"დედა აბაზანაში ბავშვებს აბანავებდა... ერთმა მათგანმა გონება დაკარგა" - რუსთავში CO-თი ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, მათ შორის 6 ბავშვია - კვირის პალიტრა

"დედა აბაზანაში ბავშვებს აბანავებდა... ერთმა მათგანმა გონება დაკარგა" - რუსთავში CO-თი ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, მათ შორის 6 ბავშვია

წუხელ ღამით, რუსთავის მე-11 მიკრორაიონში, ერთ-ერთ ბინაში CO-თი ინტიქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. ბუნებრივი აირის ნამწვით ერთდროულად ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, აქედან 6 ბავშვია, ერთი კი მათი ბებია. ბავშვები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"შემოყვანილია 6 მცირეწლოვანი, მათგან უფროსი 9 წლისაა, ყველაზე პატარა კი ერთი წლის. ორმა სახლში გონება დაკარგა, დანარჩენებს კი ღებინების შეგრძნება და თავის ტკილი აღენიშნებოდა. ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და სახლში გაეწერებიან", - განაცხადა ბავშვთა საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ლია ქორთიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედა აბაზანაში ბავშვებს აბანავებდა, რა დროსაც, ერთმა მათგანმა გონება დაკარგა. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელია.

"ინტერპრესნიუსი"