სისხლში ტყვიის შემცველობაზე 200 ადამიანი შეამოწმეს, მათ შორის ბავშვები - როგორია შედეგები? - კვირის პალიტრა

სისხლში ტყვიის შემცველობაზე 200 ადამიანი შეამოწმეს, მათ შორის ბავშვები - როგორია შედეგები?

ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, შემოწმებული 200 ადამიანიდან 75%-ზე მეტს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, მათ შორის კი უმეტესობა ბავშვია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორმა გია კამკამიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, უკვე სამი თვეა, რაც კლინიკაში სისხლში ტყვიის შემცველობას ამოწმებენ და ამ მომსახურების დანერგვა პაციენტების მოთხოვნამ განაპირობა. არსებული პრაქტიკით, სისხლის ანალიზი აღების შემდეგ უცხოეთში იგზავნება, რაც დიდ დროსა და დანახარჯებს უკავშირდება.

"კლინიკაში ამერიკული მეთოდი დავნერგეთ. პროცედურა მარტივია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ხდება თითიდან აღებული კაპილარული სისხლის შემოწმება და რამდენიმე საათში გვაქვს პასუხი. რაც შეეხება შედეგებს, არ ფიქსირდება მწვავე მოწამვლა, ძირითადად ვლინდება სისხლში ტყვიის ნორმაზე მაღალი შემცველობა, რომელიც დაგროვილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში გარემოდან უარყოფითი ზემოქმედების შედეგად და შესაბამისად, მკურნალობის თვალსაზრისითაც გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას და დამაბინძურებელი ზემოქმედების შემცირებას", - აღნიშნა კამკამიძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოში დაბინძურების ძირითადი წყარო, სამშენებლო მასალები - ძირითადად ტყვიის შემცველი საღებავი და გამონაბოლქვია, რომელიც ტყვიის შემცველი საწვავის შედეგად დაბინძურების წყარო ხდება.

რაც შეეხება მკურნალობის გზებს, კამკამიძის თქმით, მნიშვნელოვანია იმ მიკროელემენტების მიღება, რომელთაც ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის უნარი აქვთ. ასეთებია: რკინა, კალციუმი, თუთია, სელენიუმი.

"ბევრ ქვეყანაში პურსაც ამდიდრებენ რკინით, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ გვაქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მაღალია რკინადეფიციტური ანემიის გავრცელება, თუ საქართველოში მოხდება პურის და ხორბლეულის პროდუქტების რკინით გამდიდრება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ანემიის დაძლევის თვალსაზრისით", - განაცხადა კამკამიძემ.

"ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა როგორია სახელმწიფო მიდგომა ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

როგორც, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, მიდგომა და ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს და ამ თემაზე გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად მიდის მუშაობა.

ზოიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ტყვიის შემცველობის კვლევა ჩაატარა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა და მისი შედეგების გაანალიზების შემდეგ შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

"წინასწარი მონაცემებით, მომატებულია ტყვიის შემცველობა, მაგრამ ღრმა ანალიზი დაგვჭირდება, რომ გავარკვიოთ რა ფაქტორებმა გამოიწვია ეს. ეს პრობლემა დღევანდელი და გუშინდელი არაა, წლების განმავლობაშია დაგროვილი. მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ პრობლემის მასშტაბს და მიზეზებს, ვიმუშავებთ მიზეზის აღკვეთაზე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება პურის რკინით გამდიდრებას, ანუ ფორთიფიკაციას, რომლის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2015 წელს განიხილა პარლამენტმა, აკაკი ზოიძის თქმით, რეკომენდაციას დასაბუთება აკლდა.

"მთლიანად მოსახლეობისთვის რკინით ფორთიფიკაციას მეტი დასაბუთება სჭირდება. საჭიროა ხარჯთეფექტიანობის ანალიზი, რომ დადგინდეს, რა დანახარჯებს უკავშირდება, რომ ბიზნესმა თუ სახელმწიფომ ეს საკუთარ თავზე აიღოს. საგანგაშო მდგომარეობა რკინადეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არ დგას. ორსულებში არის ეს პრობლემა, თუმცა ორსულებისთვის შესაბამისი პრეპარატები უფასოა. თუ გაერო-ს ბავშვთა ფონდი საკმარის დასაბუთებას წარმოადგენს ცხადია განვიხილავთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"