ტყვია, რომელიც ნელა კლავს... - კვირის პალიტრა

ტყვია, რომელიც ნელა კლავს...

"სათამაშოებში ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოვაჩინეთ, მაგრამ არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ბაზრიდანაც არ ამოღებულა. არ არსებობს ნორმა, რომ სათამაშოებში არ შეიძლება მავნე ნივთიერება რაღაც დონეს აჭარბებდეს"

გროგამოშვებით სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა პროდუქტს ამოწმებს. ბოლო შემოწმების შემდეგ შევიტყვეთ, რომ სუნელებსა და ნედლ რძეში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა. საიდან ხვდება საკვებ პროდუქტში ტყვია, რა ზომას უნდა მიმართოს მწარმოებელმა, რომ თავიდან ავიცილოთ ამგვარი საფრთხეები, ამ საკითხებზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე გვესაუბრება:

- წყაროები, თუ სად ხდება პროდუქტის ტყვიით დაბინძურება, არ ვიცით. მხოლოდ ერთი წყაროა აღიარებული, ბოლნისის რაიონის საბადოები. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგითაც დადგინდა, რომ ამ ტერიტორიებზე ნიადაგში ტყვიის დიდი შემცველობაა, სავარაუდოდ, იმ ადგილებში წარმოებული პროდუქტიც ტყვიით დაბინძურებული იქნება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოავლინა ფალსიფიცირებული სუნელების კუსტარული საწარმო, რომელშიც სუნელების შესაღებად არასაკვებ, ტყვიის შემცველ საღებავებს იყენებდნენ. ეს ერთეული შემთხვევაა, მაგრამ სხვადასხვა ტერიტორიასა და სხვადასხვა სურსათში საიდან ჩნდება ტყვია, უცნობია. სახელმწიფომ ვერ (ან არ) ჩაატარა კვლევა-ძიება ამის დასადგენად.

სურსათის ეროვნული სააგენტო პერიოდულად იღებს ნიმუშებს და ამოწმებს, მაგრამ თუ არ მიაგნეს დაბინძურების წყაროებს, აზრიც არა აქვს მუშაობას.

არ მოწმდება ბევრი სხვა სამომხმარებლო პროდუქციაც (სამშენებლო მასალა, ბიჟუტერია, საღებავები თუ სხვ.), საამისოდ არც კონკრეტული მოთხოვნები არსებობს. მაგალითად, ბავშვთა სათამაშოებში ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოვაჩინეთ და ამის გამო არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ბაზრიდანაც არ ამოღებულა. არ არსებობს ნორმა, რომ სათამაშოებში არ შეიძლება ესა და ეს ნივთიერება რაღაც დონეს აჭარბებდეს. კანონში არის მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ პროდუქცია უნდა იყოს უსაფრთხო. ტყვია და სხვა დამაბინძურებლები თუ მაღალი დოზით არ არის მიწოდებული, არ იწვევს მოწამვლას და სიკვდილს. ტყვია ნელ-ნელა სახლდება ორგანიზმში და დროთა განმავლობაში სხვადასხვა დაავადებას იწვევს.

ტყვია ძვლებში ილექება და განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის საშიში - იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, გაღიზიანებას, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას. შეიძლება ერთბაშად ვერც გაიგოს ადამიანმა, რატომ გაუჩნდა ჯანმრთელობის პრობლემა, თუ ტყვიაზე არ გაიკეთა ანალიზი.

მიმდინარეობს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა - შერჩევის პრინციპით 1200 ბავშვი მოწმდება. შემდეგი ნაბიჯი კერების გამოვლენა და აღმოფხვრა უნდა იყოს.

- საქართველოს საზღვარზე შემოსული პროდუქტები თუ კონტროლდება? - საზღვარზე 2017 წლის ბოლომდე არ ამოწმებდნენ მცენარეული წარმოშობის სურსათში მავნე ნივთიერებების შემცველობას, მოწმდებოდა მხოლოდ ცხოველური პროდუქტი. რაც საბაჟოზე გამოვლინდება, უკან იგზავნება ან ანადგურებენ. არასასურსათო პროდუქცია ანალოგიურ შემოწმებას არ ექვემდებარება. ხელისუფლებამ უნდა დანერგოს კონტროლის მექანიზმები როგორც სურსათზე, ისე სხვა პროდუქციასა და გარემოზე. მხოლოდ ტყვია ხომ არ არის პრობლემა, ბევრი სხვა დამაბინძურებელიც არსებობს...

კვლევის შედეგად...

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძისა და რძის ნაწარმის - 82, ხორცის და ხორცპროდუქტების - 335, თევზის და თევზის პროდუქტების - 47, კვერცხის - 68, ბავშვთა კვების პროდუქტების - 48, სუნელ-სანელებლების - 137, თაფლის - 11, სასმელების - 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში. 1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2%-ს შეადგენს. ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში. დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლების 8 ნიმუშში (2017 წელს სუნელ-სანელებლებში 33 დარღვევა დაფიქსირდა).