არც ერთი იყო არაბი და არც მეორე ვენეციელი... - კვირის პალიტრა

არც ერთი იყო არაბი და არც მეორე ვენეციელი...

მახსოვს პირველი რეაქცია, როცა მისი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი "მამელუკი" წავიკითხე. წიგნი დავხურე თუ არა, პირველად ის ვიკითხე, ეს ხომ ძალიან, ძალიან ადრე ხდებოდა-მეთქი.

თითქოს დროსა და მის მიერ გაჩენილ სიშორეში ვეძებდი სიმშვიდეს, რომ ქართველებს აღარავინ გაჰყიდდა, რომ ისინი აღარასოდეს შეებრძოლებოდნენ ერთმანეთს და არც სხვის ომში დატოვებდნენ სიცოცხლეს.

მაშინ იმდენად პატარა ვიყავი, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად თანამდევი იყო საქართველოსათვის "მამელუკის" ბოლო სიტყვები: "ღმერთმა ხომ იცოდა, არც ერთი იყო არაბი და არც მეორე ვენეციელი, ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ"... ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ მომავალ ცხოვრებაში, სადაც ისევ მრავლად ვნახავდი სხვათა ომებში მებრძოლ ქართველებს,  ამ სიტყვებს ძალიან ხშირად მოვისმენდი, როგორც ციტატას... და, რაც მთავარია, ამ ძველ ამბავზე დაწერილ ახლა უკვე თავადაც ძველ მოთხრობაში ბევრს აღმოვაჩენდი თანამედროვის თვალით საგულისხმოს.

თავად მწერალი იყო ძალიან საინტერესო კაცი. მარტო ის რად ღირს, რომ ფსევდონიმით ამბობდა ამდენს - საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადასაწყვეტად უიარაღოდ დარჩენილს კალამი ჰქონდა ხელთ და იმითღა იბრძოდა. თუმცა მარტო კალამიც არ ყოფილა...

ისიც ხომ ბრძოლა იყო, რომ სასულიერო განათლებამიღებულმა მღვდელმა, რომელსაც წინ წარმატებული ცხოვრება ელოდა, ყველაფერი დათმო და მთავარ პრინციპს არ უღალატა. ეს მთავარი სწორედ ის გახლდათ, რაც ბიბლიაში ეწერა, მაგრამ გამძვინვარებული იმპერიის მსახური ეგზარქოსები არაფრად დაგიდევდნენ. კაცთმოყვარეობისა და თავისუფლების წადილის გამო სასულიერო სფეროში მოღვაწეობის საშუალება მოუსპეს. ქართველთმოძულე ეგზარქოსი საქართველოსთვის რა სიკეთეს გაიმეტებდა...

1906 წელს სემინარიის ძველ შენობაში ეგზარქოსის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საქართველოს სამღვდელოების დელეგატები და დამოუკიდებლობის აღდგენა და ეგზარქატის გაუქმება მოითხოვეს. პარალელურად მეორე საკითხიც განიხილეს - სიკვდილით დასჯის გაუქმება. სწორედ იმ დროს "მინგრელსკის" პოლკის 27 ჯარისკაცს რევოლუციონერთა მხარეზე გადასვლისათვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ვთხოვოთ გრაფ ვორონცოვ-დაშკოვს, ეს გადაწყვეტილება შეცვალოს და სიცოცხლე შეუნარჩუნოს ქართველებსო. პეტიციას მხოლოდ 19-მა სასულიერო პირმა მოაწერა ხელი. კონდრატემ თავად წაიღო ეს ქაღალდი ვორონცოვ-დაშკოვის კანცელარიაში. მეფისნაცვლის კანცელარიამ ეს ამბავი ეგზარქოსს აცნობა. მან, ცხადია, სასულიერო პირების შეკრება უკანონოდ გამოაცხადა - მე თავყრილობის ნება არ მიმიციაო, კრების მონაწილეებისათვის კი სასჯელის დადება მოითხოვა.

გამოიძახა ის 19 კაცი, ვინც პეტიციას მოაწერა ხელი. უბრძანა, ან მოენანიებინათ, მუხლმოდრეკით ეთხოვათ პატიება და მოთხოვნები ოფიციალურად უარეყოთ, ან ეკლესიიდან განიდევნებოდნენ. როგორც ამბობენ, იმ ცხრამეტიდან მხოლოდ ერთმა არ ითხოვა პატიება და განიდევნა კიდეც. ის - კონდრატე თათარიშვილი გახლდათ.

ეს კაცი, რომელიც უცხოტომელთა ზეწოლას მუდმივად განიცდიდა, მონაწილე იყო ამბებისა, რომელიც დიდ კვალს ტოვებდა მის ცნობიერებაზე. გული ტკივილით ევსებოდა, ვერ ინელებდა, სასტიკად რომ ექცეოდნენ მის ხალხს როგორც მომხდურნი, ისე ზოგჯერ თავისივე მოძმეები...

უბის წიგნაკში სულ ბოლო გვერდზე მიწერილი ჰქონდა: "იესე თათარიშვილი ჭაბუკობისას თურქების "ყურსალებს" გაუტაცნიათ და სტამბოლის ბაზარზე გაუყვანიათ გასაყიდად". ვინ იცის, როგორ დაეთუთქა გული, როცა ეს ამბავი გაიგო ჯერ კიდევ ყმაწვილმა. ალბათ ამანაც უბიძგა "მამელუკის" დასაწერად...

P.S. კონდრატე თათარიშვილი ეკატერინე ჭავჭავაძის ნათლული გახლდათ. სწორედ ნათლობის დღეს მომხდარა: ეკატერინეს გულზე გერმანელი მეწარმის (ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი ინვესტორის) ნაჩუქარი ოქროს კულონი ეკიდა. პატარა ნათლულმა, ეტყობა, ბევრი ხალხისაგან შეშინებულმა, ოქროს ჯაჭვი მოჰქაჩა და გაწყვიტა. დატუქსეს. მხოლოდ დედოფალი იღიმებოდა: - ხომ ვთქვი, ალაზნისპირელი ვაჟკაცია-მეთქი, იუცხოვა გადამთიელის საჩუქარიო...

მხოლოდ საქართველო, მხოლოდ საქართველოსთვის - ეს იყო უიარაღოს კრედო...