში ქიმიური პროცესები მიმდინარეობს, რის შედეგადაც რადიკალები, ანუ დამუხტული ელემენტები გამოიყოფა. შემდეგ ეს ელემენტები გადადის სხეულში და უამრავ მძიმე დაავადებას იწვევს,M მათ შორის - ფსიქიკურ დარღვევებსაც... Mმაგრამ ბედნიერება ის არის, რომ ტვინის ნეიროუჯრედები მუდმივად განახლებადი აღმოჩნდა. ეს აღმოჩენა ბოლოდროინდელია და მას ბევრი იმედი უკავშირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ტვინს განვითარებისა და დასვენების საშუალებას მივცემთ. ევროპაში, მაგალითად, საფრანგეთის სკოლებში, მობილური ტელეფონების ტარება აიკრძალა, 12 წლამდე ბავშვების სოცქსელებში ჩართვა დანაშაულად ითვლება, საქართველოში კი ბავშვებს ტელეფონები თუ კომპიუტერები საწოლში შეაქვთ, არ იძინებენ ან ძალიან გვიან იძინებენ. როცა ამას ხელს არ ვუშლით, მათ ტვინს და, შესაბამისად, ჩვენს შვილებსაც ვანადგურებთ...