"ანა ჩემ­ზე უფ­რო­სია და სულ მისი ფრთის ქვეშ ვი­ყა­ვი" - ვინ არის ანა დოლიძის და, რომელიც მელანია ტრამპს ჩოგბურთს ასწავლიდა - კვირის პალიტრა

"ანა ჩემ­ზე უფ­რო­სია და სულ მისი ფრთის ქვეშ ვი­ყა­ვი" - ვინ არის ანა დოლიძის და, რომელიც მელანია ტრამპს ჩოგბურთს ასწავლიდა

"6 წელი ვიყავი პირველი ჩოგანი საქართველოში"

ჯინო დოლინის სახელი და გვარი ქართულ ჩოგბურთში და არამხოლოდ ჩოგბურთში, კარგად იციან - ის 6 წელი საქართველოს პირველი ჩოგანი იყო და დიდი მომავალიც ჰქონდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ პერიოდში სპორტს თავი დაანება და საზღვარგარეთ სასწავლებლად გაემგზავრა.

ჩოგბურთი, გაყიდვები, მუსიკა - ეს ის სფეროებია, სადაც საკუთარი ძალები უკვე მოსინჯა, თან წარმატებულად. ახლა კერძო ბიზნესშია და კომპანიის დირექტორის პოსტი უჭირავს. სურვილი აქვს, მსახიობობაც სცადოს.

ჯინო დოლინი ცნობილი ქართველი იურისტის, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის დაა. ოჯახზე, ამერიკულ ცხოვრებასა და კარიერაზე ჯინო დოლინი AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს.

- თავიდანვე სპორტული ბავშვი ვიყავი და დედას სურდა ხეზე ცოცვის გარდა, სხვაგანაც დამეხარჯა ძალები - ასე მოვხვდი ჩოგბურთზე. 7 წლის ვიყავი როდესაც პირველად მივედი, ორ წელიწადში კარგი მონაცემები აღმომაჩნდა, შესაბამისად სპორტს სერიოზულად მოვკიდე ხელი.

როცა მაღალ დონეზე გადავედი, არჩევანის წინაშე დავდექი, უნდა ამერჩია ან პროფესიონალური ჩოგბურთი, ან სწავლა. დილის 9 საათიდან საღამოს რვა საათამდე მოედანზე ვიყავი, ამიტომ სპორტულ სკოლაში გადავედი. იმ პერიოდში ქვეყანაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩემმა ოჯახმა ყველაფერი ჩადო ჩოგბურთში, მყავდა არაჩვეულებრივი მწვრთნელებიც, განსაკუთრებით გამოვყოფ რენა აბჟანდაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი ისეთი რაღაც მასწავლა, რაც შემდეგ როგორც მწვრთნელმა გამოვიყენე. სპორტის გარდა, ბევრი საინტერესო რამ მომცა ჩოგბურთმა და იქ შექმნილმა გარემომ.

- რატომ ჩოგბურთი?

- ჩოგბურთელი არავინ მყოლია, როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, მამა თამაშობდა ფეხბურთს, ხოლო დედა ფრენბურთელი იყო. ოჯახის შექმნის შემდეგ სპორტს თავი დაანება. ძალიან უყვარდა დედას ჩოგბურთი, თავი გადადო და ყველაფერი ჩადო რომ ჩოგბურთელი გავმხდარიყავი. მოგეხსენებათ, სპორტის ეს სახეობა ძვირადღირებულია, მითუმეტეს 90-იან წლებში ძალიან რთული იყო ამ ხარჯების გაწევა, როგორც ყველას, ჩვენს ოჯახსაც უჭირდა. ხშირად ყოფილა კონფლიქტი, რა დროს ჩოგბურთია, საჭმელი გვჭირდებაო, მაგრამ დედაჩემის და მწვრთნელების დახმარებით ყველაფერს ვახერხებდი. 6 წელი ვიყავი პირველი ჩოგანი საქართველოში.

12 წლის ასაკში მქონდა პირველი დიდი წარმატება. თურქეთში ჩატარდა ათათურქის ფესტივალი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსული სპორტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. იქ ავიღე პირველი ადგილი. სხვადასხვა ქვეყნებიდან მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ დედამ უცხო ქვეყანაში არ დამტოვა. ვერც მივხვდი მაშინ რამხელა წარმატება იყო იმ ტურნირის მოგება, მერე გავიაზრე.

ამის შემდეგ წავედი მოსკოვში, იქ ვვარჯიშობდი სადაც ანა კურნიკოვა, ის სწორედ მაშინ ხდებოდა ჩოგბურთის ვარსკვლავი და ჩემთვის დიდი პატივი იყო, მას ასე ახლოდან რომ ვუყურებდი. ისევე როგორც მე, მასაც დედა ახლდა მოედანზე. ყოველთვის ვთვლიდი, რომ დედაჩემი ჩოგბურთით ცხოვრობდა, მაგრამ ანა კურნიკოვას დედა ფენომენი იყო.

რუსეთიდან საქართველოში დავბრუნდი, საქართველოს პირველობებს ვატარებდი, მაგრამ მივედი იმ ეტაპზე, როცა ვეღარ მივდიოდი წინ, სპონსორი არ მყავდა, თვეში ერთ ტურნირზეც ვერ მივდიოდი, ამიტომ ჩოგბურთს თავი დავანებე. პირველი სამი თვე ძალიან რთული იყო. არ ვიცოდი როგორ უნდა მეცხოვრა ჩოგბურთის გარეშე, გარეთ არ გამოვდიოდი. შემდეგ დავიწყე მუშაობა ლეილა მესხის აკადემიაში, სადაც დიპლომატებს ვავარჯიშებდი ჩოგბურთში და საათში 10 დოლარს მიხდიდნენ. ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო.

- ამერიკაში რა ასაკში წახვედით?

- 18 წლის ვიყავი როდესაც ამერიკაში წავედი საცხოვრებლად და თავი ვიგრძენი როგორც საკუთარ სახლში.

ამერიკაში ერთ-ერთ VIP კლუბში ვმუშაობდი. უამრავ წარმატებულ ადამიანს ვავარჯიშებდი, ბიზნესმენებს, უძრავი ქონების მაგნატებს და ა.შ. ყველაზე "სელებრითი" მათ შორის მელანია ტრამპი იყო. როცა მელანია მოვიდა, მენეჯერმა ჩემი თავი შესთავაზა ტრენერად. დაახლოებით 6 თვე იარა ჩემთან. ძალიან სასიამოვნო და უშუალო ქალია. სხვანაირად ჩოგბურთში ვერც იქნები, დამჯერი იყო, რომ ვეუბნებოდი იმოძრავე, მიჯერებდა. ჩოგბურთში ასეა, მწვრთნელს მიყავს ყველაფერი. გაგრძელება