ტფილისიდან თბილისამდე და პირიქით... - კვირის პალიტრა

ტფილისიდან თბილისამდე და პირიქით...

"აქ ჯერ კიდევ არის ტიპური ხის აივნები, შენარჩუნებულია მე-19 საუკუნის არქიტექტურული სტილი..."

"რომის ქუჩაზე რომ ლამაზი სახლია, არ-ნუვოს სტილში, იქ მინდა, მივიდე", - მეუბნება ფრანგი ფოტოხელოვანი ორელიენ ვილეტი და თან სახლის ფოტოს მაჩვენებს.

- ზუსტად არ ვიცი, სად არის, მაგრამ მოვძებნოთ, - ვპასუხობ მას.

ცნობილი ფოტოხელოვანი საქართველოში მეცხრედ ჩამოვიდა, ფონდ "ევროარტის" ორგანიზებით ფოტოალბომისთვის თბილისის ღირსშესანიშნაობებს იღებს.

ორელიენ ვილეტს შარშან შევხვდი, ფოტოალბომზე "ტფილისი-თბილისი" მუშაობისას. მან ჩემზე კარგად იცოდა ყოველი ქუჩა, სახლი, აივანი და ჭიშკარი. რამდენიმე დღე ფრანგ ფოტოხელოვანთან ერთად გავატარე და მივხვდი, ის არ იყო მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალი, მას უყვარს ჩვენი ქალაქი.

რით მიიზიდა თბილისმა ფრანგი ფოტოხელოვანი და რა დაინახა მან კადრს მიღმა, ორელიენ ვილეტი გიამბობთ.

იქ, სადაც აწმყო და წარსული ერთმანეთს ხვდება

- თბილისი პირველად 2013 წელს აღმოვაჩინე. ეს ქალაქი ჩემთვის სრულიად ახალი და, იმავდროულად, ძალიან ძველია. პირველად ვიხილე ქალაქის ასეთი სწრაფი ცვლილება, მაგრამ ჩნდება კითხვებიც: რა ბედი ეწევა ძველ სახლებს, უბნებს? როგორ მოერგება ახალი შენობები ძველ გარემოს? როგორ გადაწყდება ურბანული დაგეგმარების საკითხები? ამ პროექტით მინდოდა მეჩვენებინა დროში ასახული თბილისის სახე და წარმომედგინა ყველა ცვლილება...

თბილისის მრავალფეროვნება მისი გეოგრაფიული მდებარეობით არის განპირობებული, რაც მას უნიკალურს ხდის. ყველაფერი სტანდარტიზებული რომ იყოს, შესაძლოა დედაქალაქმა ხიბლი დაკარგოს.

ფოტოალბომში "ტფილისი-თბილისი" წარმოჩენილია ქალაქის განსხვავებულობა, ისტორია და ა.შ. რამდენიმე ადგილმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა, მაგალითად, პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ - დიდ სამკითხველო დარბაზში სიჩუმეა, დარბაზიდან კი პირდაპირ ეზოში გადიხარ. ეს ტარკოვსკის ფილმებს მახსენებს... წიგნები მიყვარს და მუშაობის დროს ასეთი სივრცე თითქოს პარალელურ სამყაროში გადასვლას ჰგავს.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამხატვრო აკადემიამაც, სადაც საღებავის ძველი ფენების ქვეშ შენობის ისტორია აღმოვაჩინე."ირანული სარკეების დარბაზში, სადაც განახლება იყო დაწყებული, ძველი ორნამენტების დანახვა იყო შესაძლებელი... ჩემს ფოტოებში როგორც აწმყო, ისე წარსული მაქსიმალურად არის წარმოჩენილი. დაბოლოს, ქალაქის ძველი ნაწილი. აქ ჯერ კიდევ არის ტიპური ხის აივნები, შენარჩუნებულია მე-19 საუკუნის არქიტექტურული სტილი...

ეს არის წიგნი-ფოტოამბავი, რომელიც თბილისის თანამედროვე ქუჩებიდან ძველ უბნებში გამოგზაურებთ. შეგიძღვებათ სამყაროში, რომელიც თქვენთვის სრულიად უცხოა, ან ახლებურად დაინახავთ მას.

"ალბომი-მაგნიტი" მაგიური ქალაქისკენ მიგიზიდავთ

ფონდ "ევროარტის" დამფუძნებელი დალი უბილავა დე გრააფი რომ არ ყოფილიყო, დღეს ფოტოალბომი "ტფილისი-თბილისი" არ იქნებოდა. სწორედ მისი ძალისხმევით შედგა უნიკალური პროექტი. როგორ დაიბადა წიგნის იდეა და რატომ "ტფილისი-თბილისი", დალი უბილავა-დე გრააფი გიამბობთ:

- ერთმა უცხოელმა კოლეგამ ალბომის ნახვის შემდეგ მითხრა,"ეს არის ალბომი-მაგნიტი, რომელიც ხელში აღებისთანავე გიზიდავს, რომ სასწრაფოდ გადადო ყველა საქმე და ესტუმრო ამ მაგიურ ქალაქსო. ფოტოალბომი თუ ასეთ განწყობას აღუძრავს პუბლიკას, ესე იგი, მიზანი მიღწეულია. ალბომის დათვალიერებისას ქართველი საზოგადოება უამრავჯერ ნანახ და კარგად ნაცნობ ადგილებს ხელახლა აღმოაჩენს, რადგან დანახულია სრულიად სხვა რაკურსით. ალბომი თავიდანვე გათვლილი იყო უცხოელი აუდიტორიისთვის, საქართველოს, თბილისის პოპულარიზაციისთვის, თუმცა საბოლოოდ მიიღო ქართულ-ინგლისური ვერსიის სახე. თითოეული ფოტო მხოლოდ ამ ალბომისთვის არის გადაღებული და ჯერ არსად გამოქვეყნებულა. იგივე ითქმის ტექსტზეც, რომლის ავტორია შესანიშნავი ლიტერატორი თამარ შაიშმელაშვილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფოტოალბომის მაკეტი 2018 წლის ოქტომბერში წარადგინეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.

გზა ტფილისიდან თბილისამდე, ძველი შენობების, ქუჩების, სადარბაზოების, ეზოების ისტორიები, ფოტოებით გადმოცემული თბილისური არქიტექტურა და ჩვენი დედაქალაქის მარგალიტები - ყველაფერი ეს თავმოყრილია ფოტოალბომში "ტფილისი-თბილისი", რომელიც უკვე იყიდება "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში.