"ყველა ჩემს თოჯინას თავისი ისტორია აქვს..." - კვირის პალიტრა

"ყველა ჩემს თოჯინას თავისი ისტორია აქვს..."

ინგლისში მცხოვრები ქართველი კონდიტერი დღევანდელ რეალობას "მინიატიურულ ქვეყანაში" ასახავს

ვიდრე ინგლისში წამყვანი კონდიტერი გახდებოდა, მარი ჭიჭიაშვილმა ურთულესი გზა განვლო. დღეს ის თიხით შექმნილი მინიატიურული სამყაროთი უამრავ ადამიანს აცვიფრებს...

- მამა პროფესიით ლითონის მხატვრული ჩამომსხმელია. აზერბაიჯანში მიიწვიეს და 10 წელი ბაქოში ვცხოვრობდით. იქ ქანდაკებების საამქრო ჰქონდა. საქართველოში ძეგლების უმრავლესობა მამას ჩამოსხმულია, მათ შორის - თბილისში ბერიკაობის სცენაც...

ბავშვობიდან მინდოდა აკადემიაში ჩამებარებინა, მაგრამ... უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე, თუმცა დღემდე ხელოვნება მიზიდავს. ეს ის სფეროა, რომელიც მამშვიდებს და ძალიან მიყვარს...

- რატომ წახვედით საქართველოდან? - საქართველოდან პირველად 1999 წელს წავედი და ერთი წელი გერმანიაში ვცხოვრობდი. მერე დავბრუნდი და რამდენიმე თვეში ესპანეთში ჩავედი - მსურდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი... სულ რაღაცას ვეძებ, ვცდილობ, ჩემი საქმით ჩემი ცხოვრება გავამრავალფეროვნო... სახლში ყველაფერი მაქვს - საძერწი, სახატავი, საქსოვი, საქარგავი, მძივები, თექა... არ ვიცი, რა დროს რის კეთების ხასიათზე ვიქნები!

ესპანეთში გავიცანი ჩემი მეუღლე. გამიმართლა, რომ ჩემი მძიმე ხასიათის ატანა შეუძლია. ყოველთვის ხელს მიწყობს და ხშირად ვეუბნები, რომ ამისთვის ჯილდო ეკუთვნის. ბავშვი რომ წამოიზარდა, მუშაობა დავიწყე რესტორანში, სადაც ჩემი მეუღლე იყო დირექტორი - ესპანურ კერძებს ვამზადებდი. ისე დავხელოვნდი, კონკურსში პირველი ადგილიც კი ავიღე. ამან თავდაჯერებულობა შემმატა...

- რატომ წახვედით ინგლისში? - როცა ესპანეთში ყველაფერი აირია, გადავწყვიტეთ, ინგლისში წავსულიყავით. გავგზავნე ჩემი რეზიუმე, დამიკავშირდნენ და ჩავედი... დღეში 11-12 საათი ვმუშაობდი. ისეთი მძიმე პირობები იყო, მხოლოდ სამი კვირა გავჩერდი. შემდეგ ჩAამოვედი მანჩესტერში, სადაც ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში კონდიტერად ამიყვანეს. მსოფლიო ვარსკვლავები, მათ შორის - ბრედ პიტიც, ხშირად სტუმრობდნენ იმ ადგილს, თუმცა არც იქ იყო იოლი სამუშაო გრაფიკი. 12 საათის განმავლობაში მხოლოდ ერთი საათი გვქონდა შესვენება. რვა თვე ასეთ პირობებში ვიმუშავე... მერე ახალი რესტორანი გაიხსნა, სადაც მთავარი კონდიტერი სჭირდებოდათ და იქ დავიწყე მუშაობა. რესტორანმა მალევე მოიხვეჭა სახელი და სამ თვეში ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად აღიარეს. სხვადასხვა ტიტული მივიღეთ, მათ შორის - მიჩელინიც. კერძებს ახალი და მაღალი ხარისხის პროდუქტებით ვაკეთებდით. გაყინული მხოლოდ ნაყინი გვქონდა. ბევრი ცნობილი ტელეწამყვანი, პარლამენტარი, ჟურნალისტი, მსახიობი თუ ფეხბურთელი გვსტუმრობდა. ხშირად 16 საათი ვმუშაობდი და კისრის მალა დამიზიანდა. ძლიერი ტკივილი მაწუხებდა, მოძრაობაც მიჭირდა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამსახურისთვის თავის დანებება მომიხდა. რვა თვის მკურნალობის შემდეგ ისევ გავედი სამსახურში - ამჯერად სასტუმროს რესტორანში დავიწყე მუშაობა. იქაც იმდენი საქმე იყო, ვერც ვისვენებდით... როგორც იქნა, დადგა შვებულების დრო. ერთი სული მქონდა, საქართველოში როდის ჩამოვიდოდი და ჩემებთან დავისვენებდი... სამწუხაროდ, დედა ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთ კვირაში გარდაიცვალა. ისე განვიცადე, ჩავიკეტე, აღარაფერი მაინტერესებდა. მანამდე ბებია გარდამეცვალა. ეს ამბავი არ მქონდა გადატანილი და დედაც გამომეცალა... თითქოს შუა გზაზე სიბნელეში დავიკარგე. დედას გარდაცვალებიდან ექვსი თვე გავიდა, მაგრამ ახლაც ძალიან მიჭირს...

- მინიატიურების კეთება დეპრესიისგან თავის დასაღწევად დაიწყეთ? - დიახ, სწორედ მაშინ დავიწყე მინიატიურების კეთება. ჯერ შაქრისგან ვაკეთებდი, მერე გადავწყვიტე, თიხისგან მეცადა. დავიწყე თოჯინების კეთებაც, მაგრამ არ მინდოდა, ლამაზი და სტანდარტული თოჯინები შემექმნა. მსურდა, ხალხის ტკივილი და დღევანდელი სოციალური მდგომარეობა თოჯინებით გადმომეცა. ყველა ჩემს თოჯინას თავისი ისტორია აქვს.

დილით შევდივარ სამუშაო ოთახში და საღამომდე იქ ვარ. რასაც ვაკეთებ, მიყვარს და მაბედნიერებს. თითოეულ ნაწილს ვეფერები... ოთახში განმარტოებული სულ დედაზე ვფიქრობ. მგონია, ჩემთან არის და მეხმარება...

მინდა, გამოფენაც გავმართო. მინიატიურებს რომ დავასრულებ, თავისუფალ თემაზე ვიმუშავებ. ჩემი პირველი გამოფენა აუცილებლად საქართველოში იქნება!