"გულში სულ ქართულად ვლაპარაკობ, სულ ვეკითხები ჩემს თავს, ეს რატომ გავაკეთე, როგორ დავტოვე დედა მარტო-მეთქი?"
"გულში სულ ქართულად ვლაპარაკობ, სულ ვეკითხები ჩემს თავს, ეს რატომ გავაკეთე, როგორ დავტოვე დედა მარტო-მეთქი?"
ფოტო:ალექსანდრე ბესტავაშვილი
ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე ბესტების ოჯახს მივადექი. ეს ფოტო რამდენიმე წლის წინ გადავიღეთ. გოგიმ გადაგვიღო, ალექსანდრე ბესტავაშვილის უფროსმა შვილმა. შვილებმა მხოლოდ ინგლისური იციან, თუმცა არასოდეს ავიწყდებათ, რომ ქართული წარმომავლობის ფესვები აქვთ.

ქართულად, მაშინ, ალექსანდრე მელაპარაკა მხოლოდ. ძლივს ვათქმევინე, რომ ლონდონის "გრივნიჩის" წყალმომარაგება და გაყვანილობა სრულიად მისი დაპროექტებულ-აწყობილია. მერე კი დაწვრილებით თავად გაიხსენა 21 წლისა, როგორ წავიდა საქართველოდან და მოვიდა 107 წლის ასაკამდე. შიგადაშიგ ვტიროდით, ხანაც ვიცინოდით.

სიკვდილის ეშინოდა. არ
მინდაო - მეუბნებოდა. რაც უცხოა და არ ვცნობ არ მინდაო. მერე, ჩაფიქრდა და მითხრა, -107 წელი, შენ რა გგონია, ძალიან ცოტააო.

დღეს გამახსენდა, მითხრა, ნოემბერი ჩემი თვეაო, ფერების ქორწილი და ბუნების სილამაზეო, ამ დროს დავიბადეო.

"როგორ მინდა 110 წლის გავხდე, რომ ვთქვა, რა მოკლე ყოფილა
სიცოცხლეო". იღიმოდა და თან ჩემს ნაკვთებს აკვირდებოდა.

მარტში, გაზაფხულის დასაწყისში წავიდა იმ ქვეყნად. დღეს დავთვალე და 110 წელი შეუსრულდებოდა. ქრისტინას ველაპარკე. მის ერთ-ერთ შვილს. მითხრა, ერთხელ მოდი ჩვენთან, ერთად გავიხსენოთო.

რა შორს ვარ ახლა. ვზივარ ფოტოებს ვათვალიერებ და მენატრება. მარტო ვიხსენებ მას.

" ჩემი ბავშვობის ალაგი ახლაც მესიზმრება - ატენის სიონიდან კლდე მოჩანს. იმ კლდეზე უძველესი ციხესიმაგრეა.... ჩემს წინაპარს იქ მიწა მოუთხრია და ატენში პირველი ბესტავაშვილი შალვა დასახლებულა."

სტატიის ავტორთან ინტერვიუს ჩაწერის დროს
ეს იმ ინტერვიუდან გამახსენდა უშუალოდ ალექსანდრეს სახლში, რომ ჩავწერე. იმ ფრანგულ სიმღერას ახლა გულში ვღიღინებ, რომელიც მას ახალგაზრდობაში ძალიან უყვარდა. ინტერვიუს დროს რამდენიჯერმე წაიღიღინა და მერე დაწვრილებით გაიხსენა, როგორ გაიცნო თორა, საკუთარი მეუღლე. მათ დიდი სიყვარული ჰქონდათ.

მეუბნებოდა, - ადამიანებს, რომ ვაკვირდები, ფულის მიხედვით ირჩევენ ერთმანეთს და ამიტომაც ენგრევათ ოჯახი. ჩვენ სიყვარული ავირჩიეთ და ამიტომაც მოვედით აქამდეო.
მეუღლესთან ერთად
სხვათაშორის, პირველი თორა წავიდა იმქვეყნად. ალექსანდრე მიუხედავად იმისა, რომ ასაკში იყო, ძალიან იბრძოდა სიცოცხლისთვის, მაგრამ მეუღლის დარდს და მონატრებას გადაჰყვა.

