როგორ შეეწირა ნიკოლოზ ბარათაშვილის "სტოლნაჩალნიკობა" ბიძასთან, ილია ორბელიანთან დუელს - კვირის პალიტრა

როგორ შეეწირა ნიკოლოზ ბარათაშვილის "სტოლნაჩალნიკობა" ბიძასთან, ილია ორბელიანთან დუელს

ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის ტოლ-სწორებში ენამწარობითაც გახლდათ ცნობილი. გაუქილიკებლად არ ტოვებდა არავის. ამის გამო ხშირად შეხვედრია უსიამოვნებები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა კინაღამ მსხვერპლით დასრულდა, თანაც ეს შერკინება დიდ პოეტს საკუთარ ბიძასთან, ილია ორბელიანთან მოუხდა...

ბარათაშვილის ერთი მეგობარი, გვარად მაღალაშვილი, პოეტის მსგავსად უხვად არიგებდა სარკაზმს. განსაკუთრებით ამოჩემებული ჰყავდა ტატოს დედის ძმა ილიკო ორბელიანი, რომელიც იუმორთან მწყრალად  გახლდათ. ტატო თავისი ოხუნჯობით უფრო ახელებდა ბიძას. დიდხანს ითმინა ილიკო ორბელიანმა დისწულისა და მეგობრის ოინბაზობა, ბოლოს, მოთმინების ფიალა აევსო.

ორბელიანმა მაღალაშვილი დუელში გამოიწვია. ძნელი სათქმელია, შეეშინდა თუ არა მაღალაშვილს გაგულისებული ორბელიანისა, თუმცა, ფაქტია, რომ დუელზე არ გამოცხადდა.  ორბელიანი კი არა ცხრებოდა და ჯიუტად მოითხოვდა დუელს. მაღალაშვილი რომ არ გამოჩნდა, ახლა დისწული გამოიწვია დუელში.

ილიამ სეკუნდანტად ყაბარდოელი ატაჟუკინი აირჩია, ტატომ კი მაღალაშვილს უხმო, რომელიც ამ ამბის გაგებისთანავე მოიჭრა დუელის ადგილას... ოთხივე ორთაჭალის ბაღში გავიდა. რამდენიმე წამში შეიძლებოდა უდიდესი ტრაგედია დატრიალებულიყო. შეთანხმდა ბიძა-დისწული - დაშავებული ჭირისუფალთან უვნებლად გადარჩენილს უნდა მიეყვანა. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ერთმანეთზე დიდი ჭირისუფალი არც ერთს ჰყავდა და არც მეორეს...

როცა დაინახეს, რომ არც ტატო იხევდა უკან და არც ილია, სეკუნდანტებმა პირი შეკრეს... თუმცა, სანამ მათი ჩანაფიქრი გამჟღავნდებოდა, ბიძა-დისწულს წინ უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესი ელოდა...

ილიამ თვალები დახუჭა და სასხლეტს ისე გამოჰკრა თითი... არ გავარდა ტყვია, გულში გაუხარდა კიდეც, მაგრამ უმალ ბრაზი მოერია და ყვირილი მორთო, - მომატყუეს, არ დამიტენეს იარაღიო... ხელახლა დააყარეს წამალი. იწივლა ტყვიამ. ტატო წაიქცა...

- ვაი, შენ, ჩემო თავო, - აღმოხდა ორბელიანს, - ეს რა გავაკეთე მე უბედურმა...

სასოწარკვეთილი ტატოსკენ გაექანა, მიწაზე გართხმულს დააცქერდა, მერე გულ-მკერდი მოუსინჯა, უნებურად ხელი ჯიბეს მოუხვდა... თავდახრილს ტატომ ყურში ჩასჩურჩულა, - ჯიბეში ქიშმიში მაქვს და გინდა, რომ ამომაცალოო...

სეკუნდანტებს იარაღები მხოლოდ წამლით, ტყვიის გარეშე გაეტენათ...

შე შეჩვენებულო, გული ასე უნდა გამიხეთქოო, - აღმოხდენია ორბელიანს... დუელს გადარჩენილი ბიძა-დისწული ერთმანეთს ჩახუტებოდა...

მთელ ქალაქს მოედო ილია ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის დუელის ამბავი და მეფის რუსეთის მოხელეებამდეც მიაღწია.  - ეს რა მასკარადი მოგიწყვიათო, თუ დუელია, დუელი უნდა ყოფილიყოო, - ვითომ ყველაფერში წესებს იცავდნენ, - დაიჟინეს რუსებმა.

"სტოლნაჩალნიკი" კაცი ეგრე არ უნდა იქცეოდესო, - ახლა ბარათაშვილს მისდგნენ. რა ვქნა, რით გამოვისყიდო ჩემი "დანაშაულიო", - იქით უკითხავს ტატოს. რითა და ვითომ ავად გახდი და ნებით დატოვე თანამდებობაო. ასე შეეწირა ტატო ბარათაშვილის "სტოლნაჩალნიკობა" საკუთარ ბიძასთან, ილია ორბელიანთან დუელს.

ფოტოზე: ლადო გუდიაშვილის მიერ შესრულებული ნიკოლოზ ბარათაშვილი პორტრეტი