რუბენსი - ბაროკოს სტილის გენია - კვირის პალიტრა

რუბენსი - ბაროკოს სტილის გენია

ბაროკოს სტილის ფერწერის შემქმნელი და უდიდესი გენია, ჰუმანისტი, პოლიტიკოსი და დიპლომატი პეტერ პაულ რუბენსი უაღრესად განათლებული კაცი იყო: იცოდა არაერთი ენა, მათ შორის - ლათინურიც. თანამედროვეთა თქმით, "ტანადი, სწორი ნაკვთებით. სათნო ხასიათით, საამური ხმით, მკვირცხლი და გამჭრიახი გონებით, მშვიდად და ბრძნულად მოსაუბრე მჭევრმეტყველი".

1577 წლის 28 ივლისს, გერმანიაში, ზიგენის მახლობლად მდებარე სოფელში, ანტვერპენელ იან რუბენსსა და მარია პეიპელინქსს შეეძინათ ვაჟი - პეტერ პაული. 1588 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მარია პეიპელინქსი ანტვერპენში დაბრუნდა და მამამისის, შეძლებული აფთიაქარის წყალობით ქალაქის ცენტრში დასახლდა. პეტერ პაულმა სწავლა რომბოუტს ვერდონკის ლათინურ სასწავლებელში განაგრძო, სადაც ბერძენი და ლათინელი კლასიკოსები შეისწავლა.

რუბენსს ასწავლიდა ანტვერპენის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი ოტო ვან ვეენი - 1598 წლამდე, სანამ 21 წლის ყმაწვილს ანტვერპენის წმინდა ლუკას გილდია ოსტატად აღიარებდა და ნებას მისცემდა, საქმე დამოუკიდებლად წარემართა.

იმჟამად ევროპელი მხატვრები ცოდნის გასაღრმავებლად იტალიაში მიემგზავრებოდნენ. ასე მოიქცა რუბენსიც და 1600 წლის 9 მაისს ალპები გადალახა. 1600-08 წლები იტალიაში გაატარა, უმეტესად მანტუის ჰერცოგის კარზე. იყო რომში, ვენეციასა და გენუაში; სწავლობდა მიქელანჯელოს, რაფაელის, ტიციანის, კარავაჯოსა და სხვა გენიოსების შემოქმედებას.

KvirisPalitra.Geმანტუის ჰერცოგმა გააცნო მას ნიდერლანდების იმჟამინდელი მმართველი და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ასულის, ისაბელ კლარა ეუხენიას მეუღლე, რომელმაც იერუსალიმის წმინდა ჯვრის ეკლესიის საკურთხევლისთვის რუბენსს შეუკვეთა სამი დიდი ტილო: "წმინდა ჯვრის თაყვანისცემა", "ეკლის გვირგვინის დადგმა" და "ჯვართამაღლება". ამავე პერიოდში შექმნა მან "გოდების" ვერსია, ასევე "სუსანა და მოხუცები". ამ ნამუშევრებში ჩანს არა მხოლოდ იტალიური სკოლის გავლენა, არამედ რუბენსის სურვილიც, "გაიტალიელებულიყო".

რუბენსის დროინდელ ევროპაში კათოლიციზმი კარგავდა მონოპოლიას მეცნიერებაზე - კეპლერმა და გალილეიმ ეჭვქვეშ დააყენეს აბსოლუტურად მიჩნეული ცოდნა სამყაროს შესახებ. ესპანეთის იმპერია პოლიტიკურად სუსტდებოდა, გერმანიაში ცენტრალური ხელისუფლება შეირყა, იტალიის ქალაქი-სახელმწიფოები დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, საფრანგეთის მონარქია კი ხელისუფლების ცენტრალიზაციას ახდენდა. ხელოვნება გულგრილი ვერ დარჩებოდა იმ მოვლენებისადმი, საზოგადოების ყველა ფენას რომ შეეხო და ყოველივე ეს რუბენსმა ბაროკოს სტილით გამოხატა.

რუბენსმა იმოგზაურა ესპანეთში, ინგლისში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში; გაეცნო სამეცნიერო ნაშრომებს ისტორიაში, გეოგრაფიაში, არქეოლოგიაში, ფილოსოფიასა და პოეზიაში. ესპანეთში დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ ხელოვნებაში იქ გამეფებული ატმოსფერო მის გემოვნებას არ მიესადაგებოდა და 26 წლის რუბენსი მანტუაში დაბრუნდა და ჰერცოგისგან დაკვეთები მიიღო: "გონზაგების ოჯახი თაყვანს სცემს წმინდა სამებას", "ქრისტეს ნათლისღება" და "ფერისცვალება".

