"მალე ლურჯი ავტობუსების საჭეს ქალებიც მიუსხდებიან" - კვირის პალიტრა

"მალე ლურჯი ავტობუსების საჭეს ქალებიც მიუსხდებიან"

"მამაკაცებს ვეტყვი, რომ მობრძანდნენ, ქალებს შევაჯიბრებთ და ვინ გაიმარჯვებს, ვნახავთ"

მარტიდან თბილისის ქუჩებში ლურჯი ავტობუსების საჭესთან მძღოლი ქალები გამოჩნდებიან. მათ ავტოსკოლაში მომზადება გაიარეს და შეისწავლეს ავტობუსის სამართავი თეორიული მასალა, გამოიმუშავეს პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც.

"25-დან 23-მა აიღო მართვის მოწმობა. მეამაყება, რომ პროექტი წარმატებით დავასრულეთ", - გვეუბნება მძღოლთა მომზადების ცენტრის დირექტორი ზურაბ ბაბუციძე, რომელმაც გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

- ასამდე ლურჯი ავტობუსი "იბიარდის" (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ნაჩუქარია. პროექტში 140 მილიონი იყო ჩადებული და საქართველოში მათი წარმომადგენელი ჩამოვიდა... ჩვენთან ავტობუსს მხოლოდ მამაკაცები ემსახურებიან და ძალიან შეშფოთდა: ევროპულ ქვეყნებში მუნიციპალურ ტრანსპორტს უმეტესად ქალები მართავენ, თქვენთან კი მხოლოდ მამაკაცი მძღოლები არიანო. ასე გაჩნდა მოთხოვნა, რომ 25 ქალი მოგვემზადებინა. მსურველები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უნდა მოეძებნა. ტენდერიც ჩატარდა, მაგრამ ერთ თვეში დასასრულებელი პროექტი - თეორიული და პრაქტიკული კურსი - 4 თვემდე გაგრძელდა, რადგან გაძნელდა ქალების მოძიება. საბოლოოდ, პროექტმა წარმატებით ჩაიარა.

- რა კრიტერიუმებით შეარჩიეს მძღოლი ქალები? - აუცილებელი მოთხოვნა იყო: მძღოლი მართვის ბ კატეგორიის მოწმობით; 24-დან 56 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე ავტომანქანის მართვის სამწლიანი გამოცდილებით. ამასთან, არ უნდა ჰქონოდა სერიოზული დარღვევები (ავარია, მოწმობის ჩამორთმევა და ა.შ.).

- როგორი მოწაფეები აღმოჩნდნენ? - ძალიან მაგარი. 25 მომზადდა და 23-მა აიღო მართვის მოწმობა. ქალი, რომელიც აზრზე არ არის, რა არის ავტობუსის მართვა, მოკლე დროში პროფესიონალად რომ გადააქციო, ადვილი არ არის. ორი კვირა თეორიულ, ორი კვირა კი პრაქტიკულ მეცადინეობას დაეთმო. სხვადასხვა პროფესიის ქალები მოვიდნენ: ექიმები, პედაგოგები, ინჟინრები...

- დედაქალაქში სულ რამდენი მძღოლია და რამდენია მათ შორის ქალი? - აქამდე 2 ქალი მძღოლი გვყავდა, ერთი ასაკოვანია, ადრე ტრამვაის ვატმანიც იყო, მეორე კი 25 წლის გოგონაა. სულ 100 ლურჯი ავტობუსი შემოვიდა და მინიმუმ 200 მძღოლია, თუ გავითვალისწინებთ ყვითელი ავტობუსების მძღოლებსაც, დაახლოებით 500 მძღოლია ქალაქში. 8-საათიან გრაფიკზე 1.000 ლარამდეა ხელფასი. დღესასწაულებზე გაორმაგებული ხელფასებია, იღებენ მეცამეტე ხელფასსაც.

- ჩვენში არის სტერეოტიპი, რომ ქალი მძღოლად საშიშია. თქვენ რას იტყვით? - ასეთ მამაკაცებს ვეტყვი, რომ მობრძანდნენ, ქალებს შევაჯიბრებთ და ვინ გაიმარჯვებს, ვნახავთ. ქალებს იგივე მოეთხოვებათ, რაც მამაკაცებს. მძღოლები ხაზებსაც თვითონ აირჩევენ.

თუ მოვიძიებთ ინფორმაციას ავარიების შესახებ, ფატალური შედეგით დასრულებული სატრანსპორტო შემთხვევები მამაკაცებს აქვთ - 100-დან 98 მამაკაცებზე მოდის, მხოლოდ 2 შემთხვევა კი ქალებზე. ქალი ზედმეტად ფრთხილია და ავარიისგან იცავს, სამაგიეროდ, გაიჭედება ხეებშუა, მანქანებში, მეზობლის მანქანას ფარს მიუნგრევს, მანქანა დაუგორდება, მაგრამ ფატალური შედეგით არ დაამთავრებს.

გარდა ამისა, პროექტის ავტორებს შევთავაზე: 25-ვე ქალმა გაიარა სამედიცინო მომზადება და სერტიფიკატები აიღო. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში პირველად დახმარებას აღმოუჩენენ მგზავრს. რომელიმე ერთ კაცსაც თუ გადაარჩენს, ეს პროექტი მარტო ამადაც ღირდა... მარტიდან ქალები საჭეს მიუსხდებიან და გვასახელებენ. გარდა ამისა, ამ გოგონებმა პროფესიონალი მძღოლი ქალების ფედერაცია შექმნეს. მე შემიშვებენ თუ არა, არ ვიცი (იცინის).