ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქციკაცია 10-მდე ბინის მეპატრონემ, მათ შორის ბავშვებმა მიიღეს - კვირის პალიტრა

ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქციკაცია 10-მდე ბინის მეპატრონემ, მათ შორის ბავშვებმა მიიღეს

"გასულ კვირაში CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კლავს!" - ამის შესახებ ყაზტრანსგაზ-თბილისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, სამგორის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გადაღებულია კადრები, სადაც ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს მოიხმარდნენ. კადრებში ჩანს საკვამლე მილი, რომელშიც ჩიტის ბუდეა გაკეთებული. ოჯახის წევრები სასწაულად გადაურჩნენ CO-ს ინტოქსიკაციას, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და კლავს.

შემოწმებისას ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა აკრძალული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მფლობელი გააფრთხილეს, რომ სასწრაფოდ ჩაანაცვლოს საშიში დანადგარი, დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებლით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, ბინის მეპატრონეების დაუდევრობით, გასულ კვირაში თბილისში CO-თი ათამდე ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი აკრძალულ და საშიშ ღია კამერიან გაზგამათბობელს ან წყალგამაცხელებელს მოიხმარდა, რომლებიც უკვე ჩაჭრეს ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი გაფრთხილებთ სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები, რომლებიც ძალიან საშიშია და კლავს. ჩაანაცვლეთ ისინი დახურულ კამერიანი გაზდანადგარებით. CO ბუნებრივ გაზზე საშიშია, CO კლავს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"