1605 წელს რუბენსი რომში ჩავიდა და ძმის, რომელიც კარდინალ ასკანიო კოლონას ბიბლიოთეკარი იყო, წყალობით ახალი შეკვეთები მიიღო. 1606 წელს რუბენსმა სამი ტილო დახატა რომის სანტა მარია ინ ვალიჩელას ხალხმრავალი ეკლესიისთვის. ამას მოჰყვა ახალი შეკვეთა: ფერმოს წმინდა ფილიპ ნერის ეკლესიისთვის შექმნა "მოგვთა თაყვანისცემა", დახატა "ენეასის ფლეიტა" და "ჰერო და ლეანდრე". ეს ტილო მოგვიანებით რემბრანდტმა შეიძინა, რომელიც მისი შექმნისას სულ რამდენიმე თვისა იყო.

1608 წლის ოქტომბერში მხატვარმა შეიტყო, რომ დედა მძიმედ იყო ავად. ამიტომ სასწრაფოდ დაბრუნდა ანტვერპენში, მაგრამ მარია პეიპელინქსი გარდაცვლილი დახვდა.  ანტვერპენში რუბენსი დედისეულ სახლში დაბინავდა. მალე ქალაქის გავლენიანი ადვოკატისა და ფინანსისტის ქალიშვილი იზაბელა ბრანტი გაიცნო. ისინი 1609 წლის 3 ოქტომბერს დაქორწინდნენ, როცა მხატვარი 32 წლის იყო, პატარძალი კი - 18-ისა. რუბენსმა ქორწინებიდან რამდენიმე თვეში დახატა ცნობილი "ავტოპორტრეტი იზაბელა ბრანტთან".

მხატვარი მნიშვნელოვან შეკვეთებს ასრულებდა: "მოგვთა თაყვანისცემა" - ქალაქის საბჭოს ერთ-ერთი დარბაზისთვის, "ჯვართამაღლება" - ანტვერპენის წმინდა ვალპურგიას ეკლესიისთვის და "გარდამოხსნა".

1615 წლიდან რუბენსმა სტილი კიდევ უფრო დახვეწა. ამ წლებში შექმნა მან შესანიშნავი ტილოები: "ვენერა სარკესთან", "ეგვიპტეში გაქცევა", "ლევკიპეს ასულების მოტაცება", "წმინდა ფრანცისკ ასიზელის უკანასკნელი ზიარება", "უძღები შვილი", "ამორძალთა ბრძოლა"...

1622 წელს რუბენსმა პარიზში იმოგზაურა. ანრი IV-ის ქვრივმა მარია მედიჩიმ მას ორი სერიის დახატვა შეუკვეთა თავისი და მეუღლის ცხოვრების შესახებ. რუბენსმა განსვენებული მეფის მხოლოდ ორი ტილო დახატა: "ანრი IV ივრის ბრძოლაში" და "პარიზის აღება ანრი IV-ის მიერ", 1622-1625 წლებში კი შექმნა მნიშვნელოვანი კომპოზიცია "მარია მედიჩის ისტორია", რომლის დასრულება დაემთხვა ინგლისის მეფე ჩარლზ  I-ისა და ფრანგი პრინცესა ჰენრიეტ მარის მინდობილობით ქორწინებას. რუბენსი დაესწრო ცერემონიას და გაიცნო ჯორჯ ვილერსი, რომელიც სამი წლის შემდეგ სხვადასხვა დიპლომატიური მისიის აღსრულებაში დაეხმარა.

შავი ჭირის ეპიდემიის გამო, რომელიც 1626 წელს ანტვერპენს მოედო, მხატვარმა და მისმა ოჯახმა ქალაქი დატოვეს და ლაკენში, აგარაკს შეაფარეს თავი. მალე რუბენსის ცოლი იზაბელა ავად გახდა და გარდაიცვალა. მწუხარებამ აიძულა რუბენსი ახალი დიპლომატიური მისიების შესრულებაზე დათანხმებულიყო. ამ საქმეს ხატვასაც უთავსებდა. ამ დროს გაიცნო კარის მხატვარი დიეგო ველასკესი, მისი ნიჭი დიდად დააფასა და იტალიაში სამოგზაუროდ წააქეზა. ფილიპე IV-მაც დააფასა რუბენსის დიპლომატიური ნიჭი, რაინდის წოდება უბოძა და წლიურ გასამრჯელოდ 1.000 დუკატი გამოუყო.

ორმოცდაცამეტ წელს მიტანებული ხელოვანი დაღალა მოგზაურობამ, მას მშვიდად ცხოვრება სურდა და  რუბენსმა თვალი დაადგა 16 წლის ელენ ფოურმანს. ქორწილი 1630 წლის 6 დეკემბერს გამართეს და ისევე, როგორც პირველი ქორწინებისას, ასაკობრივ განსხვავებას წყვილის ბედნიერებისთვის ხელი არ შეუშლია. ხელოვანი გამოცოცხლდა, მეუღლე მისთვის საყვარელ მოდელად და ბოლო წლების მუზად იქცა. მათ ხუთი შვილი შეეძინათ.

რუბენსის ბოლო ნამუშევარი "პერსევსი და ანდრომედე" კი დაუსრულებელი დარჩა, გამწვავებული ნიკრისის ქარითა და ართრიტით შეპყრობილი მხატვარი 1640 წლის მაისს ანტვერპენში გარდაიცვალა.