"ბევრი მოზარდი მიიყვანეს ასეთმა ნაძირალებმა თვითმკვლელობამდე" - კვირის პალიტრა

"ბევრი მოზარდი მიიყვანეს ასეთმა ნაძირალებმა თვითმკვლელობამდე"

ბოლო დროს არაერთი მოზარდი გახდა ინტერნეტშანტაჟის მსხვერპლი. არაერთი თვითმკვლელობა დაუკავშირეს ინტერნეტთამაშს.

თინათინ ყირიმლიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ინტერნეტის" აღმასრულებელი დირექტორი:

- არასრულწლოვანის მართვა ძალიან მარტივია. ვინც ასეთ საქმეებშია ჩართული, კარგად იციან, როგორ მიუდგნენ ბავშვებს, რაზე ელაპარაკონ, როგორ მიიღონ ინფორმაცია. ყველა მშობელი ასწავლის ბავშვს, ქუჩაში უცხოს არ გაჰყვეს, არ დაელაპარაკოს, მაგრამ ისიც უნდა აუხსნან, რომ იგივე შეიძლება ინტერნეტში განმეორდეს.

საფრთხე ინტერნეტსივრცეში გადავიდა, განსაკუთრებით ონლაინთამაშებში, როგორც წესი, მათ თავიანთი ჩატი, ფორუმი აქვთ. კარგი იქნება, მშობელმა იმავე თამაშის რეგისტრაცია გაიაროს, ითამაშოს და ნახოს, რა ჯგუფებშია ბავშვი რეგისტრირებული. მშობელს შეუძლია შვილის "ფეისბუკში" შევიდეს და ნახოს ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც გაწევრებულია. "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი ანალოგი ბევრია...

- რა კეთდება მშობლების ინფორმირებულობისთვის? - ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან და საქართველოს სხვადასხვა სკოლაში ტრენინგებს ვატარებთ მშობლებისა და ბავშვებისთვის. მშობლებს ვუხსნით, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, ბავშვებს კი, რა ინფორმაცია არ უნდა გასცენ. ადამიანები ინტერნეტში მარტივად იმალებიან, ახერხებენ შენიღბვას, თამაშებში უცნაური სახელები ჰქვიათ. მშობლებს ვასწავლით, როგორ შეიძლება ბრაუზერის მეშვეობით ლინკების, საიტებისა და ა.შ. დაბლოკვა. არსებობს პროგრამები, ფილტრები, მშობელს შეუძლია მობილურ ტელეფონში ჩატვირთოს პროგრამა და გააკონტროლოს შვილი. პროგრამა სამი ხარისხისაა. მაგალითად, ყველაზე მაღალ დონეში ჯი-პი-ესი სიგნალს გაძლევს და გაიგებ, შენი შვილი სად არის. ასევე შეიძლება მოგივიდეს შეტყობინებები იმ პროგრამებიდან, რომლებიც აქვს მას ტელეფონში ან კომპიუტერში...

რამდენიმე თვის წინ უცხო ქვეყნის მოქალაქე არასრულწლოვანი ბავშვების ფოტოებს დებდა ინტერნეტში. შს სამინისტროს ვთხოვეთ, გაერკვია, ვინ იყო ის, რა მიზნით ტვირთავდა ფოტოებს. გამოძიება დაიწყო... კიდევ ბევრი ასეთი ფაქტია, მაგრამ კონფიდენციალურობის გამო ვერ გავახმაურებ.

13 იანვარს 30 წლის მამაკაცი დააკავეს. ის ბავშვს სოცქსელით დაუკავშირდა და პირადი და ოჯახის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა, ბავშვი რომ ვერ აიყოლია, მისი ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა. გოგონამ დახმარებისთვის დედას მიმართა და ახლა იმ პირს სასამართლოში მოუწევს ახსნა, რატომ აშანტაჟებდა 9 წლის გოგონას.

ბავშვის დედა: - სამსახურში ვიყავი, შვილმა მომწერა, ვიღაც "ფეისბუკზე" გადამეკიდა და ჩემი ფოტოების სადღაც გამოქვეყნებით მემუქრებაო. ბავშვის "ფეისბუკის" პაროლი მაქვს, თითქმის ყოველ საღამოს ვამოწმებ. მაშინვე წავიკითხე მიმოწერა, ვიღაც იკა კუციას სახელით დარეგისტრირებული პირი სწერდა და ითხოვდა, პირადი მიმოწერა მესინჯერში გაეგრძელებინა. ბავშვი უხსნიდა, რომ უცნობ ადამიანებს არ ელაპარაკება... რომ არ უპასუხა მის კითხვებს, ჩემი შვილის პროფილიდან ამოკრეფილი ფოტოები ჩაუყარა მესინჯერში, თუ არ გააგრძელებ ჩემთან მიმოწერას, შენს ფოტოებს ავტვირთავო. მაშინვე ვცადე მესინჯერით მასთან დაკავშირება, მაგრამ არ მიპასუხა. მერე ხმოვანი შეტყობინება გავუგზავნე, რომ პოლიციაში გავაგრძელებდით ურთიერთობას და დამბლოკა. მაშინვე მივედით პოლიციის განყოფილებაში. დანარჩენი გამოძიებამ გაარკვია. შს სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენებია, რომ იმ მამაკაცს ინტიმური მიმოწერა ჰქონია ბავშვებთან. ჩემს შვილთან საქმე აქამდე არ მისულა, რადგან მაშინვე შემატყობინა. ბევრი 15-16 წლის მოზარდი მიიყვანეს ასეთმა ნაძირალებმა თვითმკვლელობამდე. ჩემი 9 წლის შვილი კი უფრო მომზადებული აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ბევრს ვსაუბრობთ ამ საფრთხეებზე.

ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ამ საფრთხის გამო კოლბაში ვერ გამოვკეტავთ ბავშვებს. აკრძალვა არ ამართლებს, პირიქით, ბავშვს უფრო მეტ ინტერესს აღუძრავს. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია შვილებთან ვიმეგობროთ. ყველა ბავშვს მივმართავ: ვენდოთ მშობლებს, დასამალი და სასირცხვილო არაფერია, თუ თქვენ ვერ აგვარებთ პრობლემას, მშობელს მიანდვეთ.