რა დიალოგი გაიმართა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ქართულ მხარეს შორის - კვირის პალიტრა

რა დიალოგი გაიმართა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ქართულ მხარეს შორის

სანამ ჩვენ, ქართველებს, ვინმე გარკვეულ პასუხსა და რომელიმე მხარის მხარდაჭერას მოგვთხოვს, მიგვაჩნია, რომ მანამ თავად უკრაინელები უნდა გაერკვნენ, რა უნდათ...

უკრაინის ავტოკეფალიის თემა როგორც სასულიერო პირების, ასევე საზოგადოების დიდი განსჯის საგანია. როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ეკლესიის პოზიცია, როდის დააფიქსირებს მას, რა გვაქვს გასათვალისწინებელი, რათა თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება და შეცდომები? - ამ და სხვა კითხვებზე იღუმენი მიქაელ ბრეგვაძე გვესაუბრება:

- პირველი, რაც უნდა ითქვას, მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში დაიშვა პრეცედენტი, როდესაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ავტონომიური ეკლესიისგან გამოყოფილ და ყველა ეკლესიის მიერ სქიზმატურად (განხეთქილებაში მყოფი) აღიარებულ საეკლესიო ნაწილს ავტოკეფალურობა უბოძა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თავადაც აღიარებდა მას როგორც განხეთქილებაში მყოფ სტრუქტურას. სასულიერო იერარქების აზრით, ეს პრეცედენტი საფრთხეს უქმნის სრულიად მართლმადიდებლობას, რადგან ამით წახალისდა სქიზმა, გაჩნდა მისი წარმოქმნის საფრთხე, გამწვავდება არსებული სქიზმატური კერები, რომლებიც არსებობს სხვა საპატრიარქოებისა და ავტოკეფალური ეკლესიების იურისდიქციებში, საქართველოს მსგავსად, იგულისხმება აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკა. იგივე საფრთხეებია სერბეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში, ბულგარეთის საპატრიარქოს ტერიტორიებზე და ელადის ავტოკეფალურ ეკლესიაში. შეიძლება სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მართლმადიდებელი საპატრიარქოები და ეკლესიები თავს იკავებენ ახალშექმნილი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებისგან. საქართველოს ეკლესია აღიარება-არაღიარებისას, ითვალისწინებს ერთ გარემოებასაც - ის მსოფლიო ეკლესიათა დიპტიქში (მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების მოხსენიების და საერთაშორისო საეკლესიო კრებებზე მოხსენებების რიგითობა) მეცხრე ადგილზეა, რაც მორალურადაც ავალდებულებს მას, ჯერ მის წინ არსებულმა ეკლესიებმა გამოხატონ პოზიცია, დააფიქსირონ მოსაზრება, შემდეგ კი საქართველომ.

- რა არის ამ ვითარებაში უკრაინისა და კონსტანტინოპოლის მოტივაცია? - უკრაინისა ბუნებრივი გარემოებებითაა შექმნილი. მართალია, რუსთა ემბაზი (სანათლავი) კიევშია, თუმცა დღეს რუსი და უკრაინელი თავს ერთი მოდგმის ხალხად აღარ აღიქვამენ. ისტორიულმა გარემოებებმა ეს ერთი მოდგმის ორი ხალხი ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა. თავისთავად გაჩნდა იდეა საეკლესიო დამოუკიდებლობისაც. ზოგი ამ დამოუკიდებლობას ძალიან ჩქარობს და ყველა ხერხს მიმართავს, რომ საწადელს მიაღწიოს, ზოგს კი, მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო ავტოკეფალურობის დიდი სურვილი აქვს, არ უნდა, რომ ეს საეკლესიო სულისა და კანონების გაუთვალისწინებლობის ხარჯზე მოხდეს. ასე რომ, დღეს უკრაინაში დაპირისპირებაში მყოფი ორი აღიარებული ეკლესიაა და ორივე სრულად არის დაკომპლექტებული უკრაინელებით: ერთი რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის ფართო ავტონომიის მქონე ეკლესიაა, ხოლო მეორე - უკრაინის უწმინდესი ეკლესია, რომელმაც ახლა მიიღო ავტოკეფალია.

