"ჩვენს მამაკაცებს არ მოსწონთ აქტიური ქალები, მათი გაგებით, ქალი "კუხნაში" უნდა იყოს" - ვინ არის ერთადერთი აშუღი ქალი საქართველოში? - კვირის პალიტრა

"ჩვენს მამაკაცებს არ მოსწონთ აქტიური ქალები, მათი გაგებით, ქალი "კუხნაში" უნდა იყოს" - ვინ არის ერთადერთი აშუღი ქალი საქართველოში?

"12 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა პატარა საზი მიყიდეს. ეს უძველესი ხალხური საკრავი, როგორც ამბობენ, მუჰამედის დროიდან არსებობს. საზზე ოდითგან, ძირითადად, კაცები უკრავდნენ. დღეს საქართველოში ერთადერთი ქალი ვარ, რომელიც ამ ხალხურ საკრავზე უკრავს"

თინათინ (ნარგილე) მეჰთიევა ერთადერთი აშუღი ქალია საქართველოში, რომელიც უძველეს აღმოსავლურ საკრავ საზზე უკრავს და მღერის. ნარგილე 38 წლისაა და საქართველოს სახელით არაერთ აშუღურ თუ მუსიკალურ ფესტივალზე გამოსულა ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

- მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში დავიბადე და გავიზარდე. თინათინი მშობლებმა დამარქვეს, ბებიამ კი, ნარგილე. ქართველი მეგობრები თინათინს მეძახიან, აზერები - ნარგილეს. სკოლის დამთავრების შემდეგ 4 წლით წავედი ბაქოში და კონსერვატორიაში შევისწავლე საზზე დაკვრა. 12 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა პატარა საზი მიყიდეს. ეს უძველესი ხალხური საკრავია. როგორც ამბობენ, მუჰამედის დროიდან არსებობს. რაც მეტსიმიანია, მით რთულია მასზე დაკვრა. მე 8-სიმიანზე ვუკრავ. დღეს საქართველოში ერთადერთი ქალი ვარ, რომელიც ამ ხალხურ საკრავზე უკრავს. საზზე ოდითგან, ძირითადად, კაცები უკრავდნენ. წარსულში აშუღები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და უკრავდნენ საგმირო და სატრფიალო სიმღერებს. საზი ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია და ამიტომ ბევრს ნიშნავს ჩემთვის. თარზეც ვუკრავ, ვხატავ კიდეც, მაგრამ მუსიკის გარეშე არ შემიძლია.

- მაინც რაში გეხმარებათ მუსიკა და საზი? - მირზა ფათალი ახუნდოვის კულტურის მუზეუმში ბავშვებს საზზე დაკვრას ვასწავლი. სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები მყავს, არა მხოლოდ აზერბაიჯანელები: ორი ინგლისელი, ერთი ქურთი და ერთიც ქართველი. საქართველოს ქალთა კავშირის წევრი ვარ, კონცერტებს, გამოფენებს, კონკურსებს ვმართავთ.

საქართველოს სახელით ვმონაწილეობ სხვადასხვა ეროვნულ ფესტივალში. თურქეთის სხვადასხვა ქალაქში აშუღურ ფესტივალებში, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანაში, ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, დანიაში... 14 მაისს ჰონკონგში მივემგზავრები ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე. ევროპის მუსიკალური ფესტივალები მრავალფეროვანია, იქ მუსიკაცაა, კონკურსიც, ტრადიციული კერძების ფესტივალიც. ერთხელ ლონდონში ტრადიციული კერძების მომზადებაში შეჯიბრება გაიმართა, ჩემი მომზადებული ტოლმითა და ხინკლით გამოვიჩინე თავი და საღამოს ვარსკვლავის სტატუსი მომანიჭეს.

16 წლის ვიყავი, როცა აზერბაიჯანში ქალთა აშუღურ ფესტივალზე პირველ ადგილზე გავედი. მეორედ, 2016 წელს, საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე გავიმარჯვე და უნიკალური შესრულებისთვის პირველი ადგილი მომანიჭეს, ამ დღეებში კი ჰანოვერში მივემგზავრები.

- ოჯახისა და შვილებისთვის დრო თუ გრჩებათ? - 16 და 14 წლის შვილები მყავს. გოგონას დიზაინი იტაცებს, ვაჟს - მუსიკა. მეუღლეს სხვა რა გზა აქვს, ჩემს რეჟიმს ეგუება. ისიც აზერბაიჯანელია და ჩვენს მამაკაცებს, მოგეხსენებათ, არ მოსწონთ აქტიური და თავისუფალი ქალები, მათი გაგებით, ქალი "კუხნაში" (იცინის) უნდა იყოს, მაგრამ ჩემი მეუღლე განსხვავებულია.

- რა გეგმები გაქვთ? - ადრე აშუღები ჰყვებოდნენ დასთანს (ჰეროიკული, სატრფიალო და რომანტიკული პოემის ზოგადი სახელი აღმოსავლეთის ფოლკლორსა და ლიტერატურაში) და ამას 3-4 დღეს ანდომებდნენ. ეს აქამდე არც ერთ ქალს არ გაუკეთებია და გადავწყვიტე, ამ რთული საქმისთვის მომეკიდა ხელი. ლონდონში, დიდ საკონცერტო დარბაზში მოვყვები დასთანს და, თუ სხვები ამას 3-4 დღე უნდებოდნენ, მე ვეცდები 2 საათში მოვყვე.

- რამე საინტერესო ამბავი მოგვიყევით, რაც თავს გადაგხდენიათ. - ლონდონში ვიყავით კონცერტზე, მთელი გზა ჩემს თავს ვკიცხავდი, რა გინდა ინგლისში, რა იციან მათ საზი, ვის აინტერესებს აშუღები-მეთქი. პირველი კონცერტი უცნაურად წარიმართა: მარტო მე ვიყავი სახალხო მომღერალი ქალი, ამიტომ ვნერვიულობდი. ერთი სიმღერა მკვდარივით ვიმღერე, ვფიქრობდი, ან ახლა გამაგდებენ, ან ახლა-მეთქი, მაგრამ მსმენელი დიდი ოვაციით შემხვდა. მეორე დღეს კონცერტზე ერთი ინგლისელი მამაკაცი მოვიდა და პლასტიკურ ბარათს მიწვდის. ინგლისური არ ვიცოდი, მეგონა, მეუბნებოდა, გამომართვი და ბანკიდან რამდენიც გინდა, იმდენი თანხა აიღეო. ვიუარ-ვიუკადრისე, `ნო, ნო~-მეთქი. ის ინგლისელი ფოტოგრაფი ყოფილა და ბარათზე ჩემი სურათი ჰქონია გამოსახული საზთან ერთად, თურმე მეუბნებოდა, თქვენი თაყვანისმცემელი ვარ და თქვენი ფოტო პლასტიკურ ბარათზე მაქვს გამოსახულიო. მთლად უარესი წინ იყო: მკლავზე ტატუ დამანახა - ჩემი ფოტო ჰქონდა ტატუირებული საზით ხელში. პირველ კონცერტზე ჩემთვის ფოტო გადაუღია, წასულა და პლასტიკურ ბარათსა და მკლავზეც გამოუსახავს. კარგა ხანს მუნჯივით ვიდექი, თან როცა ლაპარაკობდა და მკლავს ამოძრავებდა, ტატუ ისეთი დინამიკური გამოდიოდა, თითქოს ვუკრავდი.

როცა კონცერტზე მელოდებოდნენ, თურმე ყველა ფიქრობდა, აშუღი ქალი, ალბათ, მსუქანი და ზორბა იქნებაო. აფიშებზე ჩემი საზი დიდად იყო დაბეჭდილი და ეგონათ, უზარმაზარი ქალი ვიყავი და ამხელა საზს ამიტომ ვერეოდი. არადა, საზი 3 კილოგრამს იწონის. როცა შემხვდნენ, მეკითხებოდნენ, აშუღი სადაა, მოდისო? ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთი გამხდარი ვიქნებოდი.

- თინათინ, რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო? - საქართველო ჩემი სამშობლოა, სამშობლო კი ყველაფერია.