"ივანკა განსაკუთრებით კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ" - პირველი ქართველი ქალი, რომელიც ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიღო - კვირის პალიტრა

"ივანკა განსაკუთრებით კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ" - პირველი ქართველი ქალი, რომელიც ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიღო

"დონალდ ტრამპზე ხშირად ამბობენ, უხეშია და ადამიანებს ძალიან ცუდად ექცევაო, მაგრამ მე ეს ვერ შევნიშნე. პოზიტიური განწყობით შეგვხვდა და რამდენჯერმე მადლობაც გადაგვიხადა"

"ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიღო. ამბობს, რომ ამ ვიზიტმა ბევრი სიხარულიც მოუტანა და უსიამოვნებაც.

"სოციალურ ქსელში შესვლა აღარ მინდოდა, რადგან მლანძღავდნენ, ამერიკის აგენტს და ქვეყნის შემარცხვენელს მეძახდნენ," - ამბობს ქალბატონი ნინო, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია:

- ტრამპთან შეხვედრაზე "ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა" მიმიწვია. ალბათ იმის გამო, რომ 2007 წელს მათი ბენეფიციარი გავხდი და 125 ათასი დოლარის გრანტი მოვიგე. ამ ფულით დაიწყო ჩემი აგროკარიერა: გავაკეთე ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო, გავაშენე ვაშლის ბაღი, რასაც "ფერმერთა ასოციაციის" შექმნა მოჰყვა.

ტრამპის მიწვევის მიზეზი იყო ახალი ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა შეიმუშავეს. ეს არის 50-მილიონიანი პროექტი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათ დაფინანსებას გულისხმობს.

საქართველოდან ერთადერთი ქალი ვიყავი, რომელსაც წილად ტრამპთან სტუმრობის პატივი ხვდა. ბედნიერი ვარ, რადგან მე ვარ ყველაზე იღბლიანი ბენეფიციარი, რომელიც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში მიიღო.

ნინო ზამბახიძე

- როგორ გადაწყდა და დაიგეგმა ეს შეხვედრა? - პირველად ივანკა ტრამპთან მქონდა ურთიერთობა და სწორედ მან გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტს უნდა შევხვედროდი. ივანკამ ჩემზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. ის ძალიან გულღია, ღიმილიანი ადამიანია, უხარია სხვების წარმატება და განსაკუთრებით კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ. როგორც ჩანს, ტრამპის გარემოცვას მიაჩნია, რომ საქართველო ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა ამერიკისთვის.

- პრეზიდენტი როგორ შეგხვდათ? - დონალდ ტრამპზე ხშირად ამბობენ, უხეშია და ადამიანებს ძალიან ცუდად ექცევაო, მაგრამ მე ეს ვერ შევნიშნე. პოზიტიური განწყობით შეგვხვდა და რამდენჯერმე მადლობაც გადაგვიხადა. შეხვედრაზე აღნიშნა, თუ მშვიდობიანი და განვითარებული მსოფლიო გვინდა, უფრო მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული ბიზნესში, განათლების სისტემასა და პოლიტიკაშიო...

იქ ყოფნისას რამდენჯერმე შევხვდი ივანკას, ასევე კონგრესმენებს, სენატორებს, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებსაც.

ყველა აღნიშნავდა, რომ საქართველო მათთვის საინტერესო და პრიორიტეტული ქვეყანაა. იმედი მაქვს, რომ პროექტი, რომელიც ივანკა ტრამპმა გაგვაცნო, ჩვენთანაც განხორციელდება.

- ქალბატონო ნინო, რა პროექტია ეს და რატომ გამოიწვია საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია? - საქართველოში ამ პროექტმა დიდი გაუგებრობა გამოიწვია. როგორც ჩანს, ზოგს ეგონა, რომ 50 მილიონი დოლარი სულ მე მომქონდა, მაგრამ ასე არ არის. მიჭირს ახსნა, რატომ მოჰყვა ჩემს ვიზიტს ასეთი მწვავე რეაქცია - ნუთუ ჩვენს ქვეყანაში არ უხარიათ, როცა ვიღაც წარმატებას აღწევს?! არც მინდა გავიხსენო, რასაც სოციალურ ქსელში ჩემზე წერდნენ - მეძახდნენ აშშ-ის აგენტს, მლანძღავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ქართველი ქალის იმიჯი შევლახე. ერთმა "კეთილისმსურველმა" ლამაზისეულიც (!) კი მიწოდა - ასეთი რუჯი რატომ აქვს, აშშ-ის პრეზიდენტმა ხომ უნდა იცოდეს, რომ ქართველები თეთრკანიანები ვართო... არადა, გარუჯული არ ვიყავი, შუქი მეცემოდა ისე, რომ მუქ ფერებში გამოვჩნდი. თურმე ქართველი ქალის იმიჯი შევარცხვინე და მთელ ქვეყანას შეურაცხყოფა მივაყენე. სხვათა შორის, მაკიაჟიც არ მქონია. ოვალურ კაბინეტში ისეთი მივედი, როგორიც ბუნებრივად ვარ.

- როგორ ფიქრობთ, გაღიზიანება 50-მა მილიონმა დოლარმა გამოიწვია? - გრანტის ჭამას ვინც მაბრალებს, შემიძლია დავამშვიდო - იმ 50 მილიონს მე არ მაძლევენ. ეს თანხა განვითარებადი და ნაკლებად განვითარებადი ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი და არც კი ვიცი, საქართველოში ჩამოვა თუ არა. ჩვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნებიდან გრანტი აქვთ აღებული და მათ რატომ არ ლანძღავენ?

ვფიქრობ, ეს ადამიანები პრორუსულად არიან განწყობილი და მათთვის მიუღებელია, რომ ჩვენ ამერიკასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ალბათ, ასეთი ხალხი მწერდა, რომ აშშ-ის აგენტი და სოროსის დაფინანსებული ვარ, თორემ რა დროს ვიღაცის გარეგნობაზე ან ჩაცმულობაზე ფიქრია, როცა ჩვენი სამშობლოს 20% ოკუპირებულია?!

- თუმცა, თქვენს ვიზიტს დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა... - საბედნიეროდ, ბევრი სასიამოვნო წერილი და მესიჯი მივიღე. მიხარია, რომ ტრამპი და მისი გარემოცვა საქართველოს მიმართ კარგად არიან განწყობილი და თუ ვინმეს ჩემი ჩაცმულობა ან მაკიაჟი არ მოსწონს, ეს ჩემთვის მეათეხარისხოვანია. მიჭირს თქმა, ასეთ ხალხს შური ალაპარაკებს თუ სხვა რამ, მაგრამ ჩემთვის მთავარი სხვა საკითხია - დიდი სურვილი მაქვს, ამ შეხვედრებს დადებითი შედეგი მოჰყვეს და თუ ეს მოხდება, ყველანაირ უსიამოვნებას დავივიწყებ.

ხათუნა ჩიგოგიძე