"ყველა ჩემს კანფეტს "სტოპ რაშა" აწერია" - მამალოების პატარა მწარმოებელი დიდ ბიზნესში ერთვება - კვირის პალიტრა

"ყველა ჩემს კანფეტს "სტოპ რაშა" აწერია" - მამალოების პატარა მწარმოებელი დიდ ბიზნესში ერთვება

"ყველა ჩემს კანფეტს "სტოპ რაშა" აწერია. ეს აზრი მაშინ გამიჩნდა, როცა ხურვალეთთან მავთულხლართები ვნახე. ძალიან მინდა, რუს ჯარისკაცებს მივუტანო და ვუთხრა, რომ ეს მამალოები თავიანთ შვილებს წაუღონ. ვეტყვი, რომ აქ არ უნდა იდგნენ"

11 წლის გიორგი შეშაბერიძე გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ეს პატარა ბიჭი თავისი ხელით დამზადებულ მამალოებს მაღაზიებში აბარებს. მისი პატარა ხელებით შექმნილ პროდუქციას ყველა იცნობს. ახლა ბიზნესის გაფართოებასა და თავისი საწარმოს მშენებლობაზე ოცნებობს, ბიზნესიდეები მრავლად აქვს, ამ იდეების განსახორციელებლად საჭირო ფული - ჯერ არა. ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდათ და ამიტომ წამოიწყო ეს საქმე, რამაც გაამართლა. ამ გზით ბიჭუნამ ოჯახი შიმშილისგან იხსნა. ოთხსულიანი ოჯახი გორში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

მაია შეშაბერიძე, გიორგის დედა: - გიორგის უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა, არ გვიჭირდა, სახლიც გვქონდა, სამსახურიც, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი დავკარგეთ. მეუღლეს საშაურმეები ჰქონდა, მე - ტანსაცმლის მაღაზია, სადაც ჩამოფასებულ ამერიკულ ახალ ტანსაცმელს ვყიდდი. ამ ბიზნესისთვის ბანკებიდან სესხი ავიღეთ, კერძო იპოთეკური სესხებიც გვქონდა, მაგრამ ბოლოს დიდი ვალი დაგვედო. რვა თვის ფეხმძიმე ვიყავი, ქუჩაში რომ აღმოვჩნდით. შემორჩენილი ტექნიკა დავალომბარდეთ, რომ სამშობიარო ფული გვქონოდა. ოჯახის წევრებს არ ვეუბნებოდით, რა გვჭირდა, მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდა, წასასვლელი არსად გვქონდა და სიმართლე გავამხილეთ. ახლობელმა ერთი თვით ბინა გვათხოვა და იქ გადავედით ჩვენს ახალშობილ გოგონასთან ერთად. მერე ბინა ვიქირავეთ. ძალიან გვიჭირდა. ამ დროს ბევრი მეგობარი ჩამოგვეცალა. ქვეყნიდან წასვლას ვგეგმავდით, რომ არა გიორგის გადაწყვეტილება...

გიორგი შეშაბერიძე: - იმ დღეს დედამ წვნიანი მაჭამა. ძალიან მინდოდა ტკბილეული და ვთქვი, დედი, რაღაც ტკბილი მინდა ვჭამო-მეთქი, მაგრამ არაფერი იყო სახლში. მამამ მითხრა, ძველებურ კანფეტს გაგიკეთებ, რასაც ჩვენს ბავშვობაში ვჭამდითო. სახლში შემორჩენილი გვქონდა ძველი ყალიბი, რომელსაც ადრე იყენებდნენ მამალოების გასაკეთებლად და მამამ მამალო ჩამოასხა. როცა ბედნიერად ვცხოვრობდით, დედა სულ აცხობდა ნამცხვრებს, ჰოდა, ფერები და გასაფორმებლებიც ვიპოვე. მე და მამამ მამალოები ამით გავაფორმეთ. რომ ვთქვი, ასეთი გემრიელი კანფეტი არც ერთ მარკეტში არ მინახავს და ხომ არ გავაკეთოთ და გავყიდოთ-მეთქი, მამას გაეცინა. მერე ძლივს ამოთქვა, ცოტა ხანი დამაცადე და სამუშაოს ვიშოვიო...

იმ ღამით ინტერნეტში ბევრი ვიძრომიალე, რომ მეტი ინფორმაცია მეპოვა მამალოების მომზადებაზე. მეორე დღეს დავჯექი და გავაკეთე. ჩემებმა იფიქრეს, სკოლაში მიმქონდა, მაგრამ მაღაზიაში წავიღე და ჩავაბარე. იმ ქალბატონს კარგად ვიცნობდი. რომ გაიყიდება, ფული მერე მომეცით-მეთქი. გაიღიმა და დაიტოვა. მეორე დღეს ამ მამალოებში 15 ლარი გადამიხადა.

- რაში დახარჯე ეს ფული? - ჩემს დას საწოვარა არ ჰქონდა. 3 ლარი და 50 თეთრი მის საწოვარაში გადავიხადე, დარჩენილი ფულით კი სილიკონის პეპლების ფორმები ვიყიდე და მეორე ღამით მეტი მამალო ჩამოვასხი.

მაია, დედა: "ფაქტობრივად, ორი თვე გიორგი გვარჩენდა. ჩვენს გოგონას, თეოდორას სახელი გიორგიმ დაარქვა. ახლა წლის და 6 თვის არის. დის პატივსაცემად თავის მამალოებს "დორა" დაარქვა. ერთ დღესაც ჩასაბარებლად რომ მიდიოდა, გავყევი. ერთ ნაცნობს მარკეტი ჰქონდა და როგორც კი დაგვინახა, ზურგი გვაქცია. გიორგიმ მკითხა, რატომ მიტრიალდაო? მე ტირილი ამივარდა, მან კი ხელი მომკიდა და მითხრა, დედი, ნუ ტირი, ამაზე არ ინერვიულო, იცოდე, ყველაზე მაგარი ქალი უნდა იყოო.

ღამეებს ათენებდა, რომ მეტი მამალო გაეკეთებინა. ზოგი მარკეტი თავიდან უარს ამბობდა ქართულ პროდუქციაზე, ახლა კი გვირეკავენ, მოიტანეთო. ნელ-ნელა ყველაფერი ისე დატრიალდა, როგორც ზღაპრებში ხდება. ჯერ - 15, მერე - 50, მერე 60 ლარი გამოიმუშავა."

გიორგი: - თავიდან ჩემი მამალოები ფერადი ლენტებით შევფუთე, რადგან არ გვქონდა საშუალება, ეტიკეტი დაგვემზადებინა. მერე ეტიკეტებიც დავამზადებინე. ამ ხნის მანძილზე სამი ეტიკეტი გამოვცვალე. ჩემი მამალოები მხოლოდ ლიმონის წვენისა და შაქრისგან არის დამზადებული. საკურორტო ადგილებშიც მივდიოდი და ვაბარებდი. ვიყავი მცხეთაში, ბორჯომში, ბაკურიანში, ახალციხეში. ზოგი კარგად მხვდებოდა, ზოგს კი გულნატკენი გამოვუშვივარ, მაგრამ არ ვიმჩნევდი.

ინტერნეტიდან ბევრი რამ ვისწავლე და ჩემი მოგებაც გაორმაგდა. იზრდებოდა მოთხოვნაც და გაყიდვაც. მერე "იუთუბით" ვისწავლე შეფუთვისთვის საჭირო ყუთების გაკეთება და თაბაშირისგან სხვადასხვა ფორმის დამზადება დავიწყე. ერთ სუვენირს მეორე მოჰყვა და ახალი ბიზნესიდეაც გაჩნდა. მერე ყალიბები გამოვიწერე. იმ ფორმებში ვასხამ თაბაშირს და სხვადასხვა ფორმის ნაკეთობებს ვამზადებ. ახლა გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვაბარებ თაბაშირის ფორმებს და შემდეგ ბავშვებს ახატვინებენ. გორის მე-3 და მე-9 სკოლებმაც შემიკვეთეს რამდენჯერმე - იქაც ბავშვები იყენებენ გასაფერადებლად.

ჩემი მამალოს ბიზნესი კი ისე გაიზარდა, ახლა მამა მეხმარება. ორი ქალბატონიც დავასაქმე. ძალიან მინდა, ჩემი საამქრო ავაშენო. დეიდამ მიწა მაჩუქა და თუ ეს ოცნება ავისრულე, მინდა, ჩემი მეგობრები - შშმ ბავშვები ვამუშაო. ისეთი ადვილია შეფუთვა, ვიცი, შეძლებენ.

სამწუხაროდ, ჯერ დიდ მარკეტებში ვერ შევდივარ, რადგან შტრიხკოდი არ გვაქვს. ამას 1200 ლარი სჭირდება და ამდენი ფული ჯერ არ მაქვს, მაგრამ პირობას ვდებ, მალე ჩემი მამალოები ყველა მარკეტში გაიყიდება.

- გიორგი, შენს მამალოებს შეფუთვაზე აწერია "სტოპ რაშა". - ყველა ჩემს კანფეტს "სტოპ რაშა" აწერია. ეს აზრი მაშინ გამიჩნდა, როცა ხურვალეთთან მავთულხლართები ვნახე. ძალიან მინდა, რუს ჯარისკაცებს მივუტანო და ვუთხრა, რომ ეს მამალოები თავიანთ შვილებს წაუღონ. ვეტყვი, რომ აქ არ უნდა იდგნენ. ბებია მყავდა ოსი, დედა ბევრს მიყვება მის ნათესავებზე, რომლებიც დღეს იქით არიან. "სტოპ რაშა" - ეს ლოგო ჩემი შექმნილია. მინდა ყველამ იცოდეს, თუ სადმე ამ წარწერით მამალოებს წააწყდებით, ჩემი გაკეთებულია.

კიდევ მინდა გავაკეთო ისეთი საცხობი, სადაც ბავშვებისთვის პურს გამოაცხობენ. ამ პურებზე მინდა იყოს მულტფილმის გმირები. ბავშვები ასეთ პურს უფრო გემრიელად მიირთმევენ. მომავალში კი ძალიან მინდა საბავშვო ავეჯიც გამოვუშვა.

- სწავლისთვის დრო გრჩება? - სკოლიდან რომ მოვდივარ, ჯერ ვმეცადინეობ და მერე ვიწყებ მამალოების მომზადებას. შაბათ-კვირას უფრო მეტს ვაკეთებთ. ახლა ბიზნესტრენინგებზე დავდივარ - მინდა მეტი ვისწავლო. მას შემდეგ, რაც ტელევიზიით ჩემზე სიუჟეტი გავიდა, "თიბისი ბანკი" გამომეხმაურა და ყოველთვე 100-ლარიანი სტიპენდია დამინიშნეს. ეს დიდი სტიმულია ჩემთვის.