რა ბედი ელის უძვირფასეს ანტიკურ ექსპონატებს - კვირის პალიტრა

რა ბედი ელის უძვირფასეს ანტიკურ ექსპონატებს

"ლაგამში ექსპერტმა იმხელა თანხა შემომთავაზა, ვერასოდეს რომ ვერ ვიშოვიდი, მაგრამ ვუთხარი, ამ ლაგამს ფასი არა აქვს-მეთქი!"

"ქართველ ქალზე რომ ამბობენ, ყველა ტვირთის ატანა შეუძლიაო, ჩვენმა ეპოქამაც დაამტკიცა, მაგრამ მე მაინც დავამატებდი: ჩვენი ქალები ტვირთს მხოლოდ ოჯახისთვის კი არა, სამშობლოსთვისაც ეზიდებიან. უცხოეთში წასულებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, აქ დარჩენილი ბევრი ქართველი ქალი გმირი მგონია. მინდა ერთ მათგანზე მოგწეროთ, საოცარ ლანჩხუთელ ქალზე, რომელიც ყოველდღე კილომეტრებს გადის სოფლიდან ლანჩხუთამდე, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საქართველოს ისტორიას მოუაროს, ისტორიას, რომელსაც 20 წლის მანძილზე თავადვე აგროვებდა სოფელ-სოფელ და გზა-გზა სიარულით. ახლა კი იმისთვის იბრძვის, რომ სამთავრობო მოხელეებს გული მოულბოს და შეუმინავი ექსპონატები შეამინინოს.

ქალბატონ ნონას მსგავს ქალებზე გურიაში ამბობენ, ჯიბიდან ისვრისო! მაგრამ ასეთმა ქალმაც ვერავის ვერაფერი გააგებინა. არადა, უძვირფასესი ანტიკური ექსპონატები ნადგურდება. ნონა იმნაძეს არც ექსპონატების შეგროვებისათვის უთხოვია რაიმე და არც საკუთარი თავისთვის. გმირობა ფულით არ იზომება, თუმცა, ფული ბევრს ნიშნავს, იდეალისტებისა და გმირების გარეშე სიცოცხლე კი არ ეღირებოდა!

ნინო არობელიძე, ლანჩხუთის მცხოვრები

წერილის წაკითხვის შემდეგ ჩვენ ნონა იმნაძეს დავუკავშირდით:

- მუზეუმში ანტიკური ნივთები ნუთუ მართლა შეუმინავი გაქვთ?

- სამწუხაროდ, ასეა. აქაურობა ბევრჯერ დედაქალაქის ოფიციოზსაც აღტაცებით დაუთვალიერებია და ყველაფერს შეგვპირებია, მაგრამ წავლენ თუ არა, დაპირება ავიწყდებათ.

- ექსპონატები 20 წელიწადი გიგროვებიათ... - ჩემი ქვეყნის ისტორიას კარგად ვიცნობ. ლანჩხუთის ქედზე შუამდინარეთის, აქამენიდებისა და ელინების უძველესი ისტორიაა დამარხული. მიმდებარე სოფლებს მიწა რომ რეცხავდა, აქაურები შეუფასებელ ნივთებს პოულობდნენ. რაღა შორს წავიდე, ჩემს ბავშვობაში ვენახის მიწის გადაბრუნებისას მამაჩემმაც იპოვა უძველესი სატევარი. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ხალხი უსასყიდლოდ სწირავდა ყველაფერს მუზეუმს. მას შემდეგ დრომ და აგრესიამ ბევრის გული ჩააქრო, თუმცა, ყველას ვერ მოერია. მაგალითად, რომაელი მეომრის მუზარადი მაჩხვარეთელმა ციალა კიწმარიშვილმა შემოგვწირა. მითხრა, წვიმამ მიწა ჩამოშალა და გამოჩნდა, ვხვდები, რომ ძვირფასი ნივთია და უნდა მოვუაროთო. ჩიბათში ამავე პერიოდის ბრინჯაოს კენტავრისთავებიანი ცხენის ლაგამიც ჩამორეცხილ მიწაში იპოვეს. ლაგამში ერთ-ერთმა ექსპერტმა იმხელა თანხა შემომთავაზა, ვერასოდეს რომ ვერ ვიშოვიდი, მაგრამ ვუთხარი, ამ ლაგამს ფასი არა აქვს-მეთქი!

- ქრისტემდე V საუკუნის ორი ძლევამოსილი იმპერიის, რომაელებისა და სპარსელების ნივთები ერთსა და იმავე ადგილას არის გამოფენილი! ეს ცოცხალი სიმბოლოა იმისა, რა ხალხს გადაუვლია ჩვენს "გულზე". - დიახ, ისინი მიდიან და მოდიან, ჩვენ კი ვრჩებით და ჩვენი არსებობით ვამდიდრებთ კაცობრიობას...

მუზეუმში სილამაზის მსახურებისთვის განკუთვნილ უძველეს ნივთებსაც ვინახავთ. ამერიკაში ლანჩხუთიდან ყველაზე მეტი ცხენოსანი იყო წასული. სამშობლოში დაბრუნებულებს თან ულამაზესი ნივთები მოჰქონდათ. მაგალითად, ჩემი დიდი ბაბუის, ილარიონ ებრალიძის ამერიკიდან ჩამოტანილი ნატიფი ნივთები ახლაც მაქვს ოჯახში. სოფელ აგარაკიდანაც ბევრი ცხენოსანი წავიდა ამერიკაში და ახლა უმეტესობა სოფლის სასაფლაოზე განისვენებს. სხვათა შორის, როცა ერთ-ერთი მათგანის გულზე მიცვალებულს კრძალავდნენ, საფლავში ჩატანებული 1870 წელს დამზადებული ამერიკული რევოლვერი ნახეს. აი, ასეთია სამშობლოსკენ ლტოლვა, რომელსაც ბევრი სამოთხეზეც ვერ ცვლის. ჩვენი სამშობლო კი მართლა სამოთხეა და ამიტომაც არ მეზოგება მისი ისტორიისთვის თავი.