პარიზის ავტოსალონის "მარგალიტი" - კვირის პალიტრა

პარიზის ავტოსალონის "მარგალიტი"

რამდენიმე წლის წინ "პორშემ" სპეციალური შეკვეთით დამზადებული 14 ავტომობილი გამოუშვა და იქვე ცნობაც მოაყოლა, ამ ავტომობილებს მფლობელები უკვე ჰყავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიო.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მილიონად შეფასებული ავტოებიდან ორი საქართველოში მოდიოდა. ვინ იყიდა მაშინ "პორშეს" მანქანები, ვერ გეტყვით, მაგრამ ქართველებს კარგი ავტომობილები რომ გვიყვარს და მათში ფულის გადახდა არ გვენანება (თუ გვაქვს, რა თქმა უნდა), ძველი ამბავია...

პარიზში უკვე მერამდენედ, ავტომობილების გამოფენა მოეწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი დამთვალიერებელი "აუდის" ავტოსალონს ჰყავდა. "აუდიმ" მოლოდინი გაამართლა და  R8GT-ს ახალი მოდელი გამოფინა. მთავარი, რითიც "აუდის" კონსტრუქტორები ამაყობენ, ის არის, რომ ახალი მოდელი ძველზე მსუბუქია და ბევრად სწრაფიც. საქართველოში მისი ყიდვა ბევრს არ გაუჭირდება, რადგან ის სულ რაღაც 88.000 ევრო ღირს.

პარიზის ავტოსალონში ამერიკულმა "კადილაკმა" სისწრაფის მოყვარულთათვის ასე ნანატრი კუპეს მოდელი გამოფინა. ეს ავტო დიდი ხანია ამერიკაში პოპულარობით სარგებლობს და როცა იგი დაამზადეს, მწარმოებლებმა პირობა დადეს, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს მანქანა არც ერთ სხვა ქვეყანაში არ გაიყიდებოდა და მხოლოდ ამერიკელები ისიამოვნებდნენ.

ერთი წელი გავიდა და "კადილაკის" კუპე ახლა უკვე პარიზშია ევროპის დასაპყრობად. მწარმოებლების თქმით, ყველაზე მეტი შეკვეთა აღმოსავლეთ ევროპიდან აქვთ და ნუ გაიოცებთ, თუ უახსლოეს მომავალში ამ ავტომობილს თბილისის ქუჩებში იხილავთ. მისი ფასი 120.000 დოლარია.

არმაზ ხარძიანი