კონსტანტინოპოლის მოტივაცია სრულიად ნათელია. ერთი მხრივ, მას სურს არცთუ ისე მცირე რაოდენობა უკრაინელი სასულიერო პირებისა და მორწმუნეებისა, რომლებიც განხეთქილებაში იყვნენ, ეკლესიის წიაღს დაუბრუნდნენ, მეორე მხრივ, სწადს არსებული ვითარების გამოყენებით მის ტიტულატურულ ოიკუმენობას დამატებითი გავლენა შესძინოს (ოიკუმენ (ბერძნ.) - დასახლებული ადგილი; ოიკუმენია მოიცავდა იმ ტერიტორიას, სადაც ბინადრობდნენ რომის იმპერიის მოქალაქეები, მსოფლიოს კულტურული ნაწილი; დღეს ეს სიტყვა `მსოფლიოს~ მნიშვნელობითაა გაგებული).

- როგორც ვიცი, საქართველოში ორჯერ იყვნენ ჩამობრძანებული მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები. პირველად მაშინ, სანამ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურობას აღიარებდა, მეორედ კი შემდგომ. რა მიზანს ემსახურებოდა ეს ვიზიტები? - პირველი ვიზიტის დროს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მის უწმინდესობა ილია II-სა და სინოდის წევრებს მოახსენეს ის განზრახვები, რაც ჰქონდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშიIრებით. პირველ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ყველა საეკლესიო წესის დაცვით გამიზნული აქვთ უკრაინაში არსებულ სქიზმას უმკურნალონ, კერძოდ, უკრაინაში არსებულ ეკლესიებს შესთავაზონ სრული საეკლესიო დამოუკიდებლობა, რასაც ისინი წლების განმავლობაში ითხოვდნენ და რა მიზეზითაც მათი ნაწილი გავიდა განხეთქილებაში, და ყველა ერთი ავტოკეფალური ეკლესიის ქვეშ გააერთიანონ. ამ შემოთავაზებას საქართველოს ეკლესიის იერარქები სიხარულით შეხვდნენ, რადგან, ბუნებრივია, ყველასთვის მტკივნეულია უკრაინაში არსებული განხეთქილება და შიდასაეკლესიო უთანხმოება. სამწუხაროდ, დაპირებულ შერიგებამდე კონსტანტინოპოლის ეკლესიის მესვეურებმა უპრიანად მიიჩნიეს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადების დასწრაფება, რაც მათი შეხედულებით იოლი გზა იყო გაერთიანებისა. ამის ვარაუდის საფუძველს მათ აძლევდა ის, რომ უკრაინელი მღვდელმთავრების არცთუ მცირე ნაწილი სიტყვიერად და წერილობით დაჰპირდა ფანარის (ფანარი, ფანარიონი - კონსტანტინოპოლის ისტორიული რაიონი, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენციაა) წარმომადგენლებს, რომ ავტოკეფალიის გამოცხადების შემთხვევაში ისინი შეუერთდებოდნენ ახალშექმნილ ავტოკეფალურ ეკლესიას და მოხდებოდა შერიგება. თუმცა 95 ეპისკოპოსისგან მხოლოდ ორმა გადაწყვიტა ახალგამოცხადებულ ავტოკეფალიასთან შეერთება.

- რატომ? - რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის ავტონომიური ეკლესიის ეპისკოპოსები წარმოშობით არა რუსები, არამედ უკრაინელები არიან. მათი უმრავლესობის ბუნებრივი სურვილია უკრაინის ეკლესია დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პირობებში ეკლესიურადაც ავტოკეფალური იყოს. ისიც ცნობილია, რომ არსებობდა დაპირება, რომ ავტოკეფალიის გამოცხადების შემთხვევაში ისინი შეუერთდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, როგორც ამბობენ, მათი გაწბილება გამოიწვია ავტოკეფალიის ტომოსში (ბრძანება, დადგენილება) ჩადებულმა პირობებმა. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსი რადიკალურად განსხვავდება აქამდე არსებული ტომოსებისაგან.

გაუგებრობის მიზეზი გახდა ახალი პირობები:

1. უკრაინის ავტონომიურ ეკლესიას 1991 წელს მოსკოვის საპატრიარქომ მიანიჭა უპრეცედენტოდ ფართო უფლებები, გააუქმა უკრაინაში არსებული რუსული ეგზარქია, რის საპირისპიროდაც ახალი ტომოსით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ახალშექმნილ უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში დანიშნა ეგზარქი სტავროპიგიების (სტავროპიგია - ჯვარის დასობა. ხელმოწერილი ჯვრის დადგმითა და პატრიარქის სიგელის დადასტურებით რომელიმე საპატრიარქო ეკლესიის ტერიტორიაზე, სხვა სამღვდელმთავროში არსებული მიწის მონაკვეთის პატრიარქის ეპარქიის ტერიტორიად გამოცხადება, რის შემდეგაც ადგილი, იქ არსებული საეკლესიო ტაძარი ან მონასტერი, ამ საპატრიარქო ეკლესიის პირველი იერარქის სრულ დაქვემდებარებაში გადადის) დაარსების უფლებით;

2. უკრაინის ახალშექმნილ სახელმწიფოს უამრავი მიგრანტი ჰყავს დასავლეთის ქვეყნებში და მათგან წლების განმავლობაში უკრაინული სამრევლოები ჩამოყალიბდა. ისინი 1917 წლიდან მოყოლებული არსებობს. ახალი ტომოსით სამრევლოები და იქ მოღვაწე სასულიერო პირები თავისი ქონებით გადაეცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციას და უკრაინის დიასპორებს აეკრძალათ ახალი უკრაინული ეკლესიის სამრევლოების ჩამოყალიბება, რის საპირისპიროდ უკრაინის ავტონომიური ეკლესია ყველა ამ უფლებით სარგებლობს.

ამ და კიდევ სხვა ურთიერთგამომრიცხავი საკითხებიდან გამომდინარე, დილემა, რომელიც უკრაინელ ეპისკოპოსებს წარმოეშვათ, იმაზე მწვავე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. ფაქტობრივად, როგორც ირკვევა, უკრაინელი ეპისკოპოსები ავტოკეფალიის მიღების შემთხვევაში გაცილებით მეტს ელოდნენ, ვიდრე მიიღეს. ახლა კი გამოდის, რომ მათი უფლებები უწინდელზე მეტად შეიზღუდა, კარგავენ ძალიან მნიშვნელოვანს - უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვის ეროვნულ და ეფექტურ საშუალებას და ერთგვარად ტეხენ იმ ხიდს, რომლითაც ისინი დასავლეთის ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენენ.

- როგორც ჩემთვის ცნობილია, კონსტანტინოპოლის წარმომადგენლებთან შეხვედრებს პირადად ესწრებოდით. რას გაიხსენებდით? - ზემოთქმულთან კავშირში რომ იყოს, გავიხსენებდი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის შემდგარ ერთ-ერთ დიალოგს.

ქართული მხარე: - მეუფენო, გვაქვს ასეთი მოკრძალებული კითხვა: მას შემდეგ, რაც შექმენით უკრაინის ახალი ავტოკეფალური ეკლესია, იქ არსებულ უკრაინის ავტონომიურ ეკლესიას, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას უკრაინელები წარმოადგენენ, თქვენ კვლავაც მიიჩნევთ კანონიკური ეკლესიის ნაწილად?

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო: - კი, რა თქმა უნდა.

ქართული მხარე: - აქამდე საკითხი ჩვენთვის გარკვეული იყო: ერთი ეკლესია იყო სქიზმატური, მეორე - კანონიკური. აქამდე ყველა ერთს ვაღიარებდით, მეორეს - არა. დღეს კი მივიღეთ ერთგვარი პარადოქსი - უკრაინელი სასულიერო პირებისა და მრევლისგან შემდგარი ორი ურთიერთდაპირისპირებული კანონიკური ეკლესია. სანამ ჩვენ, ქართველებს, ვინმე გარკვეულ პასუხსა და რომელიმე მხარის მხარდაჭერას მოგვთხოვს, მიგვაჩნია, რომ მანამ თავად უკრაინელები უნდა გაერკვნენ, რა უნდათ.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო: - გეთანხმებით, ჩვენ სრულიად გვესმის თქვენი პოზიცია.

ფაქტობრივად, ამით ითქვა, რომ ჯერ თავად უკრაინელები უნდა გაერკვნენ საკუთარ არჩევანში და მერე სხვისგან მოითხოვონ ერთიანობისა და არა განხეთქილების მხარდაჭერა, რადგან ეკლესიათა შორის იმთავითვე არსებობდა დათქმა, რომ უკრაინის ავტოკეფალურობის აუცილებლობა და საჭიროება იმაში მდგომარეობს, დაიძლიოს და შეხორცდეს იქ არსებული განხეთქილებები და დაპირისპირებები.