ბათუმში ორი კლინიკა გარდაცვლილ პირებს "მოემსახურა" - რა წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში? - კვირის პალიტრა

ბათუმში ორი კლინიკა გარდაცვლილ პირებს "მოემსახურა" - რა წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში?

ბათუმში კლინიკას 6 გარდაცვლილ ბენეფიციართან ვიზიტი და მომსახურების გაწევა აქვს დოკუმენტირებული, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

უფრო კონკრეტულად, უწყების განმარტებით, გარდაცვლილი პაციენტისთვის "მომსახურების" გაწევა 2016 წელს შპს "ქირურგიულ კლინიკა SALVE"-ს 2 (2 შემთხვევა), ხოლო 2017 წელს "საქართველოს კარიტასს" (4 შემთხვევა) უფიქსირდება.

ბათუმის მერიის განმარტებით, მსგავს ფაქტებს ვერ გამორიცხავენ, რადგან არ აქვთ ინფორმაცია ბენეფიციართა გარდაცვალების შესახებ, თუმცა მერიას მარტივად შეუძლია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია და დარღვევები თავიდან აიცილონ.

აღნიშნული დარღვევა სახელმწიფო აუდიტმა 2016-2017 წლებში "მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა -პატრონობის და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების" პროგრამაში გამოავლინა. ქვეპროგრამის ერთ-ერთ კომპონენტის ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება წარმოადგენს. ამ პროგრამის ბიუჯეტი აღნიშნულ წლებში 135 044 ლარი იყო.

2016 წელს ამ მომსახურებისთვის ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შპს "ქირურგიულ კლინიკა SALVE"-ს გაუფორმა, 2017 წელს კი ა(ა)იპ "საქართველოს კარიტასს". ბენეფიციართან ვიზიტისას, მიმწოდებელი ადგენს დოკუმენტაციას, სადაც ჩამოთვლილია გაწეული მომსახურებისა და გაცემული წამლების შესახებ დეტალური ინფორმაცია. სახელმწიფო აუდიტმა დოკუმენტების შესწავლით გამოავლინა, რომ არსებული დოკუმენტაცია ვერ ადასტურებს ბენეფიციართა ხელშეწყობას და მათთვის სერვისების მიწოდებას.

"ქირურგიულ კლინიკა SALVE"-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უმეტესად არ არის სრულყოფილი, არ შეიცავს ბენეფიციარის ხელმოწერას და მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, ასევე შეუძლებელია იმის გარკვევა ვინ მოემსახურა ბენეფიციარს.

გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდიდარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ბენეფიციართათვის სოციალური მომსახურების მიწოდების რეალობა მაღალ რიკს შეიცავს და შესაძლოა, საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯოს.

სახელმწიფო აუდიტი ბათუმის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციას აძლევს გააძლიეროს პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

"ინტერპრესნიუსი"