დემოკრატია, როგორც კომბოსტო - კვირის პალიტრა

დემოკრატია, როგორც კომბოსტო

"რა მეთოდებით ასწავლის ბავშვებს ლადო აფხაზავა, რომელიც შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესო მასწავლებლად აღიარონ"

ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა მსოფლიოს პედაგოგთა პრესტიჟული დაჯილდოების - "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტს შორის მოხვდა. თავდაპირველად, კომპეტენტურმა ჟიურიმ არჩევანი 179 ქვეყნის 40 000 მასწავლებელს შორის გააკეთა... საბოლოოდ, ფინალისტი "დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე" 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს...

- მეხუთე წელია, "მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს" კონკურსი იმართება და მასში მონაწილეობის უფლება ყველა მასწავლებელს აქვს... 50 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვედრის იმედიც არ მქონდა, მას შემდეგ, რაც ათეულში მოვხვდი, ვგრძნობ, რომ ჩემში პატარ-პატარა ამბიციები იღვიძებს, მიასმაგდება სურვილი, ქვეყანა ვასახელო, ქართველი მასწავლებლების პოპულარიზაცია შევძლო. სკოლაში წასასვლელად ვემზადებოდი, ეს ამბავი ტელევიზიით რომ გავიგე. სიხარულისგან თვალთ დამიბნელდა, მუხლები ამიკანკალდა. სკოლაში ძალიან თბილი შეხვედრა მომიწყვეს, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, თუმცა თავს შემოვუძახე, ცრემლებს ხომ არ დავანახებ ბავშვებს-მეთქი.

ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ძლიერი მასწავლებლებით, მაგრამ მე ჩემი მეთოდები შევიმუშავე.

მინდოდა, აპლიკაციის შევსებით ქართველი მასწავლებლის ხმა მსოფლიოსთვის მიმეწვდინა. ავსახე, როგორ უჭირს გურიას, რას ვაკეთებ, რომ ჩემი მოსწავლეები მომავლისთვის მოვამზადო... რა რესურსიც მაქვს, ყველაფერს ვიყენებ, რომ საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ წარვმართო. შემიძლია გაკვეთილი კომბოსტოთი, ქაღალდით ან პოლიეთილენის პარკით ავხსნა. მაგალითად, კომბოსტოთი ვხსნი დემოკრატიას. კომბოსტო შედგება ერთი ღერძისა და ძალიან ბევრი ფოთლისგან. დემოკრატიის პრინციპიც ეს არის - ერთ ღერძზე ბევრი სექტორი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთ დიდ ბირთვს ქმნის.

ჩიბათის სკოლაში ბავშვს რომ ჰკითხოთ, დემოკრატიის წყარო რა არისო, გეტყვიან, წყარო ადამიანებია, მაგრამ სიმბოლო - კომბოსტოო. შემდეგ კომბოსტოზე ვამაგრებთ ფერად დროშებს, რომლებიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა აქტიურ ორგანიზაციას წარმოადგენს. მოსწავლეებმა უამრავი დროშიდან უნდა დატოვონ ის ხუთი, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას ააქტიურებს. ბოლოს კომბოსტოზე რჩება სექტორებს შორის თანამშრომლობა, დემოკრატია,"სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი მედია, სიტყვის და გამოთქმის თავისუფლება. შემდეგ განვიხილავთ, როგორ ააქტიურებს საზოგადოებას ეს ხუთი კომპონენტი. ასეთი სწავლება ძალიან სახალისოა ბავშვებისთვის. ჩემი აზრით, დასრულდა ის დრო, როცა სწავლის ძირი მწარე იყო. სწავლის ძირი 21-ე საუკუნეში უნდა იყოს ტკბილი და კენწეროც ტკბილი იქნება.

სამოქალაქო განათლების წიგნში რთული თემებია: კონფლიქტები, მისი მოგვარების გზები, მრავალფეროვნება და მულტიკულტურული განათლება... მრავალფეროვნებაზე ეთნიკურ უმცირესობასთან დაკავშირებით გაკვეთილის სწავლება რომ დავიწყე, ბავშვებს შევამჩნიე, რომ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობისადმი არაერთგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ. ალბათ, იმიტომ, რომ ჩიბათში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა არც ერთი ოჯახი არ ცხოვრობს, თუმცა, კვლევა ჩავატარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ გურული ბიჭები დაქორწინებული ყოფილან სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ გოგონებზე და ასეთი 27 აღმოჩნდა. შევქმენი პროექტი""ეთნორძლები და ჩემი სოფელი", წარვადგინე თბილისში და არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური სახლი" გამოგვეხმაურა - საოცარი პროექტია, ვაფინანსებთო. სამი თვის განმავლობაშIი, გაკვეთილების შემდეგ, ერთი კლასი დადიოდა აზერბაიჯანელ რძლებთან, მეორე - ოსებთან, მესამე - აფხაზებთან... ეცნობოდნენ მათ ტრადიციებს, სამზარეულოს, ადათ-წესებს და ინფორმაციები მოდიოდა სკოლაში. ბოლო დავალება ეთნორძლებთან ერთად ტრადიციული კერძების მომზადება იყო. გამოყოფილი თანხით ინგრედიენტები შევიძინეთ და ხუთი სუფრა გაიშალა - უკრაინული, აზერბაიჯანული, ოსური, აფხაზური, სომხური. ზოგიერთ ჩემს კოლეგას ეგონა, სუფრასთან თავდაპირველად ბავშვებს კი არა, პედაგოგებს მივიწვევდი, მაგრამ ვთქვი, რომ პროექტი ბავშვებისთვის იყო და ჯერ ისინი უნდა დამსხდარიყვნენ. მასწავლებლები, ცოტა არ იყოს, შეიშმუშნენ, მერე კი მიხვდნენ...

