მინის ფერადი სამყარო მუსიკის თანხლებით... - კვირის პალიტრა

მინის ფერადი სამყარო მუსიკის თანხლებით...

"პირველი დიდი ზომის საავტორო ნამუშევარი ფარშავანგის გამოსახულება იყო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მფლობელი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე გახდა"

თანამედროვე ინტერიერსა და ექსტერიერში ძალიან აქტუალურია მინა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რთულია მხატვრული მინის შექმნა, რადგან ქართულ ბაზარზე ფერადი მინა, ფხვნილი, საღებავი და ა.შ. არ მოიპოვება, ჩვენი მხატვრები მაინც ახერხებენ შედევრების შექმნას.

მარიამ მარქაროვი მხატვრული მინის დიზაინერია, რომელიც წლებია, აქტიურად მონაწილეობს გამოფენა-გაყიდვებში. სამკაულებისა და აქსესუარების გარდა, მინის დეკორატიულ ნივთებზე, ვიტრაჟებსა და ქანდაკებებზე მუშაობს.

- მესამე კურსზე ვიყავი, პირველი ვიტრაჟი რომ გავაკეთე. პირველი დიდი ზომის საავტორო ნამუშევარი ფარშავანგის გამოსახულება იყო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ჩემთვის კი უფრო მნიშვნელოვანი ის აღმოჩნდა, რომ მისი მფლობელი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე გახდა. ჩემი ნამუშევრების უმეტესობა, როგორც სხვა მინის მხატვრებისა, არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტექნიკით ე.წ. ფიუზინგით შექმნილი, რაც ნიშნავს, რომ კეთდება კომპოზიცია, რომელიც შედგება მინის ორი-სამი ფენისგან, იწვება ღუმელში და შემდგომ ხელით მუშავდება. მეორე მიმართულება არის ვიტრაჟული ტექნიკა. კლასიკური ვიტრაჟები დღეს ინტერიერში ძალიან პოპულარულია და, ძირითადად, კათოლიკურ ეკლესიებში გვხვდება.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - მინის ამობერვა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთან ეს მიმართულება ხელმისაწვდომი არ არის, რადგან მრავალფეროვან დანადგარებსა და დიდ ფინანსურ ხარჯს მოითხოვს. დარგი მიმზიდველია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოში სასწავლო კურსიც კი არ არსებობს. საბედნიეროდ, ორჯერ მომეცა შესაძლებლობა, ვწვეოდი მსოფლიოში აღიარებულ მინის აკადემიას ქორნინგის მუზეუმში, ნიუ-იორკში და იქ გამევლო პრაქტიკული სწავლება.

- როგორ აძლევთ მინას ფორმასა და მოცულობას? - მაგალითად, მინის სახლები, რომლებიც 8-9 დეტალისგან შედგება, ე.წ. ფიუზინგის მეთოდით შევქმენი. თითოეული დეტალი ეწყობა ცალ-ცალკე. მინები ზომებად იჭრება და ცივად ვაწყობთ კომპოზიციას. ამის შემდეგ ვდებთ ღუმელში. გამოწვა მიმდინარეობს 750-850 გრადუსზე... შემდეგ ყველა დეტალს ერთმანეთს ვუკავშირებთ და ვიღებთ მოცულობას.

- მინის გარდა კიდევ რა მასალას იყენებთ? - სამკაულების დამხმარედ ხშირად ვერცხლს ვიყენებ. ოქრომჭედლობის კურსებიც გავიარე და მინანქარზეც მიმუშავია. მაგალითად, ერთ ნამუშევარში, რომელიც პანოა, მინის გარდა გამოყენებული მაქვს სმალტა (ესეც გადამუშავებული მინაა), ფაიფური, ბუნებრივი ქვა და ხე.

- სხვადასხვა ფერის მინას როგორ იღებთ? - საქართველოში მხოლოდ გამჭვირვალე, მწვანე, ყავისფერი ან შავი მინები იყიდება. ამერიკაში სასწავლებლად რომ ვიყავი, მასალა იქიდან ჩამოვიტანე და ჯერჯერობით მყოფნის. არსებობს სპეციალური ვიტრაჟული საღებავებიც, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად კარგავს ფერს. მე მინებს არ ვღებავ, რაც ნიშნავს, რომ საუკუნის მერე არც ფერს შეიცვლის და არც ბზინვარებას დაკარგავს.

- რა არის თქვენი შთაგონების წყარო? - ძალიან მიყვარს ბუნება და ბევრ იდეას სწორედ იქიდან ვიღებ, მაგრამ ხანდახან შეიძლება რაღაცას უცებ შევხედო და ახალი იდეა გამიჩნდეს. მაშინვე ვინიშნავ, მერე ესკიზებს ვაკეთებ ზუსტი ზომებით და ფერებს ვიწერ, რომ მერე რამე არ დამავიწყდეს.

- მუშაობაში რა გეხმარებათ? - ესკიზების შექმნის დროს სიჩუმე მჭირდება, რომ მოვიფიქრო, როგორ შევასრულო ნამუშევარი. მინა სპეციფიკური მასალაა და ყველაფერი არ გამოდის, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ და უნდა მოვიფიქრო, სად გამოვჭრა ან როგორ ავაწყო, მუსიკა მეხმარება, სამუშაო განწყობას სწორედ მუსიკა მიქმნის.

ნათია სიბაშვილი