დღეს უკვე მისი შვილები რუდუნებით ინახავენ ილიკო სუხიშვილის ხელმოწერილ დოლს. ლონდონში გამართულ სუხიშვილების ყველა კონცერტზე ვართ ნამყოფიო, მეუბნებოდნენ. "ჰოდა, ერთხელ ფრიდონ სულაბერიძე შინ გვესტუმრა და უფროსი ილიკო სუხიშვილის ხელმოწერილი დოლი გვაჩუქა".
უფროსი ილიკო სუხიშვილის ხელმოწერილი დოლი
ასევე ხელუხლებლად ინახავენ საქართველოდან საჩუქრად წაღებულ არაერთ ნივთს.
ალექსანდრე ბესტავაშვილის ბოლო სიტყვები მახსენდება:

" ხანადახან ღამე მეღვიძება და ფიქრებს შორს მივყავარ. გულში სულ ქართულად ვლაპარაკობ, სულ ვეკითხები ჩემს თავს, ეს რატომ გავაკეთე-მეთქი. ერთხელ მწარე სინანულმა შემიპყრო - როგორ დავტოვე დედა მარტო-მეთქი? ეხლაც მახსოვს დედაჩემის ცრემლიანი თვალები. საქართველოდან, რომ არ წამოვსულიყავი, სად ვიქნებოდი და როგორი კაცი ვიქნებოდი ახლა? მაგრამ, როცა ცხოვრებას თვალს გადავავლებ, მეამაყება, რომ პატიოსნად ვიცხოვრე."

ალექსანდრე ბესტავაშვილი ერთადერთი უხუცესი ემიგრანტი გახლდათ. ის აქტიურად იყო ჩართული დიდ ბრიტანეთში ქართული დიასპორის საქმიანობაში, ჰყავდა უამრავი ბრიტანელი მეგობარი და თუკი ქართველი შეხვდებოდა სადმე, მოუწოდებდა სათუთად მოკიდებოდნენ საკუთარ ისტორიას, არ დაეკარგათ კავშირი ერთმანეთთან.

რა ცოტა დრო გვაქვს ერთმანეთისთვის ადამიანებს, სიყვარულისთვის, მონატრებისთვის.
მადლობა, ბატონო ალექსანდრე. თქვენი გახსენებით და უკვე ისტორიად ქცეული ფოტოების თვალიერებით უდიდესი სითბო ჩამეღვარა გულში.


ნინო ცხვარაშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)



მკითხველის კომენტარი (6)
Emigranti
05 მარტი 2021 13:45
Sashiko papa mixaria rom 2015 tsels piradad gagicanit tqvenc da tkveni meuglec, qartluli kilo ki bolomde shenarchunebuli hkonda
ნანა
05 მარტი 2019 04:58
ოსური გვარი რუსულ მანერაზე. ნათელში ამყოფოს მისი სული.
კოკო
04 მარტი 2019 11:06
არაჩვეულებრივი პიროვნება , ქველმოქმედი , ინგლისში ქართველი ემიგრანტების დიდი იმედი , ბატონი ალექსანდრე ბესტავაშვილი ( ბესტაევი ) გარდაცვალებამდე იყო ჩამოსული საქართველოში ნათესავებთან.....
დათო
04 მარტი 2019 08:59
რატომ იკეთებენ გვარებს (ან აკეთებინებენ) გვარებს ქართველებს უცხოეთში, მაშინ აქაც საქართველოშიც გადაუკეთონ.
თამარი
04 მარტი 2019 00:20
ასეთი ხალხი მეამაყება . უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
გიორგი
03 მარტი 2019 20:46
გულით არის დაწერილი!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები