"საავადმყოფოში დავუახლოვდი, დაჭრილი რომ ვიწექი, მაშინ..." - გურამ დოჩანაშვილის ახალგაზრდობის მოგონებები
"საავადმყოფოში დავუახლოვდი, დაჭრილი რომ ვიწექი, მაშინ..." - გურამ დოჩანაშვილის ახალგაზრდობის მოგონებები
ფოტო:ჯონდო მეტრეველი, ზვიად გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი
ჩვენი დროის უდიდეს მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ყოველი­ სტუმრობა უდიდესი სიამოვნებაა. ამჯერად ბატონი გურამი ყმაწვილკაცობის მეგობრებს იხსენებს:

ეჰ, რა ბიჭები იყვნენ!

- საბჭოთა პერიოდის უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტეკონომია, ისტმატი (ისტორიული მატერიალიზმი) და დიამატი (დიალექტიკური მატერიალიზმი) ისწავლებოდა, საშინელი საგნები. მეგობარი მყავდა გურამ ჩხაიძე, ისიც ჰუმანიტარი.

ჩვენზე ერთი წლით ადრე ამ საგნებიდან ერთ-ერთში გამოცდა ჰქონდათ ფილოლოგებს. გურამმა რაღაცნაირად ჩააწყო და სამი წერტილით დაუნიშნეს ბილეთი. ესეც ჩაუჯდა ამ ბილეთის სწავლას, მისი სწავლა კი მართლა საშინელება იყო
- ვითომ მეცნიერულად, სინამდვილეში კი ჩახლართულად იყო ახსნილი რაღაცები. მოკლედ, გურამმა კარგად გაიზუთხა ყველა საკითხი. გამოცდაზე პირველი და მეორე სტუდენტი, ცხადია, ჩაჭრეს, რადგან, ზოგადად, ყველა იჭრებოდა ხოლმე, მესამედ კი ეს გაიძახეს. გავიდა გურამი და... ყველა სიტყვა დაავ­იწყდა, დანიშნულმა ბილეთმაც ვერ უშველა და ჩაიჭრა.
გურამ დოჩანაშვილი
კიდევ ერთი
ამბავი გამახსენდა: უნივერსიტეტიდან დაზვერვით სამუშაოებზე რომ დავდიოდით, ყოველდღიურად 6-10 საათის განმავლობაში შეუჩერებლად გვიწევდა სიარული, ამიტომ თბილისიდან დიდი ბარგი არ მიგვქონდა, გვერჩია, მარტო ორ-ორი ცალი პერანგი და წინდა წაგვეღო, იქვე გაგვერეცხა და გაგვეშრო. ძალიან კარგი არქეოლოგი გვყავდა, ალიოშა ბოღოჩაძე. ტანად დიდი კაცი იყო, საოცრად პრაქტიკული, შესანიშნავი გუმანით. მეორე დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ალიოშას წამოღებული ჰქონდა უსქელესი, სულ ცოტა, 3-4-კილოგრამიანი ისტმატის თუ დიამატის სახელმძღვანელო. ვერაფრით მივხვდით, რად უნდოდა ეს წიგნი. საკანდიდატო,­ სადაც ამ საგანს აბარებდნენ, უკვე დაცული ჰქონდა. აღარ მოვეშვით, არ გადაგვრიო, ალიოშა, გვითხარი, ეს რად გინდა-თქო. არაფრით გვეუბნებოდა, თან თითქოს უხერხულად ეღიმებოდა. მერე, რომ დავლიეთ, მთვრალს ვკითხეთ. მაშინაც არ გვითხრა, მაგრამ ერთ საღამოს მაგრად რომ დათვრა, ჯანდაბას თქვენი თავი, გეტყვითო, და გამოგვიტყდა: ადრე, ამ საგანს რომ ვამზადებდი, მის კითხვაში მეძინებოდა. მას შემდეგ, რაც რაღაცნაირად მისი ჩაბარება მოვახერხე (რამდენჯერმე მოუწია გამოცდაზე გასვლამ), დამჩემდა - ნახევარი გვერდი მაინც თუ არ წავიკითხე, არაფრით დამეძინებაო.

ბევრი ვიცინეთ და მერე ვურჩიეთ, რამდენიმე ფურცელი მაინც ამოხიე და ამხელა წიგნის ტარებას ის ატარე ხოლმე-თქო. არა, რას ამბობთ! ახალ-ახალი გვერდი უნდა წავიკითხო, თორემ მაინც არ დამეძინებაო...

