"დიდი იდიოTVზაცია" - კვირის პალიტრა

"დიდი იდიოTVზაცია"

არის ერთი დადებითი რამ იმაში, რომ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ, კერძოდ, მე თამამად შემიძლია გავაკრიტიკო კოლეგები, დავწერო, რომ მაია ასათიანი არ უყვარს თავის სტილისტს (მგონი, არც  მისი საოცარი კაბების ავტორ ავთო ცქვიტინიძეს) ან ია ფარულავა უძღვება არა "დღის შოუს", არამედ გადაცემას "მამენტ, ამის მქნელიც ვარ".

არის რაღაცით მომხიბლავი ის, რომ კოლეგიალობის გრძნობა მე, რადიოში მომუშავე კაცს (რადიო "პალიტრა", შოუცენტრი) დამიჩლუნგდა  და ამიტომ ძალმიძს, ვთქვა: ვასკა ოდიშვილი ისეთივე ჯონ სტიუარტია, როგორიც ეროსი - რუპერტ მერდოკი. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" კი დაწყევლილია ვიღაც გველეშაპის მიერ და სანამ მის შვიდ თანამშრომელ გოგონას არ მივართმევთ ხსენებულ გველეშაპს, მანამდე ამ ბედკრულ არხზე არავინ გადართავს.

ეს ყოველივე შემიძლია ვწერო და ვწერო, მაგრამ მე მინდა ჩემი ტელეკრიტიკის ბლოკ(გ)ების პირველი სერია ინფორმაციული იყოს. მშურს იმ ტიპების, ვინც ახლა ეკრანზე ჩანან, რადგან თავად მაქვს პირდაპირი ეთერის "ლომკა"; მაგრამ ამ სუბიექტურობის მიღმა თქვენ ალბათ მოკომპეტენტურო ანალიზსაც იპოვით;

მე ხომ ბავშვობიდან ტელევიზორში ვზივარ და კარგად ვიცი, რა ხდება შიგნით!

მაშ ასე, დავიწყოთ! მინდა მოგიყვეთ ერთი ბიზნესზღაპარი. ბიზნესში ამჯერად ტელებიზნესს ვგულისხმობ.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა - საქართველო. მის უგვირგვინო მეფეს ძალიან უყვარდა ტელევიზორის ყურება. მიზეზიც ჰქონდა საამისო. ჯერ ერთი, ტელევიზორმა აიყვანა ის ტახტზე, და მეორეც: ერთხელ,  როგორც კი ამ ჯადოსნურ ყუთზე თვალყური მოადუნა, ლამის იყო, ტახტიდან ჩამოაგდეს. მოუწია მერე, ვიღაც მუტრუკებისთვის დაევალებინა, რომ ფეხმძიმე დიანა ტრაპაიძე ხელკეტებით გამოეგდოთ ერთი მდიდარი კაცის ტელევიზიიდან.

ჰოდა,  გადაწყვიტა მეფემ, ყველა არხი ეყიდა. ასეც მოიქცა. მისი ჯიბის გარეთ მხოლოდ ნეტარი აქუ და მეფეზე გაბრაზებული ეროსა დარჩნენ. მოკლედ, მიშას ჯიბე ტელევიზიებით გაივსო. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. "საქართველოზე" ძლევამოსილი ქართული არმია აგრუხუნებდა ტანკებს, "რეალტივიზე" დონაძე ქექავდა ბინძურ საცვლებს, "საზ.მაუ".

ჩვეულ ლეთარგიულ ძილში იმყოფებოდა, ხოლო "რუსთავი 2" და მდიდარი კაცისთვის წართმეული "იმედი" ეთერში ბოლს უშვებდა. მაგრამ მერე დაიწყო კრიზისი. მიშას ფული შემოაკლდა და დაიწყო სამთავრობო ტელევიზიების ოპტიმიზაცია. "მზის"ჟურნალისტები "იმედში" წაიყვანეს, შოუები შეამცირ-შემოამცირეს, თუმცა ძაანაც არ გამოუდვიათ თავი - წინ თვითმმართველობის არჩევნები იყო და ტელევიზიების შეკვეცა არ გამოდიოდა. მერე არჩევნები დასრულდა და დადგა რადიკალური რეფორმის ხანა, რაც  ყოველთვის დაფინანსების შემცირებას გულისხმობს. არჩევნებამდე შორი იყო და ამიტომ მიშას აღარ სურდა ამდენი არხის შენახვა, ამიტომ ასეთი ხრიკი მოიგონეს:

აქამდე "რუსთავი 2" და "იმედი" კონკურენციის ილუზიას ქმნიდნენ. მართალია, ორივეს ჩვენი უგვირგვინო მეფე განაგებდა, მაგრამ ეს ტელევიზიები მაინც ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის  რეიტინგით ეჯობნათ; მაგ., როცა "იმედზე" გადიოდა "სიმართლის დრო", "რუსთავი 2"-ზე დუტა ხსნიდა ჩემოდნებს. ნანუკა რომ თბილისის ზეპურ საზოგადოებას მასპინძლობდა, "რუსთავი 2"-ის დირექტორის ძმაკაცი  "წამყვანი"არკვევდა, "ვის უნდა 20.000[". ესე იგი, "იმედი" და "რუსთავი 2" ერთმანეთს რეიტინგს, ანუ ფულსაც ართმევდნენ;

ცდილობდნენ, უკეთესი გადაცემა გაეკეთებინათ. შესაბამისად,  ტელეეთერს სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობოდა. მაგრამ არჩევნების შემდეგ საჭიროება ასეთი კონკურენციისა გაქრა, ამიტომაც დასხდნენ მიშა, "იმედი" და "რუსთავი 2" და მოილაპარაკეს. გაინაწილეს დღეები და ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ კონტრპროგრამირებას არასოდეს მიჰყოფდნენ ხელს.

ამიტომ დაიხურა უამრავი გადაცემა, ამიტომაც ასე ცოტაა ახალი პროექტი. შედეგად საქართველოში მცხოვრები მაყურებელი გაწირეს ერთფეროვანი უმუღამო ტელერაღაცებისათვის, რადგან პროდიუსერებს აღარ ჰქონდათ იმის იშტა, კონკურენტებზე მეტი რეიტინგი დაეწერათ. აი, ასე გადაანაწილეს ტელეეთერი მიშამ და მისმა ხელქვეითებმა. ჯერ რა ხარისხის შოუები იყო იმ ქვეყანაში და ახლა სულ უარესად წავიდა საქმე, რადგან, როგორც ბიზნესზღაპრებშია ხოლმე, მონოპოლიას არასოდეს მოუტანია სიკეთე.