"ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო პერიოდი ახლა მაქვს" - კვირის პალიტრა

"ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო პერიოდი ახლა მაქვს"

სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შემსრულებელი - ჯულიანა ბარ-გნარი 2019 წლის დადგომას გამარჯვებულის ამპლუაში შეხვდა: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ის ამიკო ჩოხარაძეს უწევდა პარტნიორობას. ჯულიანასთვის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ეს პირველი წარმატება არ გახლდათ: 2017 წელს ის პარტნიორობას გიორგი ბახუტაშვილს უწევდა და სეზონი წყვილის გამარჯვებით დასრულდა... როგორც მოცეკვავემ გვითხრა, დიდი შრომა კარგი დასვენებით ჩაანაცვლა და ოთო ფოლადაშვილთან ერთად, კარგად დაისვენა, ახლა კი კვლავ აქტიურად საქმიანობს...

ფოტოგალერეა

- როცა ადამიანს შრომა გიფასდება და მიზნებს აღწევ, ეს ძალზე სასიხარულოა. ბედნიერი ვარ, რომ ახალი წელიწადის დაწყებას საყვარელ ადამიანებთან ერთად, საყვარელ გარემოში შევხვდი. რა თქმა უნდა, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვება დიდი ბედნიერება იყო, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. ფინალისკენ უკვე ძალიან გადაღლილები ვიყავით. გადავწყვიტე, თუკი ახალი წელი ასე კარგად დაიწყო, კარგადაც უნდა დავისვენოთ-მეთქი (იცინის). ამიტომ დიდი შრომა კარგი დასვენებით ჩავანაცვლე.

- სად დაისვენე? - პროექტის დასრულების შემდეგ, მე და ოთო ჯერ ბაკურიანში წავედით და იქ დავისვენეთ, მერე ეგვიპტეში გავემგზავრეთ. პირადად მე, ზღვა და მზე ძალიან მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მაგარი ანტიდეპრესანტი ეს არის. მოკლედ, "მოვიმარაგეთ" D ვიტამინი და ბედნიერები დავბრუნდით (იღიმის)... დაახლოებით 1 თვეა, რაც მუშაობა დავიწყეთ. ჯერჯერობით, ჩვენი საქმეები წარმატებით მიდის. მოგეხსენებათ, მე და ოთოს სტუდია გვაქვს. ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავდით და ესეც განვახორციელეთ.

- როცა საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდი, თითქოს იმიჯთან ერთად, შენი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა... - რადიკალურად შეიცვლებოდა, რადგან ადამიანი იზრდება, სწავლობს... მართალია, როცა ეკრანზე გამოვჩნდი, ძალიან მცირე ასაკის არ ვყოფილვარ - 21-22 წლის გახლდით, მაგრამ ახლა 27-ის ვარ. ალბათ, ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო პერიოდი ახლა მაქვს. კარგია, რომ შევიცვალე. საერთოდ, განვითარება ყველაფერში მიყვარს. იმ ხალხს ვაფასებ, ვინც საკუთარი თავის განვითარებას ყოველთვის ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, თავის საქმეში კარგი იყოს. თუკი წინსვლის მიზანი არ გაქვს, ცხოვრება საინტერესო აღარ არის. ამიტომ ვფიქრობ, ცვლილება ძალიან კარგია და ვეცდები, ყოველ წელს ჩემს ცხოვრებაში ან თუნდაც გარეგნობაში მეტი სიახლე შევიტანო და ჩემი შინაგანი "მეც" საინტერესო გავხადო.

ოთო ფოლადაშვილთან ერთად

- შენი აზრით, რა არის ჰარმონია? - ჩემი აზრით, ჰარმონია ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამას მუდმივად ვერ "დაიჭერ", რადგან ცხოვრება ძალიან საინტერესო და ცვალებადია. მაქვს სტიმული, რომ ისევ რაღაც გავაკეთო და ისევ მოვიპოვო ჰარმონია. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს თავს ბედნიერად ვგრძნობ.

- შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები შეგიძლია ჩამოგვითვალო? - ბევრი ასეთი ეპიზოდი არსებობს. საკუთარ საქციელს ყოველთვის ვაანალიზებ. მინდა ჩემი ქმედებები "შორიდან" დავინახო. საკუთარ თავს ყოველთვის მკაცრად ვაფასებ - მაქსიმუმს ვითხოვ, რაც ხშირად მეხმარება. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ეტაპი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა იყო, რადგან სულ სხვანაირი ჯული დავინახე, რაც დამეხმარა, საკუთარ თავთან უფრო "გახსნილი" ვყოფილიყავი - ზუსტად გამეგო, რა მინდოდა და უფრო თამამი, ძლიერი გავმხდარიყავი.

- ადრინდელი ჯულიანა - გრძელი, ხუჭუჭა თმით და ალბათ, უფრო გულუბრყვილო ხასიათით, არ გენატრება ხოლმე? - არა, ნოსტალგია არ მაქვს, მით უმეტეს - იმიჯთან დაკავშირებით (იცინის). ახლა ზუსტად იმ ამპლუაში ვარ, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. უფრო მეტიც: "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო სეზონში რაღაც ცეკვა დავდგით, სადაც გრძელი თმა უნდა მქონოდა, მართლა ყველამ კომპლიმენტი მითხრა - მუქი ფერის გრძელი თმა ძალიან გიხდებაო, მაგრამ შინაგანად დისკომფორტს ვგრძნობდი - ის "ჩემი სიგრძე" და ფერი არ არის. ალბათ, იმიჯთან დაკავშირებული ნოსტალგია არასოდეს დამეუფლება. ჩემს შინაგან ბუნებას რაც შეეხება, ამ მხრივ, არ შევცვლილვარ. უბრალოდ, უფრო ძლიერი გავხდი, მაგრამ ის, რასაც ვაფასებდი, რაც ჩემთვის პრიორიტეტული იყო, ყოველთვის იგივე დარჩება - ამის შეცვლას არასოდეს ვცდილობდი. უბრალოდ, რაც მე მჭირდება და ცხოვრებისთვის საჭიროა, ის თვისებები უფრო მეტად დავხვეწე.

- შენთვის პრიორიტეტული რა არის? - საერთოდ, ისეთ ადამიანებს ვაფასებ, ვინც არ თამაშობს, თავს სხვაგვარად არ გაჩვენებს. მიყვარს, როცა ადამიანს ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული შეუძლია. ასევე, შრომისმოყვარეობას ვაფასებ.

- როგორი განცდა იყო, როცა შენს მეწყვილეს, რომელთანაც საერთო საქმე და მეგობრობაც გაკავშირებს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალში მეტოქეობას უწევდი?

- საერთოდ, ურთიერთგაგება, მხარში ამოდგომა ორივე ადამიანისგან უნდა "მოდიოდეს". იოლია თქვა, - ჩემი მეგობარია და გვერდით ვუდგავარო, მაგრამ წლებია, მე და ოთო თავდაუზოგავად ვშრომობთ, ღამეებს ვათენებთ, რათა ყველაფერი წარმატებით გამოგვივიდეს. "ცეკვავენ ვარსკვლავებს" საერთო საქმედ აღვიქვამდით. ერთმანეთის დახმარებით ისევ საერთო საქმეს ვეხმარებოდით. ამ დროს ინდივიდუალური ამბიციები და ეგოები არ გვქონია (იცინის). ერთი გუნდი ვართ. ასეთ შემთხვევაში, მოგება-წაგების საკითხს სხვანაირად უყურებ ადამიანი. ჩვენთვის დიდი წარმატება იყო, როცა ორივე ფინალში აღმოვჩნდით. შეჯიბრება უკვე ვარსკვლავებს შორის იყო. ამიკოს კიდევ ერთხელ, გულით ვულოცავ გამარჯვებას, რადგან ის უნიჭიერესი ადამიანი გახლავთ. ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, ამ ადამიანში რამხელა ნიჭი იმალება. დიდ წარმატებას ვუსურვებ!.. ჩემი და ოთოს საქმეს რაც შეეხება, არ ყოფილა პრეცედენტი, რომ მეწყვილეები ფინალში აღმოჩენილიყვნენ, ეს ახლა მოხდა. თან, მე და ოთოს პროექტში ადრეც გაგვიმარჯვია ანუ ორივეს გვქონდა შანსი, პროექტიდან "გამარჯვებულის" სტატუსით გამოვსულიყავით. ოთოს მართლა ვგულშემატკივრობდი და დარწმუნებული ვარ, ისიც მგულშემატკივრობდა, ერთმანეთს ვეხმარებოდით. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთი ჯანსაღი კონკურენციაა.