- სხვა მეთოდებზეც მომიყევით... - მაგალითად, კონფლიქტების მოგვარების გაკვეთილის სწავლა ბავშვებს არ ეხალისებათ. მე ისინი სამ გუნდად დავყავი.

მუსლიმ ბავშვებს მივეცი ქრისტიანების როლი, ქრისტიანებს - მუსლიმების, მესამე გუნდი კი იყო ხელისუფლება. გამოვიყენე სოფელ ნიგვზიანის რელიგიური კონფლიქტი, რომელიც, რაც უფრო მეტი უფლებადამცველი ან პოლიტიკოსი ჩადიოდა, უფრო ღვივდებოდა. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტე, რომ მშვიდობის კვირეული მოგვეწყო ნიგვზიანში.

30 მოსწავლესთან ერთად - მათ შორის ქრისტიანებიც იყვნენ და მუსლიმებიც - წავედით და რამდენიმე დღე გაკვეთილებს მეჩეთში ვატარებდით. თავიდან ალმაცერად გვიყურებდნენ, მაგრამ რადგან ბავშვები მახლდნენ, ხმა არავის გაუცია. ჩვენი მაგალითი ნიგვზიანის სკოლამაც გაიზიარა. მშვიდობის კვირეულმა მართლაც დაათბო სიტუაცია.

ამ პროექტმა ბევრი უნარ-ჩვევა შესძინა ბავშვებს. რაც უნდა რთული იყოს გაკვეთილი, ბავშვი მაინც დაისწავლის, მაგრამ მეორე დღეს ან ეხსომება, ან - არა, ეს პროექტები კი არასოდეს დაავიწყდებათ.

- როგორ შეიმუშავეთ ეს მეთოდები? - ეს რთული არ არის. მარტივი მეთოდებითა და აქტივობებით ბავშვები უფრო უნდა დავაფიქროთ. შენ საგანი გიწყობს ხელს, აბა, მე როგორ ვათამაშო ბავშვი მათემატიკის გაკვეთილზეო? - მკითხა კოლეგამ. საამისოდაც არსებობს მეთოდები, მაგალითად, როგორ გავზომოთ ხე სარკით ან ბამბუკის ჯოხით და მერე ფორმულები ჩავსვათ... მე მას ბიძგი მივეცი და ახლა არაჩვეულებრივ გაკვეთილებს ატარებს.

- 19 წელია, პედაგოგად მუშაობთ. დიდი ხანი არ არის, რაც სკოლებში სამოქალაქო განათლება ისწავლება, მანამდე რას ასწავლიდით? - 2000 წელს მოვედი სკოლაში. ცხრა წლის განმავლობაში რელიგიის ისტორიას ვასწავლიდი - სასულიერო აკადემია მაქვს დამთავრებული ვანი-ბაღდათის ეპარქიაში. ეკონომისტის დიპლომიც მაქვს.

- თქვენი აზრით, რა სჭირდება თანამედროვე განათლების სისტემას? - აუცილებელია რეფორმები, მაგრამ ეს რეფორმები ნაჩქარევად არ უნდა ჩატარდეს. ჩემმა მოსწავლეებმაც იციან, რომ როდესაც პროექტი ხორციელდება, ან რეფორმა მიმდინარეობს, აუცილებელია, დაიგეგმოს პირველი აქტივობა, რომ შემდეგ გაადვილდეს მეორე აქტივობა. ისინი მიეჩვივნენ, რომ ჯერ მიზანი უნდა დაისახონ და მერე მის მისაღწევად სხვადასხვა აქტივობა მშვიდად განახორციელონ.

- თუ გაიმარჯვეთ, რაში აპირებთ მილიონის დახარჯვას? - ლანჩხუთში 26 საჯარო სკოლაა და მინდა ყველგან სასათბურე მეურნეობები გავაშენო, რათა ეკოლოგიური წიგნიერება ამაღლდეს. დავეხმარებოდი ისეთ ახალგაზრდებს, რომელთაც ფინანსური პრობლემის გამო შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი. მაღალმთიან და საზღვრისპირა სკოლებს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სახელმძღვანელოებით დავეხმარები.

- ხშირად ამბობთ, მე და ჩემი ბიჭებიო... - მცირე საოჯახო ტიპის სახლის მენეჯერი ვარ, რომელშიც რვა ბიჭი იზრდება. ისინი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არიან და ვცდილობთ, ოჯახური გარემო შევუქმნათ. რამდენიმე წელია, სკოლაში ერთად მივდი-მოვდივართ, ერთად ვცხოვრობთ, სულ ერთად ვართ. ჩემი მიზანია, ისინი სასახელო, კარგი მოქალაქეები გაიზარდონ. დიახ, ისინი ჩემი ბიჭები არიან!...