არაჩვეულებრივი კაცი იყო ჩემი ბავშვობის, სკოლის მეგობარი ჯონდო მეტრეველი, ძალიან ნიჭიერი. დღედაღამ ერთად ვიყავით. მხოლოდ დასაძინებლად შევდიოდით სახლებში. მასწავლებელი გაკვეთილს რომ ხსნიდა, ეს ისე სტვენდა ხოლმე კბილებს შუა, ვერავინ მიხვდებოდა, ვინ უსტვენდა. მასწავლებელს თვალებში უყურებდა, თან უსტვენდა და ისე უსმენდა. წიგნი არ გადაუშლია და ყველაფერს იმახსოვრებდა. ოთხიანი არასდროს მიუღია. ოქროს მედალი მაინც არ მისცეს, რადგან ყოფაქცევაში ჰქონდა ოთხი. ჯონდო, თამაზ­ გონჯუა, ზვიად გამსახურდია - ყველანი ფრიადზე სწავლობდნენ. ისინი კიდევ კითხულობდნენ რაღაცას, მაგრამ ჯონდო მართლა სასწაული იყო...

გილარი ზაქარეიშვილი იყო, პლეხანოველი. ისიც ძალიან ნიჭიერი ადამიანი. წიგნს როგორ კითხულობდა, იცით? - გადაშლიდა, გადმოშლიდა და... ყველაფერი იცოდა.

ამბობენ, ადამიანები განსაკუთრებით იოლად მატარებელში ახლოვდებიანო. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად საავადმყოფოსა და ციხეში ახლოვდებიან. მატარებლიდან რომ ჩავლენ, მორჩა, გათავდა და საავადმყოფოში რამდენ ხანს არიან ხოლმე?!
გურამ დოჩანაშვილი მეუღლესთან, ნათელა სეფიაშვილთან ერთად
გილარის საავადმყოფოში დავუახლოვდი, დაჭრილი რომ ვიწექი, მაშინ, და გაოცებული ვიყავი - ზეპირად იცოდა ყველაფერი, უგანათლებულესი იყო. იმ პერიოდში ბიჭები დანებით დადიოდნენ და დაჭრის შემთხვევაც ხშირი იყო, თუმცა არც იმდენად, მერე რომ დაერივნენ ერთმანეთს, 90-იან წლებში. გილარი დედისერთა იყო და არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა, დეიდა ქეთო. ამ ქალბატონმა იცოდა, რომ მის შვილს დანა დაჰქონდა, ჩუმად ჯიბესაც უმოწმებდა, ჩანთასაც, გილარი რომ იძინებდა, მთელ სახლს (არადა, ერთ საოცრად პატარა ოთახში ცხოვრობდნენ), გადაანგრევდა ხოლმე, ლამის იატაკის ფიცრებიც ამოეყარა, ეზოში მიწაც კი გადათხარა, მაგრამ გილარის დანას ვერსად მიაგნო.

ერთხელ დეიდა ქეთო ძლიერ ავად გახდა და ლამის მისი გადარჩენის იმედიც გადაეწურათ. მაშინ ჰკითხა შვილს, მგონი, ვკვდები და რაღას წაგართმევ, ახლა მაინც მითხარი, ღამით სად ინახავ დანასო? გილარიმ ღიმილით უთხრა, როგორ ვერ ხვდებოდი, მიკვირს, შემოსასვლელში რომ ჩანთა გიკიდია, მასში ვმალავდიო... ეჰ, რა ბიჭები იყვნენ! იხილეთ სრულად
:)))))))))))))))))))))
28 თებერვალი 2019 00:37
"გეპეი" დავამთავრე, სახელმწიფო გამოცდა გვქონდა მხოლოდ ერთ საგანში-"მეცნიერული კომუნიზმი" . ვაიმეეეე....ეს რა იყო:))))))) სად ინჟინერი და სად მეცნიერული კომუნიზმი. თან აუცილებელი ლიტერატურა იყო ბრეჟნევის შედევრები-"მცირე მიწა", "ყამირი" და "აღორძინება". დარწმუნებული ვარ თვითონ ბრეჟნევსაც არ ჰქონდა წაკითხული. :)))) ერთ ჩემს ჯგუფელს (ბიჭს)გრძელი თმები ჰქონდა, ლექტორმა შენიშვნა მისცა (იმას ვინ ეკითხებოდაო, არ მკითხოთ, მაშინ ეკითხებოდა). ჩემმა ჯგუფელმა იქვე დაკიდებულ მარქსის სურათზე მიუთითა, იმას ვბაძავო. იქ ამბავი ატყდაა.....კინაღამ გარიცხეს, მარქსს შეადარა თავიო:))))))))))))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები