"მათ არსებობისთვის ქუჩაში დგომა არჩიეს" - კვირის პალიტრა

"მათ არსებობისთვის ქუჩაში დგომა არჩიეს"

არიან ადამიანები, რომლებიც ისე ლამაზად საუბრობენ, მოსმენა არასოდეს მოგწყინდება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც საუბარი სულაც არ სჭირდებათ, რომ სათქმელით დაგატყვევონ - მათი სული სიტყვებზე უკეთ მეტყველებს. თუ თქვენ გუბაზ შენგელაიას ფოტოებს ნახავთ, მიხვდებით, რომ ისინი უფრო შთამბეჭდავად "ლაპარაკობენ" სიკეთეზე, ვიდრე ადამიანები, არადა, როდესაც ეკითხები, ასე როგორ იღებო, გპასუხობს, ეგ არ ვიციო. რასაც უნდა იღებდეს, მისი ფოტოებიდან საოცარი სითბო იღვრება. ამჯერად იმ ადამიანების ფოტოებზე ვკითხე, რომლებიც მოწყალების სათხოვნელად არიან ქუჩაში გამოსული და გუბაზის ობიექტივში მუდამ ხვდებიან, ჩვენ კი, ცხოვრებით გაბეზრებული ადამიანები, გვერდით ჩავლისას ხშირად თვალსაც ვარიდებთ.

- გუბაზ, ქუჩაში სამოწყალოდ გამოსული ადამიანების თემა ხშირად აგრესიასაც იწვევს, რადგან ბევრ მათგანს მუშაობა შეუძლია, მოწყალებას კი იმ ხალხისაგან ითხოვს, რომელთაც ზოგჯერ თვითონაც უჭირთ. თუმცა შენი ფოტოების შემხედვარეს ამ ფიქრისა შეგრცხვება...

- ჩემი ფიქრით, ეს კი არ არის მთავარი, ვიღაცას რომ უჭირს და ვიღაცას არ უჭირს, მთავარია გაიგო, რომ ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებმაც არსებობისთვის ქუჩაში დგომა არჩიეს. მთელი დღე სიცივესა და სიცხეში დგანან და ამიტომაც არიან ასე გაუხეშებულნი, არადა, ბევრ მათგანს სულის სიღრმეში იმდენი სითბო აქვს...

ამას წინათ სიონთან მოვხვდი, სადაც წლებია, სხვებთან ერთად ორი მათხოვარი ზის. ერთი - ჯანმრთელი, მეორე კი - ჰიდროცეფალიით დაავადებული და საკუთარი ხელით ქურთუკსაც ვერ იკრავს. როცა მივუახლოვდი, ჯანმრთელი წამოდგა და კედელზე აკრულ დაავადებულ მათხოვარს მიუახლოვდა. ვიფიქრე, დავიცდი, ვნახავ, ავადმყოფი კაცისგან რა უნდა-მეთქი და დავინახე, რომ ქურთუკს უკრავდა. მერე შეკრული ქურთუკი გაუსწორა და თავისი ხურდა ჩაუყარა ჯიბეში. როგორ შეიძლება, ამან არ აგაღელვოს?!

- მოწყალების სათხოვნელად გამოსულებს ფოტოგადაღება არ უყვართ. შენ არ გიშლიან? - არ უყვართ იმიტომ, რომ თავიანთი ცხოვრება არც თვითონ მოსწონთ. ეს არც მიკვირს. ჰოდა, შორიდან ვუღებ. სახეზე ცხოვრების სიმძიმე ყოველთვის ეტყობათ და გული სიბრალულით მევსება. მიხარია, რომ ზოგჯერ ჩემს ფოტოებს ხალხი ეხმაურება და მათ ეხმარება.

- ეს მეც მიხარია. განსაკუთრებით - როცა მოხუცებს ეხმარებიან... ჩვენც ხომ მოვხუცდებით... - ეს ძალიან ტკივილიანი თემაა! Uუამრავი მოხუცია ქუჩაში ხელგაწვდილი. ზოგიერთს მოწყალების თხოვნის რცხვენია და რაღაც იაფს ყიდის - კალამს ან ლიმონს, ზოგი კი - თავის დაკრეფილ ყოჩივარდებს. ბევრ გამვლელს არც ყოჩივარდა უნდა და არც - ლიმონი, მაგრამ მათთან მიდის და მაინც ყიდულობს. თუ ასეთ კადრებს ვხვდები, ყოველთვის ვიღებ.