"თბილისის სიყვარული" წლიურად 25-ის ნაცვლად 50 ლარი გახდა - კვირის პალიტრა

"თბილისის სიყვარული" წლიურად 25-ის ნაცვლად 50 ლარი გახდა

ჩემს ბავშვობაში, კომუნიზმი რომ ყვაოდა, შემთხვევით თუ შეგნებულად მაინც აპარებდნენ ხოლმე ამერიკულ ფილმებს. ძირითადად, ვესტერნებს, რომლებშიც მთავარ როლს უმეტესად კლინტ ისტვუდი ასრულებდა და სულ კაი ტიპი იყო - კბილებამდე იარაღში ჩამჯდარი  მუსრს ავლებდა ავაზაკებს. ჰო, თან მეტი მომხიბვლელობისთვის სიგარა ჰქონდა გაჩრილი პირში.

გავიდა ხანი და ისტვუდის ფილმებსაც კანტიკუნტად უშვებენ ხოლმე, თუმცა აღარც მენატრება, რადგან თბილისში იმდენი განგსტერია, ეჭვი მაქვს, რომელიმე "ოსკარსაც" აიღებს. იარაღის ნაცვლად წელზე რაღაც აპარატი ჰკიდიათ და ქალაქის ბიუჯეტს ამდიდრებენ.

იმ ადამიანებზე მოგახსენებთ, რომლებიც "სითი პარკის" თანამშრომლები არიან, უწყინარი სახეებით დადიან ქუჩაში და თუ რომელიმე მანქანას საქარე მინაზე "მე მიყვარს თბილისი" არა აქვს მიკრული, იმ აპარატით გადაამოწმებენ, მართლა არ უყვარს ავტოს მძღოლს თბილისი თუ "ბარდაჩოკში" მალავს. თუ ორგულობაში გამოიჭერენ, ევაკუატორს გამოიძახებენ და... მალე მძღოლი სიმწრით გაიფიქრებს - "მოიპარეს ჩემი ჭრელა".

მერე რა, თუ სასწრაფო საქმე გაქვთ და მანქანა გჭირდებათ, კეთილი ინებეთ და თბილისი შეიყვარეთ, თან ეს ყველაფერი აქამდე სულ რაღაც 25 ლარი ღირდა წლიურად, მაგრამ მას შემდეგ, რაც თბილისი გალამაზდა (ასე გვეუბნებიან, გალამაზდაო), სიყვარულიც გაძვირდა. დაახლოებით ისეა, ქალი რომ პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს, მკერდსა და ტუჩებს გაიდიდებს თუ დაიბერავს და მერე ძვირად რომ ფასობს.

ისევ ჩვენს თბილისსა და გაძვირებულ სიყვარულს დავუბრუნდეთ. ახლა ეს სიყვარული წლიურად 25-ის ნაცვლად 50 ლარი გახდა.

თბილისი ხომ საქართველოს ტურფაა და რომ გაიაფებულიყო, მერე იტყოდნენ, ოდეს ტურფა გაიაფდესო...

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე რომ სვანი ვარ, კახელი, იმერელი და თბილისზე მეტად, მესტია, თელავი და ქუთაისი მიყვარს? რატომ მსჯი იმისთვის, რომ დედაქალაქში ჩამოვედი (და იმიტომ ჩამოვედი, სოფლის ნობათი რომ მივყიდო გადამყიდველებს და მერე მათ თქვენ მოგყიდონ მამასისხლად) და ერთ დღეში უკან რომ უნდა დავბრუნდე ჩემს საყვარელ და მშობლიურ ქალაქში.

რატომ მაიძულებ, თბილისი შევიყვარო? მე ხომ არ გეუბნები, მესტიაში რომ ჩამოხვალ, სვანური ქუდით იარე-მეთქი? თუ ბიძია-ბაბუას დავუჯერებთ, სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი და... ისე, ევაკუატორს არ ჰგავს? - ვერტიკალურია და ბრუნვადი...

არმაზ ხარძიანი