- რომელი თქვენგანის გამარჯვებას ელოდი? - ვფიქრობ, ორივე წყვილი გამარჯვებას იმსახურებდა, დანარჩენი უკვე ხალხზე იყო დამოკიდებული. ხალხმა რა და როგორ გადაწყვიტა, ფაქტი სახეზეა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოთომ და მისმა მეწყვილემაც ამ სეზონში არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი ნომრები "დადეს". ბედნიერი ვარ, რომ პროექტში ამიკო ასე ახლოს გავიცანი. მისი სახით კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი შევიძინე.

ამიკო ჩოხარაძე და ჯულიანა ბარ-გნარი

- ანუ ურთიერთობას აგრძელებთ? - გადატვირთული რეჟიმი გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს მაინც ვეხმიანებით. დავრწმუნდი, რომ ამიკო არაჩვეულებრივი მეგობარიც არის - ადამიანის მხარში დგომაც შეუძლია, ძალიან მაგარი ბიჭია.

- შენს ცხოვრებაში სტომატოლოგის პროფესია ისევ განიხილება? - სწავლა აუცილებლად უნდა გავაგრძელო - წელს საბუთები შევიტანე, მაგრამ ასევე, დიზაინერობა მინდა. კარგად ვხატავ, უფრო ზუსტად - ვსწავლობ. მსურს სამომავლოდ ამ მიმართულებითაც მივიღო განათლება. როგორც კი სტომატოლოგიის შესწავლას დავასრულებ, ალბათ, მეორე საქმის შესწავლას შევუდგები, რომელიც ჩემი ჰობია, მაგრამ მსურს, პროფესიონალურ დონეზე "ავიყვანო".

- ტანსაცმლის დიზაინერობას გულისხმობ? - სავარაუდოდ. შეიძლება, გადაწყვეტილება შევცვალო და სხვა მიმართულებით დავინტერესდე. ზაფხულში, დაახლოებით 1 თვე ხატვაზე დავდიოდი და მივხვდი, რომ მეხერხება. ახალი სტუდიის ამბებს რომ მოვრჩებით და "დავლაგდებით", ხატვის არაჩვეულებრივ გაკვეთილებს აუცილებლად დავუბრუნდები...

- რთულ სამუშაო რეჟიმს შენთვის პირად ცხოვრებაში პრობლემები შეუქმნია? - თუ რამის გაკეთება მინდა, ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს მოვასწრებ - რამდენი საქმეც უნდა მქონდეს, აუცილებლად მოვიცლი. ვერ აღვწერ, ისეთი რეჟიმი მაქვს. საერთოდ, ამასთან დაკავშირებით, პრობლემა და პრეტენზია არ მაქვს - საკუთარ თავს სწორედ ასეთ სიტუაციაში ვხედავდი. როცა ვიღლები, ზოგჯერ ჩემს თავს ვეუბნები: ჯული, არ უნდა იწუწუნო, რადგან ზუსტად ამას ითხოვდი-მეთქი. მერე ძალა მემატება და საქმეს ვაგრძელებ (იღიმის). მთავარია, საკუთარ თავს შინაგანად უთხრა, რა გინდა, ზუსტად დაინახო, რა გჭირდება, რომ მიზანს მიაღწიო და მერე ყველაფერი დალაგდება, დროსაც გამონახავ. მნიშვნელოვანია, ყველაფერი ხარისხიანად გააკეთო. მაშინ ეს შრომა და დრო დაფასებული იქნება.

- შენი "წარმატების ფორმულას" როგორ ჩამოაყალიბებ? - ჩემი აზრით, პირველ რიგში, საჭიროა ძალიან დიდი სურვილი, რწმენა, რომ ყველაფერი გამოგივა და შრომისმოყვარეობა. მიმაჩნია, რომ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-3 სეზონი იყო, როცა და გარდამეცვალა" - მშვენიერი ჯულიანას დიდი ტკივილი

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"